ძველად მარსის ატმოსფეროში შესაძლოა, ჟანგბადი სულაც არ ყოფილიყო
2016 წელს NASA-ს მარსმავალმა Curiosity-იმ წითელი პლანეტის ქანებში მანგანუმის ოქსიდი აღმოაჩინა. მეცნიერებმა ამაზე დაყრდნობით ივარაუდეს, რომ იქ ამ მინერალის წარმოქმნა ძველად მარსის ატმოსფეროში ჟანგბადის გარკვეულ კონცენტრაციაზე მიანიშნებდა, რაც სიცოცხლის კვალის მიგნების შანსებს ზრდიდა.
ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ლაბორატორიაში ჩატარებულ ექსპერიმენტებს ეფუძნება, მსგავსი ქიმიური პროცესებისთვის ჟანგბადი სულაც არაა საჭირო, ანუ ადრეულ მარსზე მისი არსებობის საკითხი ეჭვქვეშ დადგა. მეტიც, ჩვენი მეზობელი ციური სხეულის მაშინდელი ატმოსფეროს შემადგენლობა ჟანგბადზე დამოკიდებულ რეაქციებს გამორიცხავს კიდეც.
სპეციალისტთა განცხადებით, მანგანუმის ოქსიდთა დიდი რაოდენობა შესაძლოა, ჰალოგენურ ელემენტებს უკავშირდებოდეს, როგორიცაა ქლორი და ბრომი. ისინი წითელ პლანეტაზე იმაზე უხვადაა, ვიდრე დედამიწაზე.
"ოქსიდაცია ჟანგბადის ჩართულობას აუცილებლად არ გულისხმობს. მარსზე ამ დრომდე ჟანგბადისა და ულტრაიისფერი ფოტოოქსიდაციის გარდა სხვა სიცოცხლისუნარიანი ოქსიდანტებიც იყო გამოვლენილი, მაგრამ მანგანუმის შემთხვევაში ალტერნატივა აქამდე უბრალოდ არ გვქონდა", — აცხადებენ მეცნიერები.
ავტორების შთაგონების წყაროდ წყლის დაქლორვა იქცა, როცა მას ქლორის შემცველი მოლეკულები ემატება, რათა ოქსიდაციის მეშვეობით მიკროორგანიზმები გაანადგუროს. მათ გამოცადეს, რამდენად შედგებოდა ოქსიდაცია მარსის გარემოში, რომელიც ჰალოგენური ელემენტებითაა მდიდარი. როდესაც სპეციალისტებმა მანგანუმის მინერალების ფრაგმენტები წყალში ჩაუშვეს, ის მალევე დაიშალა და მანგანუმის ოქსიდი იმაზე მრავალ ათასჯერ თუ მილიონჯერ სწრაფად წარმოქმნა, ვიდრე ჟანგბადის შემთხვევაში.
დაადგინეს, რომ ამას წყალში ქლორისა და ბრომის ჰალოგენების არსებობამ შეუწყო ხელი, რომლებიც წითელ პლანეტაზე დიდი რაოდენობით გვხვდება. პროცესის დაჩქარება განსაკუთრებით ბრომიდის ჰალოგენმა განაპირობა, რაც ნახშირორჟანგის დამატების შემდეგაც არ შეცვლილა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს რეაქციაში მხოლოდ ჟანგბადის მონაწილეობით ასე არ მოხდებოდა, რაც საინტერესოა, რადგან ძველად მარსზე ნახშირორჟანგი უხვად მოიპოვებოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადრეულ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას სულაც არ გამორიცხავს, რადგან დედამიწაზეც მრავალი ორგანიზმია, რომელსაც ცხოველქმედებისთვის ჟანგბადი სულაც არ ესაჭიროება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები