უოლტერ კანინგემი 90 წლის ასაკში დაიღუპა — Apollo 7-ის ეკიპაჟიდან ცოცხალი აღარავინაა
3 იანვარს, ჰიუსტონის საავადმყოფოში, 90 წლის ასაკში NASA-ს ასტრონავტი და Apollo 7-ის 11-დღიანი მისიის მონაწილე უოლტერ კანინგემი მოკვდა. 1968 წლის მისიამ, რომლის ეკიპაჟიდან კანინგემი უკანასკნელი ცოცხალი წევრი იყო, ადამიანის მთვარის ზედაპირზე დადგომის შესაძლებლობას გზა გაუხსნა.
1932 წელს დაბადებული კანინგემი აშშ-ის საზღვაო ძალებს 1951 წელს შეუერთდა. უოლტერმა კორეის ომშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც სამხედრო პილოტის რანგში 54-ჯერ იფრინა. ომიდან პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნების შემდეგ, მან დრო ფიზიკის შესწავლას დაუთმო და უნივერსიტეტი წარჩინებითაც დაამთავრა.
ასტრონავტი
1963 წელს კანინგემი NASA-ს მესამე კლასის ასტრონავტად შეირჩა და მისია Apollo 2-ის ძირითად ეკიპაჟში გამწესდა, თუმცა მოგვიანებით ეს მისია გაუქმდა. გარდა ამისა, ის Apollo 1-ის სარეზერვო პილოტიც იყო.
პოლკოვნიკის დიდების მომენტი დადგა მაშინ, როცა ის 11-დღიანი მისია Apollo 7-ის პილოტად დანიშნეს. მისიაში კანინგემი 1968 წლის 11 ოქტომბერს უოლტერ შირასთან და დონ ეიზელთან ერთად გაემგზავრა. 263 საათში დაახლოებით 7 მილიონი კილომეტრის გავლისა და 8 სატესტო მანევრის წარმატებით განხორციელების შემდეგ ეკიპაჟი ატლანტის ოკეანის ზედაპირზე დაეშვა. ერთი წლის შემდეგ NASA-მ Apollo 11-ის წარმატებით შესრულება შეძლო, ადამიანმა მთვარეზე ფეხი პირველად დადგა.
Apollo 7-ის ეკიპაჟმა კოსმოსური აქტივობების პირველი პირდაპირი ეთერისთვის ემის ჯილდოც კი დაიმსახურა.
ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ
უოლტერ კანინგემმა NASA 1971 წელს დატოვა. მას შემდეგ ის არაერთ ტექნიკურ და ფინანსურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 1974 წელს მან ჰარვარდის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში ფიზიკის დოქტორის ხარისხიც მიიღო.
გარდა ამისა, ის Rand-ის მეცნიერიც იყო, სადაც საიდუმლო თავდაცვით კვლევებსა და დედამიწის მაგნიტოსფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობდა. ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში კანინგემმა 40 სხვადასხვა საფრენი აპარატით ჰაერში 4500 საათზე მეტი გაატარა.
"უოლტერ კანინგემი იყო სამხედრო პილოტი, ფიზიკოსი, ანტრეპრენერი – თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ის მკვლევარი იყო", — განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა.
კომენტარები