ნახეთ: ვარსკვლავთგვირგვინოსანი გალაქტიკა ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში
ჩვენგან დაახლოებით 220 მილიონი სინათლის წლის მოშორებით, პეგასის თანავარსკვლავედში, სპირალური გალაქტიკაა განლაგებული, რომელსაც NGC 7469 ეწოდება. ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსგავსი სისტემაა, თუმცა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ეს გასაოცარი ობიექტი ახლებურად დაგვანახა.
დედამიწის პერსპექტივიდან აღნიშნული გალაქტიკის მთლიანი, 90 000 სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული განფენილობა ჩანს. მათ შორისაა მისი ცენტრალური ნაწილი, განსაკუთრებით ნათელი ბირთვი, სადაც ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს, რომელიც გარემომცველი აირისა და მტვრის შთანთქმისას მატერიას აკაშკაშებს.
გალაქტიკებში ამგვარი სტრუქტურის არსებობა გასაკვირი არაა და ხშირადაც გვხვდება, მაგრამ NGC 7469-ის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ შავ ხვრელთან ახლოს, სულ რაღაც 1 500 სინათლის წლის დისტანციაზე, ვარსკვლავთწარმომქმნელი "გვირგვინია" ფორმირებული. ვების მგრძნობიარე ინფრაწითელმა კამერამ მტვრის მიღმა აქტიური გალაქტიკური ბირთვი დეტალურად დააფიქსირა.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ NGC 7469-ში მნათობთა მაფორმირებელი, ძალიან ახალგაზრდა შეჯგუფებები გამოავლინა, რომლებიც პირველად ვიხილეთ. ასევე, თბილი და ტურბულენტური მოლეკულური ღრუბლის ერთგვარი ჯიბეები და ბირთვში ასობით სინათლის წლის მანძილზე გაფანტული მტვრის პაწაწინა ნაწილაკების განადგურების პირდაპირი მტკიცებულება.
უკანასკნელ სურათზე ვებმა გალაქტიკის ცენტრიდან მომდინარე იონიზებული ატომური აირის ემისიებიც აღბეჭდა, ნაკადები, რომლებიც სივრცეში დაახლოებით 6.4 მილიონი კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. რაც შეეხება გამოსახულებაზე ცენტრიდან კუთხეებამდე არსებულ მოწითალო შვერილებს, ისინი მხოლოდ ე,წ. დიფრაქციული შვერილებია, ანუ ტელესკოპის ექვსკუთხა სარკესთან სინათლის ურთიერთქმედების შედეგი.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავსი სურათებით აქტიურ გალაქტიკურ ბირთვსა და ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესს შორის კავშირზე უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ.
კომენტარები