რომელია დედამიწის ყველაზე იშვიათი მინერალი?
სავარაუდოდ, ადამიანების დიდ ნაწილს კვარცი უნახავს და მის მშვენიერებას აღუფრთოვანებია, თუმცა ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ ის ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალია. და რომელია ყველაზე იშვიათი?
კიავთუიტი
მინერალები დედამიწის ყველა ნაწილშია გაბნეული — ქვიშაში არსებული ბრჭყვიალა ლაქებით დაწყებული, ნამდვილი ძვირფასი ქვებით დამთავრებული. აშშ-ის გეოლოგიური საზოგადოების ცნობით, მინერალები არაორგანული ელემენტებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნახშირბადს არ შეიცავს. მათ თითოეულ ტიპს შიდა სტრუქტურა და უნიკალური ქიმიური შემადგენლობა აქვს.
დედამიწაზე არსებული ყველაზე იშვიათი მინერალი კიავთუიტია. მისი ერთადერთი კრისტალი მოგოკის რეგიონში, მიანმარში აღმოაჩინეს. Caltech-ის მინერალების მონაცემთა ბაზა მას მცირე, ნარინჯისფერ ქვად აღწერს, რომელიც საერთაშორისო მინერალოგიურმა ასოციაციამ 2015 წელს ოფიციალურად აღიარა.
მიუხედავად ამისა, კიავთუიტის შესახებ ცოტა რამეა ცნობილი. ამიტომ, შეგვიძლია მეორე უიშვითეს მინერალზე გადავიდეთ, რომელიც პეინიტია. პაინიტს ექვსკუთხა კრისტალების ფორმით ვხვდებით. მართალია, პეინიტს შედარებით ხშირად ვხვდებით, თუმცა მისი ქიმიური სტრუქტურა მეცნიერთათვის თავსატეხს წარმოადგენს.
პეინიტი
1952 წელს ინგლისელმა კოლექციონერმა ართურ პეინმა მიანმარში ორი კრისტალი შეიძინა. თავდაპირველად მას ეგონა, რომ ლალი შეიძინა, რომლითაც რეგიონი განთქმულია, თუმცა ქვები ბევრად იშვიათი მინერალები აღმოჩნდა.
პეინიტს, რომელმაც ეს სახელი სწორედ კოლექციონერის პატივსაცემად მიიღო, ძირითადად ლალთან და სხვა ძვირფას ქვებთან ერთად ვხვდებით. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ იფიქრა პეინმა, რომ ლალი შეიძინა და ის შესასწავლად 2 წელიწადში ბრიტანულ მუზეუმს გადასცა. 1979 წელს პეინიტის კიდევ ერთი ნიმუში აღმოაჩინეს და 2001 წლამდე ახალი ქვა აღარ გამოჩენილა.
პეინიტი Caltech-ის მინერალოგიის პროფესორმა, ჯორჯ როსმანმა შეისწავლა. მისი კვლევა Mineralogical Magazine-ში გამოქვეყნდა.
როსმანმა დაადგინა ელემენტები, რომლითაც პეინიტია შედგენილი. ინფრაწითელი სპექტროსკოპიით შესაძლებელია ელემენტების იდენტიფიცირება იმის მიხედვით, თუ როგორ შეიწოვენ, ირეკლავენ და გამოსცემენ ამ სხივებს ისინი. რამანის სპექტროსკოპიის მეთოდით კი ამავე მიზნის მიღწევა ლაზერის მეშვეობით არის შესაძლებელი.
მკვლევარმა ბრიტანული მუზეუმის დაშვებული შეცდომებიც აღმოაჩინა. მართალია, ბრიტანელმა მკვლევრებმა ალუმინი, ბორი, კალციუმი და ჟანგბადი სწორად შეამჩნიეს, თუმცა ცირკონი მხედველობიდან გამორჩათ. გარდა ამ ელემენტებისა, როსმანმა ვანადიუმისა და ქრომის კვალიც შეამჩნია, რაც მინერალს სპეციფიკურ, ლალის მსგავს შეფერილობას აძლევს.
რატომ არის პეინიტი ასეთი იშვიათი? მისი ყველა ნიმუში მხოლოდ და მხოლოდ მიანმარშია აღმოჩენილი, თუმცა რეალური მიზეზი მისი ფორმაციის თავისებურეაა. პეინიტი ბორისშემცველი მინერალია. გარდა ამისა ის ცირკონსაც შეიცავს. ცნობილია, რომ ბორი ცირკონს ძალიან რთულად უკავშირდება და ამას დიდი დრო სჭირდება. რეალურად, პეინიტი ერთადერთი მინერალია, სადაც ამ ნივთიერებებს ბუნებრივად შერწყმულს ვხვდებით.
რატომ მაინცდამაინც მიანმარი?
როსმანს თეორია აქვს იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ გვხვდება პეინიტი, კიავთუიტი და სხვა არაერთი ძვირფასი იშვიათი მინერალი მაინცდამაინც მიანმარში. როცა უძველესმა სუპერკონტინენტმა გონდვანამ 180 მილიონი წლის წინ დაშლა დაიწყო, ინდოეთმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და ახლანდელ სამხრეთ აზიას შეეჯახა. ამ შეჯახებისას წარმოქმნილმა წნევამ და სიმხურვალემ ძვირფასი ქვების მთელი ეს რაოდენობა შექმნა. როსმანის აზრით, პეინიტში ბორი და სხვა მინერალები მიმდებარე ზღვებიდან მოხვდა.
ხშირად კოლექციონერები პეინიტს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, რადგან ის დაუმუშავებელი ქვა ეგონათ და მის ღირებულებაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ.
პეინიტის საშუალო ფასი თითო კარატზე 60000 დოლარია. როსმანის თქმით, ფასი შეიძლება მერყეობდეს, თუმცა რაც ნაკლები დაზიანება აქვს ქვას, ფასი უფრო და უფრო იზრდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიანმარში ძვირფასი ქვების მოპოვება ხშირად განხილვის საგანია. Human Rights Watch-ის მიხედვით, სამხედრო ხელისუფლება იქ ადამიანის უფლებებს ძალიან ხშირად არღვევს, რადგან ინდუსტრიით ძალიან დიდ შემოსავალს იღებს. მაღაროები ძველი, გაუმართავი და სახიფათოა, ბავშვების იძულებითი შრომა კი ყოველდღიური მოვლენა. ძვირფასეულობის არაერთი კომპანია მიანმარში მოპოვებული ძვირფასი ქვების შეძენაზე ამ მიზეზით უარსაც ამბობს. ამ კომპანიებს ბაძავს არაერთი მეცნიერი, რომლებიც იქ აღმოჩენილი ქვების შესწავლასაც კი უარობენ.
კომენტარები