რას სთხოვენ უკრაინელი ბავშვები სანტას
ბოლო ათი თვის განმავლობაში უკრაინელი ბავშვების ოცნებები მათთან ერთად გაიზარდა. ახლა პატარებს სახლში დაბრუნება, მშობლიურ სკოლაში ან საბავშვო ბაღში სწავლის გაგრძელება და ძველ მეგობრებთან შეხვედრა უნდათ. რაც მთავარია, უნდათ, აღარასდროს გაიგონონ რაკეტების აფეთქებისა და სირენების გამაყრუებელი ხმა.
ოცნებობენ, ჩაეხუტონ დედას ან მამას, რომლებიც ფრონტზე მათ მშვიდ ძილს იცავენ. ათასობით ბავშვმა იცის, რომ ეს ვეღარასდროს მოხდება, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ომი დასრულდება და მტერი დამარცხდება.
სვეტლანა ბახვალოვა, რომელმაც უკრაინელი ბავშვების საახალწლო წერილები შეაგროვა, მოხალისედ 2014 წლიდან მუშაობს. მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია იმ ოჯახებზე ზრუნავს, რომლებმაც ომში ნათესავები დაკარგეს. გუნდში მუშაობენ ფსიქოლოგებიც იმ ქალების დასახმარებლად, რომლებსაც მათი დანაკარგების გამო, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ შინაგანი რესურსი ბავშვებისთვის დღესასწაულის შესაქმნელად.
"ხანდახან დედებს არაფერი აღარ უნდათ, სამყარო მათთვის სასიამოვნო აღარაა. მაგრამ ბავშვების დღესასწაული არავის გაუუქმებია. ბავშვები ბავშვებად რჩებიან", — ამბობს სვეტლანა უკრაინსკა პრავდასთან.
მისივე თქმით, ხშირია სიტუაციები, როცა ბავშვები კითხვაზე, რა უნდათ დღესასწაულებზე, უბრალოდ პასუხობენ: "შეიძლება მამა [მყავდეს]?"
ვერონიკა კიევის რეგიონის სოფელ ნემიშაევიდან
უკრაინელი ბავშვები სანტა კლაუსს წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ. ვერონიკას წმინდა ნიკოლოზისთვის ასაკი არ მიუწერია, მაგრამ წერილიდან ჩანს, რომ ამ ასაკისთვის ძალიან ბევრი დაკარგა. რუსულმა არმიამ დაანგრია მისი სახლი, მოგვიანებით კი მოუკლა მამა, რომელიც ფრონტზე უკრაინის დასაცავად იბრძოდა.
"მამაჩემი ომში მსახურობდა და პირველ სექტემბერს გარდაიცვალა. ძალიან მენატრება და მაკლია", — წერს ვერონიკა.
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ყველა სამხედრო, ვინც ამისთვის იბრძვის, სახლში ცოცხალი დაბრუნდეს.
თუმცა, ვერონიკას სანტა კლაუსთან კიდევ ერთი პატარა თხოვნა აქვს: ღამის სანათი სატელეფონო კონტროლით.
სტანისლავი ლუცკიდან
თავის წერილში სტასი სანტა კლაუსს არწმუნებს, რომ წელს მთელი გულით ცდილობდა, თავაზიანად მოქცეულიყო და დედისთვის დაეჯერებინა. ბავშვი წმინდა ნიკოლოზს ყველა უკრაინელისთვის "სტანდარტული" საჩუქრების კომპლექტს სთხოვს: ორი ჰაუბიცა, სამი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, ერთი მანქანა, ორი ტანკი ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი ვერტმფრენი 100 რაკეტა, 56 ყუმბარა.
"რა თქმა უნდა, მე ასევე მინდა მშვიდობა უკრაინაში და მოსკოვის დაწვა", — წერს სტასი წერილში.
კატერინა დნეპროპეტროვსკის ოლქიდან
კატია უკრაინელი სამხედროს შვილია. მისი მამა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში იბრძოდა, ომში დაიღუპა. კატიას უყვარს ხატვა, მაგრამ წმინდა ნიკოლოზს საღებავებს, ფლომასტერებს ან მოლბერტს არ სთხოვს. ის ახალ ჯინსებზე ოცნებობს.
"გამარჯობა, წმინდა ნიკოლოზ. მე მქვია კატერინა. ვარ 11 წლის. ვცხოვრობ პიატიხატკში. ასევე ვარ ATO-ს დაღუპული წევრის ქალიშვილი. მიყვარს ხატვა და მეგობრებთან ერთად ყოფნა. დედასა და ბებიას ვეხმარები, მიყვარს ტკბილეული, მაგრამ მეორე სურვილი მაქვს, ძალიან მინდა ახალი ჯინსი. იმედია, წაიკითხავ ამ წერილს", — წერს კატერინა.
ნასტია
სანტა კლაუსისადმი მიწერილ წერილში ნასტია აღიარებს, რომ ეს წელი მისთვის ძალიან რთული იყო, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. იცის, რომ წმინდა ნიკოლოზმა ისედაც ყველაფერი გაიგო.
ბავშვი სანტას ჯანმრთელობასა და მშვიდ ცას უსურვებს. საჩუქრად კი ბევრს არ ითხოვს: LED ნათურა, რომელიც სხვადასხვა ფერში ანათებს და ფერადი პალიტრა ფუნჯით.
"პალიტრა ისეთი იყოს, როგორიც თქვენ გინდათ," — წერს ნასტია.
ანტონი
ბიჭი სანტა კლაუსს უყვება, რომ მამას სურდა, მისთვის ახალი ტელეფონი ეყიდა, თუმცა ამის დრო არ მიეცა. ანტონის მამა ომში დაიღუპა. იცავდა ქვეყანას, შვილს და მილიონობით სხვა უკრაინელ ბავშვს. ახლა ანტონი იმედოვნებს, რომ წმინდა ნიკოლოზი მაინც შეძლებს მისთვის ახალი ტელეფონის ჩუქებას.
ანა ვოლინის ოლქის სოფელ ზასტავნედან
ანა 10 წლისაა. თავის წერილში გოგონა სანტა კლაუსს მშვიდობას, უკრაინის ყველა დამცველის სახლში დაბრუნებასა და სათამაშო სინთეზატორს სთხოვს, მაგრამ არც ქვეყნის მცველები ავიწყდება.
ანა აღიარებს, რომ წელს ყოველთვის ვერ ახერხებდა, კარგად მოქცეულიყო, მაგრამ — ცდილობდა.
"წმინდა ნიკოლოზ, გთხოვ ჩვემს სამხედროებზე — აჩუქე მათ საჩუქრები და სწრაფი გამარჯვება. სიყვარულით, ანიჩკა".
ელიზაბეტა
ლიზა 14 წლისაა. მისი მამა უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა. სანტა კლაუსისადმი მიწერილ წერილში ლიზა ამბობს, რომ უყვარს სპორტი, ამიტომაც სპორტულ კოსტუმს ითხოვს.
"დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს სურვილს შეასრულებ", — დასძენს ელიზაბეტა.
კომენტარები