სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.

მე ვარ გიორგი, 20 წლის, ქალაქ ბათუმიდან.

გავიზარდე ბათუმის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, ძველ ბათუმში, ე.წ. იტალიურ ეზოში. ზოგადად, ბათუმი გამორჩეულია ქალაქია თავისი კოლორიტულობით და მრავალფეროვნებით, მაგრამ ქალაქის ამ ნაწილში განსაკუთრებულად იგრძნობა ბათუმის სული, რომელიც წარუშლელად აისახება იქ მაცხოვრებელთა პიროვნულობაზე. იტალიური ეზო დასახლების ისეთი ტიპია, სადაც წაშლილია ზღვარი პირადსა და საჯარო ცხოვრებას შორის, სადაც კედლებიც და კარებიც კი პირობითია და მეზობლებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. ვერ ვიტყოდი, რომ ეს შემაწუხებელია, რადგან თავიდანვე ეჩვევი, რომ მეზობელი ოჯახის წევრია, შენზე ყველაფერი იცის, ერთმანეთზე ზრუნავთ, თუ გემრიელ კერძს მოამზადებს, აუცილებლად გაგასინჯებს, წვიმის დროს სარეცხს მოგიხსნის და ავადმყოფობის დროს ათასგვარ წამალს შემოგაშველებს.

ბავშვობა შესანიშნავი იყო, ეზოში მეგობრებთან ერთად თამაში და წიგნები. მშობლები მაქსიმალურ თავისუფლებას მაძლევდნენ, არასდროს არაფერში მზღუდავდნენ და მიტოვებდნენ საშუალებას, თავად მიმეღო გადაწყვეტილებები, ოღონდ პასუხისმგებლობაც ჩემზე უნდა ყოფილიყო. ამან ჩემს პიროვნებაზე ძალიან იმოქმედა, უამრავი საჭირო თვისება შევიძინე და დამოუკიდებლობაც ვისწავლე.

ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემი კონსტრუქტორებია, რომლებითაც ქალაქებს ვაშენებდი, წარმოვიდგენდი, რომ მერი ვარ, ვქმნიდი ფულად ერთეულებს, ვაგებდი გზებს და ვოცნებობდი, რომ მომავალში ამას რეალურ ცხოვრებაშიც გავაკეთებდი.

იმ ასაკიდანვე ვიცოდი, რომ პოლიტიკოსობა მინდოდა და აზრი მას შემდეგ არ შემიცვლია.

იდეალური გარემო ასე წარმომიდგენია — როცა საჯაროდ ქამინგაუთის საჭიროება აღარ იქნება, ადამიანები ისე მიიღებენ იდენტობას და სექსუალობას, როგორც ხვეულ თმას, ცისფერ თვალებს ან სხვა ნებისმიერ მახასიათებელს.

ახლა თბილისში ვცხოვრობ, დედასთან ერთად, ვსწავლობ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. თავიდან აქაური "კორპუსული" ცხოვრება კომფორტულად მომეჩვენა. მეზობლები უკითხავად აღარ შემოდიოდნენ სახლში და პირადი ცხოვრებაშიც მეტ-ნაკლებად ვერ ერეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ბათუმური ეზო მომენატრა და ჩემშიც არის ბათუმის დიდი კვალი.

სკოლა — ადგილი, სადაც სილაღეს კარგავ

ცუდი მოგონებები კი სკოლას უკავშირდება. სამწუხაროდ, ქართული სკოლა საბჭოთა მემკვიდრეობაა, სადაც ბავშვების სტანდარტიზებას და ინდოქტრინაციას პირველივე დღიდან იწყებენ. თითქოს სილაღეს კარგავ, გეკრძალება კითხვების დასმა და იჯერებ, რომ შენი მოსაზრება უმნიშვნელოა, რადგან ის არასდროს შეიძლება იყოს "სწორი" უფროსის მოსაზრებასთან მიმართებით. სკოლაშივე გასწავლიან მორჩილებას, შენი არსებობა ათქულიანი სისტემით ფასდება.

შემდეგ ზრდასრულ ცხოვრებაში შენდაუნებურად ეძებ "უფროსებს", რომლებიც მასწავლებლებს ჩაანაცვლებენ და უკვე მათი მოსაზრებების ჩრდილში გააგრძელებ ცხოვრებას. ამ ყველაფერმა ჩემზეც იმოქმედა, თუმცა შედარებით ნაკლებად, რადგან დედა ყოველთვის მხარს მიჭერდა სკოლაში კონფლიქტურ სიტუაციებში და შესაბამისად, არც მე მეშინოდა პროტესტის გამოთქმის და უსარგებლო წესების დარღვევის. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სკოლაშიც იყვნენ ნათელი წერტილები, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას გვაჩვევდნენ და ისეთ რამეებს გვასწავლიდნენ, რაც პიროვნულად გვზრდიდა, თუმცა ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან და მათი ძალისხმევა საერთო სიტუაციას ვერ ცვლის.

"მეშინოდა, რომ "ასეთი" მარტო მე აღმოვჩნდებოდი"

ჩემმა იდენტობამ და სექსუალობამ გამოვლინება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა არც კი ვიცოდი ამ სიტყვების არსებობის შესახებ. ბაღში რაღაც პერიოდი გოგო მომწონდა, ამის შესახებ ბევრს ვსაუბრობდი და ეს ყველამ იცოდა. შემდეგ ბიჭი მომეწონა, თუმცა ამის შესახებ ხმას არ ვიღებდი, ვხვდებოდი, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ამაზე იგივე რეაქცია არ ექნებოდათ. ბავშვი ვიყავი და მაშინ ვერ ვაანალიზებდი, რატომ იყო ასე და რა პრობლემებს შემიქმნიდა ეს მომავალში, უბრალოდ ვიღებდი ამას მოცემულობად და ვცდილობდი, მის მიმართ სიმპათია სხვებისგან ფარულად გამომეხატა.

ქამინგაუთის შემდეგ დედამ მითხრა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა, რომ ვუყვარვარ და საკუთარ შვილზე უარს არასდროს იტყვის.

ბაღის შემდეგ თინეიჯერობამდე ამ საკითხს აღარ მივბრუნებივარ — თითქოს თაროზე შემოვდე და გადავწყვიტე, დამევიწყებინა, რადგან ვერ ვიგებდი მის არსს, გამოხატვის დასაშვებ ფორმებს, მეშინოდა, რომ "ასეთი" მარტო მე აღმოვჩნდებოდი. მაშინ ეს ტრავმული არ იყო, რადგან ბავშვური გონება ამაზე არ ფიქრობდა და ვერ აანალიზებდა, უბრალოდ, ამ გადმოსახედიდან ვიხსენებ პატარა გიორგის ქცევებს, რომელიც მაშინ, ალბათ, ქვეცნობიერის კარნახით ხდებოდა და ასეთ ახსნას ვუძებნი მათ.

თვითგამორკვევა და დამალვის მცდელობები

სირთულეები თინეიჯერობისას დაიწყო, როცა კიდევ მომეწონა ბიჭი. მაშინ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს აკრძალული და დაუშვებელი იყო. შესაბამისად, ვცდილობდი მეპოვა ამ გრძნობების მიზეზი, განკურნების საშუალება. 18 წლამდე, როცა პირველად ვაღიარე საკუთარ თავთან ჩემი იდენტობა, მთელი არსებით ვცდილობდი, გამექრო ის, მეთხოვა დახმარება ღმერთისთვის. უამრავჯერ მივიღე გადაწყვეტილება, მთელი ცხოვრება დამემალა ეს ამბავი, მათ შორის საკუთარი თავისთვისაც. მაგრამ როგორც უკვე ქამინგაუთის დროს დავწერე, იდენტობა ისეთი რამ არის, ვერაფერი დათრგუნავს ისე, რომ პატარა ნაპერწკალმა ვერ შეძლოს მისი უეცრად გაღვივება.

რაღაც მომენტში იდენტობისა და სექსუალობის თემაზე სტატიების კითხვა დავიწყე, ტელევიზიის მეშვეობით ჩემნაირი ადამიანები დავინახე და ნელ-ნელა დავძლიე ყველა ჩანერგილი ცრურწმენა, შიში, კომპლექსი და მივიღე საკუთარი თავი.

"ქამინგაუთი არის ყველაზე მძლავრი ქმედება, სოციალური და პოლიტიკური აქტი"

ქამინგაუთთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები მომისმენია თემის წევრების მხრიდან. მათ შორის, როცა რამდენიმე დღის წინ საჯარო ქამინგაუთი გავაკეთე Facebook-ზე, მკითხეს, რაში მჭირდებოდა და რას მარგებდა ეს. ყველა პოზიციას აქვს არსებობის უფლება. ჩემი გადმოსახედიდან, ადამიანი სოციალური არსებაა და მას აქვს ისეთი სოციალური მოთხოვნილებები, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა, თვითგამოხატვა და ეს ყოველივე შეუძლებელია, თუ გიწევს დამალო ისეთი რამ, რაც შენს პიროვნებას განსაზღვრავს. გარდა ამისა, შეუძლებელია პირადი ცხოვრება მუდმივად დამალული იყოს, რადგან პირადი ცხოვრება მხოლოდ საძინებელში დახურულ კარს მიღმა არ მიმდინარეობს და მის შესახებ სხვა ადამიანებიც იგებენ. ამიტომ დიდად არჩევანიც არ არის.

ქამინგაუთს ან თავად გააკეთებ ან აუთინგის მსხვერპლი გახდები და სხვა გამხელს ადრე თუ გვიან. მესმის, რომ ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს, ზოგისთვის ქამინგაუთი პირდაპირ სასიცოცხლო რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორც მოვლენა, ქამინგაუთი არის ყველაზე მძლავრი ქმედება, სოციალური და პოლიტიკური აქტი, რომელიც არსებულ რეალობას უკეთესობისკენ ცვლის.

პირველად ქამინგაუთი ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან გავაკეთე, რომელიც ასევე დაქამინგაუთდა, ორმაგი ქამინგაუთი გამოგვივიდა მეგობრებს, რომლებიც თურმე წლების განმავლობაში საერთო პრობლემის წინაშე ვიდექით და ერთმანეთსაც კი ვუმალავდით. ეს იყო დიდი შვება. ემოციურად ეს საჯარო ქამინგაუთს არც შეედრება — პირველი სულ სხვაა, მაშინ ჯერ კიდევ გგონია, რომ რაღაც გარყვნილს ჩადიხარ და ვერავინ გაგიგებს, ამიტომ მიღება უფრო ფასობს.

ქამინგაუთის გამო არავინ დამიკარგავს, ამ ქმედებამდე ყველა ის ადამიანი, ვინც ვფიქრობდი, რომ არ მაღიარებდა, ბუნებრივად ჩამოვიცილე და მათთან ემოციური კავშირი გავწყვიტე, ხოლო ყველა სხვამ მიმიღო და მხარს მიჭერს, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ანეიტრალებს იმ ტრავმებსა და კომპლექსებს, რომლებიც ბავშვობასა და თინეიჯერობაში საზოგადოებამ მომაყენა.


დედამ სოციალური ქსელებიდან გაიგო, რადგან პირისპირ ამის თქმა ვერ გავბედე. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა, ვიცოდი, რომ ჩემზე უარს არ იტყოდა, სახლიდან არ გამაგდებდა, მაგრამ მეშინოდა, რაიმე ჰომოფობიური არ ეთქვა, რაც მთლიანად ჩამოშლიდა ჩემს წლების განმავლობაში ნაშენებ თვითშეფასებას, იმედს და ბოლომდე გამანადგურებდა. თუმცა მისი რეაქცია გასაკვირად სწორი და ეთიკური იყო. მეორე დღეს შევხვდით და ვისაუბრეთ, ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებზე. მითხრა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა, რომ ვუყვარვარ და საკუთარ შვილზე უარს არასდროს იტყვის.

ნებისმიერი დევნა უფრო აძლიერებს ჭეშმარიტებას და გადამწყვეტ მომენტში მას ყველა აღიარებს. ქვიარ ადამიანებმა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

ჩემი საჯარო ქამინგაუთიდან დიდი დრო არ გასულა, ამიტომ ნათესავების და მეზობლების რეაქციები ჯერ უცნობია. ვიცი, რომ გარკვეულ დისკომფორტს ჩემი ოჯახის წევრებიც იგრძნობენ და ეს ყველაზე ტრავმულია ჩემთვის, რადგან მე მიჩვეული ვარ ჰომოფობიას, მაგრამ ჩემ გამო ოჯახზე საზოგადოების ზეწოლა განსაკუთრებით მძიმე იქნება და ეს ახალი ეტაპია, რომელიც მათთან ერთად უნდა გავიარო. ამის გამო დანაშაულის მაქვს, მაგრამ არ მივცემ საშუალებას, შიგნიდან დამამარცხოს. საზოგადოების ჰომოფობიურ ნაწილის ეს ბერკეტი ხელიდან ოდესმე უნდა გამოვაცალოთ.

გადაწყვეტილება ქვეყანაში დარჩენაზე

უამრავ ქვიარს ვიცნობ, რომელმაც ჰომოფობიის გამო ქვეყანა დატოვა. ვერაფერში ვამტყუნებ მათ, ბრძოლა და გმირობა ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო. ევროპაში წასვლაზე დედამაც მითხრა, მაგრამ მე ემიგრაციაში წასვლას არ ვაპირებ. აქაურ ჰომოფობიაზე მეტად იმ გრძნობის უფრო მეშინია, რომელიც წასვლის შემთხვევაში დამეუფლება, სისუსტის და დამარცხების. პატრიოტობაც მგონი ეს არის, როცა რჩები იქ, სადაც შესაძლოა, საუკეთესოდ არ გრძნობ თავს, მაგრამ იმედს არ კარგავ, რომ წვლილს შეიტან სიტუაციის გაუმჯობესებაში. თანაც, გაღებული მსხვერპლი უკვე იმდენად დიდია, იმდენი ქვიარი მოკლეს, რომ წასვლის უფლებას მორალი არ მაძლევს.

ქვიარ ურთიერთობების სირთულეები საქართველოში

ქვიარ ადამიანებისთვის ურთიერთობები დამატებითი ტრავმაა, რადგან რთულია ჯანსაღი ურთიერთობების აშენება, როცა იმალები და არ გიღებენ. გარდა ამისა, ბევრჯერ საკუთარ თავშიც და სხვა ქვიარებშიც შემიმჩნევია კომპლექსები, შიშები, ტრავმები, რომლებიც არ იძლევიან საშუალებას ისე წარმართო ურთიერთობები, რომ ეს ორივესთვის სასიამოვნო და სასარგებლო იყოს. ურთიერთობების შენება ჩემთვის განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არასდროს მინახავს ჯანსაღი როლური მოდელი. ხშირად ვერ ვუმკლავდები რაღაც მომენტებს და ტოქსიკურად ვექცევი საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ჰეტეროსექსუალ ადამიანებსაც აქვთ, რადგან საქართველოში ნებისმიერი სოციალური კავშირი ხშირად არაჯანსაღია.


მინდა, ქუჩაში გავიდე და ვიყვირო ჩემს ბისექსუალობაზე. არა იმიტომ, რომ ვინმეს დაინტერესება გამოვიწვიო, არამედ ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს, რომ არავინ მომაქციოს ყურადღება. იდეალური გარემოც ასე წარმომიდგენია — როცა საჯაროდ ქამინგაუთის საჭიროება აღარ იქნება, ადამიანები ისე მიიღებენ იდენტობას და სექსუალობას, როგორც ხვეულ თმას, ცისფერ თვალებს ან სხვა ნებისმიერ მახასიათებელს.

უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკურ სპექტრს ვაჩვენოთ ჩვენი ელექტორალური ძალა, რათა მათ გაუჩნდეთ მოტივაცია, იმოქმედონ ჩვენი უფლებების დასაცავად. არ ვართ ცოტანი.

საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტქი+ თემის მიმართ შეცვლილია. ეს ყველა იმ ორგანიზაციის დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში თემის ხილვადობას და ამასთან ერთად, მიმღებლობას ზრდიდა. ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ქამინგაუთს არ შეუშინდნენ მაშინ, როცა ეს კიდევ უფრო რთული და საშიში იყო. Მათი ძალისხმევის წყალობით, ნელ-ნელა იზრდება მიმღებლობა საზოგადოებაში.

"ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ"

კარგად ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც თვითგამორკვევის პროცესში არიან. მათ ვურჩევდი, რომ არასდროს დაკარგონ უკეთესი მომავლის იმედი და იბრძოლონ მისთვის. გაიაზრონ, რომ ცხოვრება ერთია და არავინ და არაფერია საკუთარ ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი. გამოიყენონ ყველა შანსი და მიიღონ კარგი განათლება, რადგან მხოლოდ ეს არის გარანტი იმისა, რომ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. იცოდნენ, რომ თუ ოჯახის წევრებს არ ირჩევენ, მეგობრების შეცვლა შესაძლებელია და მოძებნონ ისეთი სივრცე, სადაც დამალვა არ მოუწევთ — ასეთი პატარა სივრცეები ეხმარება ადამიანს, გადაიტანოს რთული პერიოდი და დაელოდოს მომენტს, როცა ბოლომდე მიიღებს საკუთარ თავს, საკმარისად დამოუკიდებელი გახდება და დამალვაც აღარ იქნება საჭირო.

ქართული ქვიარ აქტივიზმი არის ძალა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, რადგან სიყვარული შეუძლებელია იყოს დანაშაული. ნებისმიერი დევნა უფრო აძლიერებს ჭეშმარიტებას და გადამწყვეტ მომენტში მას ყველა აღიარებს. იმ მომენტამდე ქვიარ ადამიანებმა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკურ სპექტრს ვაჩვენოთ ჩვენი ელექტორალური ძალა, რათა მათ გაუჩნდეთ მოტივაცია, იმოქმედონ ჩვენი უფლებების დასაცავად. არ ვართ ცოტანი, საარჩევნო უფლება ფარულია, ამიტომ საჯარო ქამინგაუთის გარეშეც შესაძლებელია გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ.

10 წლის შემდეგ საკუთარ თავს ბათუმში ვხედავ, საიდანაც ვგეგმავ პროფესიული კარიერის დაწყებას. სასიამოვნო მზიან ამინდში, სამსახურიდან გამოვდივარ და მივდივარ ბათუმის პირველ პრაიდზე.