მეცნიერებმა შუა საუკუნეებში მოკლული იტალიელი კაცის სახე აღადგინეს — როგორ მოკლეს ის
ახალმა კვლევამ დაახლოებით 700 წლის წინ იტალიაში დაღუპული ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ყველა დეტალი გაარკვია და მეტიც, მისი სახეც კი აღადგინა. როგორც ჩანს, მამაკაცს თავს ერთი კაცი დაესხა და ცივსისხლიანად მოკლა.
ინსუბრიის უნივერსიტეტის ოსტეოარქეოლოგიისა და პალეოპათოლოგიის ცენტრის ანთროპოლოგი კიარა ტეზის აზრით, დაზიანებების ბრუტალურობით თუ ვიმსჯელებთ, თავდამსხმელის მიზანს ძარცვა არ წარმოადგენდა და მას მსხვერპლის მოკვლა სურდა. ტეზიმ და მისმა კოლეგებმა მამაკაცის თავის ქალის დაზიანებები კომპიუტერული ტომოგრაფიითა და სამგანზომილებიანი სკანერით გააანალიზეს.
დიდი ალბათობით, კაცს თავს მოულოდნელად დაესხნენ და თავის სრულყოფილად დაცვა ვერ შეძლო. პირველი დარტმა თავდამსხმელმა მსხვერპლს წინა მხრიდან მიაყენა, შემდეგ კი გაქცეულს გამოედევნა და უფრო ღრმა დარტყმები, შესაბამისად, უკანა მხრიდანაა მიღებული.
მკვლელობის დეტალები
არქეოლოგებმა თავის ქალა იტალიის ჩრდილოეთით, ვარეზეს პროვინციის პატარა ქალაქ ჩიტილიოს სან ბიაჯოს ტაძარში 2006 წელს აღმოაჩინეს.
ტაძრის უძველესი ნაწილები მე-8 საუკუნით თარიღდება, თუმცა მოკლული მამაკაცის ნაშთებს მე-11 საუკუნეში აგებულ ატრიუმში მიაგნეს. რადიოკარბონული დათარიღების მეთოდით მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ მსხვერპლი დაახლოებით 1260 წელს დამარხეს.
ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ კაცი მკვლელობის მომენტში 19-დან 24 წლამდე უნდა ყოფილიყო. თავის ქალის კვლევა 2008 წელსაც ჩატარდა, თუმცა ტეზის თქმით, ის ყველა დეტალს ვერ გვაწვდის. ეს ბუნებრივია, რადგან ტექნოლოგიები მას შემდეგ საგრძნობლად განვითარდა.
სავარაუდოდ, მამაკაცმა თავდამსხმელის პირველი მოქნევის დაბლოკვა სცადა და მსუბუქად დაზიანდა. როგორც ჩანს, ამის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა ვერ გაასწრო და შემდეგი დარტყმები ყურისა და კეფის არეში მიიღო. წაქცეულ მსხვერპლს მკვლელმა საკონტროლო დარტმა მიაყენა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. მიზეზზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ფაქტია, რომ თავდამსხმელის ერთადერთ მიზანს კაცის მოკვლა წარმოადგენდა.
შუა საუკუნეების კვლევა და სახის რეკონსტრუქციის მნიშვნელობა
კვლევა აჩვენებს, რომ ყველა დაზიანება ერთი იარაღით, ფოლადის ხმლითაა მიყენებული. დაზიანებების განლაგების მიხედვით კი აშკარაა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
მსხვერპლის ვინაობის დასადგენად ტეზიმ არქივები და ისტორიული ჩანაწერები იკვლია, თუმცა ვერაფერს მიაგნო.
დასაფლავების ადგილით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა მსხვერპლი სან ბიაჯოს ტაძრის ამგები დე სიტილიოების გავლენიანი ოჯახის წევრი იყო.
კაცის შუბლზე არსებული შეხორცებული დაზიანება მიუთითებს, რომ ის საბრძოლო საქმეში გამოცდილი უნდა ყოფილიყო.
რბილი ქსოვილების აღგენა და სახის რეკონსტრუქცია მხოლოდ ინტერესის დაკმაყოფილებას არ ემსახურება. ამ მეთოდით მკვლევრებმა გაარკვიეს, თუ რომელი ჭრილობები უნდა ყოფილიყო უფრო მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში.
ლივერპულის უნივერსიტეტის Face Lab-ის დირექტორის, კეროლაინ ვილკინსონის აზრით, სახის რეკონსტრუქცია ექსპონატს უფრო საინტერესოს ხდის. ჩვენი მსგავსი ადამიანის ხილვა, რომელიც ცივსისხლიანად მოკლეს, ბევრად უფრო ემოციურია, ვიდრე დამტვრეული თავის ქალის დათვალიერება.
კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა
კომენტარები