ფაშინიანის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრად ბავშვობის მეგობრის დანიშვნას უარყოფითი რეაქცია მოყვა
სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი მთავრობასთან პოლიციის რეფორმებზე მუშაობას წყვეტს მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბავშვობის მეგობარი, ვაჰე ღაზარიანი დაინიშნა.
სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, სამმა წამყვანმა სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ისინი ტოვებენ პოლიციის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს და აფასებენ მას, როგორც "უაზრობას დღევანდელ ვითარებაში".
"იმის ნაცვლად, რომ გაუმკლავდნენ [...] იმ გამოწვევებს, რომლებიც ძირს უთხრის რეფორმების პროცესს, პოლიტიკური ხელისუფლება ამგვარი დანიშვნებით, ფაქტობრივად, არა მხოლოდ ამხნევებს მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევს რეფორმის პროცესს, არამედ ანადგურებს ნდობას შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნის პროცესში", — ნათქვამია განცხადებაში.
ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მათ დაარეგისტრირეს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ღაზარიანმა და პოლიციის სხვა ლიდერებმა "აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს" იმ სისტემურ რეფორმებს, რომლებიც, მათი თქმით, საჭირო იყო. ეს მოიცავდა "პატრულის თანამშრომლების გათავისუფლების მცდელობას, რომლებმაც გააჩერეს მაღალი თანამდებობის პირების მანქანები" ან "ოფიცერთა წოდების მინიჭებას ნაცნობებისთვის და ნათესავებისთვის", ასევე, აშკარა კორუფციულ შემთხვევებს.
მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღდგენის იდეას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა, 2002 წელს დაითხოვა.
დეკემბრის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამინისტროს შემადგენლობაში შედის პოლიცია, სამაშველო და საიმიგრაციო სამსახურები. ასევე, პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელები მინისტრის მოადგილეები იქნებიან.
კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზარიანის, როგორც შესაძლო კანდიდატის, სახელი გავრცელდა.
რეფორმებში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა-ვანაძორის ხელმძღვანელმა, არტურ საქუნცმა ფეისბუქზე დაწერა, რომ თუ პოსტზე მოქმედი ან ყოფილი პოლიციელი დაინიშნებოდა, "რეფორმები და ცვლილებები მოსალოდნელი არ იქნებოდა".
"ნიკოლ ფაშინიანს კარგი პროექტის დაწყების და [შემდეგ] მისი ჩავარდნის ჩვევა აქვს", — წერს დანიელ იოანისიანი, ინფორმირებული მოქალაქეთა კავშირის პროექტის კოორდინატორი, ერთ-ერთი ჯგუფის წევრი, ღაზარიანის დანიშვნის შემდეგ.
ჯგუფებმა მონაწილეობა მიიღეს ცვლილებებში, მათ შორის საპატრულო პოლიციის ახალი სამსახურის ამოქმედებაში დედაქალაქ ერევანში და რამდენიმე პროვინციაში. იგეგმებოდა ამ სამსახურის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება.
ღაზარიანი დიდი ხანია საკამათო ფიგურაა.
სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წამყვანი ჯგუფი ითხოვდა მის გადადგომას პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც პოლიციამ ფაშინიანის ვიზიტის გამო ერევნის სამხედრო სასაფლაოდან დამოუკიდებლობის დღეს ჯარისკაცების ნათესავები ძალით გააძევა.
მმართველი "სამოქალაქო კონტრაქტის" წევრები ადრე ამტკიცებდნენ, რომ ახალი სამინისტრო დამოუკიდებელი, "აპოლიტიკური" ორგანო იქნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაჰე ღაზარიანი პრემიერ-მინისტრის ბავშვობის მეგობარია. იგი ფაშინიანის მშობლიურ ქალაქ იჯევანიდანაა. იყო საკურორტო ქალაქ დილიჯანის პოლიციის უფროსი 2018 წელს, როდესაც ფაშინიანმა სომხეთში ხელისუფლება აიღო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაწინაურდა და 2020 წელს პოლიციის ეროვნული უფროსი გახდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები