ჩრდილოეთ გვატემალაში მაიას ცივილიზაციის 2 000 წლის წინანდელი დასახლებები აღმოაჩინეს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა გვატემალის ჩრდილოეთ ნაწილში მაიას ცივილიზაციის დასახლებები აღმოაჩინა, რომლებიც 2 000 წლის წინანდელია. მათ სპეციალისტებმა LiDAR-ის ტექნოლოგიის მეშვეობით მიაკვლიეს. ეს რადარის მსგავსი სისტემა გახლავთ, რომელიც რადიოტალღების ნაცვლად ლაზერის სინათლეს იყენებს და ტყეებში "დამალული" ნანგრევების გამოვლენის საშუალებას იძლევა.
მკვლევრები მაიას ცივილიზაციის უზარმაზარ ნაკვალევს სწორედ მაშინ გადააწყდნენ, როცა მსგავსი მეთოდით გვატემალის ამა თუ იმ რეგიონის რუკის შედგენას ცდილობდნენ. ავტორთა განცხადებით, ნანგრევები 1 000-ზე მეტ დასახლებას აერთიანებს და დაახლოებით 1 680 კმ2 ფართობზეა გაფანტული. მათი უმეტესობა ერთმანეთთან გაკვალული გზებითაა დაკავშირებული. ვიგებთ იმასაც, უკანასკნელი მიგნება ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ადრეული მესოამერიკული ქალაქები მჭიდროდ არ იყო დასახლებული.
დაახლოებით 117 კილომეტრ მანძილზე ადგილობრივებმა მიწის რელიეფში გზები გაკვალეს, რათა ერთმანეთის მეზობლად არსებულ დასახლებებს შორის მიმოსვლა გამარტივებულიყო. ავტორთა განცხადებით, ასეთი სისტემის შექმნას ჯგუფური შრომა დასჭირდებოდა.
ასევე, გამოვლენილია დიდი ზომის პირამიდები და შემაღლებები, რაც ნიშნავს, რომ ეს ადგილები პოლიტიკური, სამუშაოსთან დაკავშირებული, გასართობი და სხვა მსგავსი დანიშნულების მქონე ცენტრები იყო. დამატებით მიკვლეულია სპეციალური მოედნები, სადაც, სავარაუდოდ, რეგიონული თამაშები იმართებოდა. დასახლებებში წყლის რეზერვუარები და არხებიც ჰქონდათ, რათა მშრალ სეზონებში მისი მარაგი შეენარჩუნებინათ.
მაიას ცივილიზაციის წარმომდგენლები სოფლებში სამეურნეო საქმიანობას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით 1 500 წლიდან ეწეოდნენ. ახალი წელთაღრიცხვით 250-დან 900 წლამდე კი მაიას კულტურის კლასიკური პერიოდი აღინიშნება. განვითარების პიკში მათ 40-ზე მეტი ქალაქი ჰქონდათ, ხოლო თითოეულის პოპულაცია 5 000-50 000 ადამიანს შეადგენდა.
იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე უმსხვილესი ქალაქი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყვაოდა მას შემდეგ, რაც გვატემალის დაბლობზე არსებული დიდი ქალაქები პოსტკლასიკურ პერიოდში (900–1519 წ.) დაცარიელდა. მაიას ცივილიზაცია ცენტრალური ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დომინირებდა, სადაც ისინი დღესაც ცხოვრობენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Ancient Mesoamerica გამოქვეყნდა.
კომენტარები