უძველესმა ადამიანებმა, შესაძლოა, ორ ფეხზე სიარული ხეებზე დაიწყეს — ახალი კვლევა
ახალმა კვლევამ ბიპედალიზმის ევოლუციაზე ცოდნა ამოაყირავა.
ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანებმა, შესაძლოა, თავდაპირველად არა მიწაზე, არამედ ხეებზე დაიწყეს სიარული.
ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, UCL-ის, კენტის უნივერსიტეტისა და აშშ-ის დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრები 15 თვის განმავლობაში სწავლობდნენ ქცევას ველური შიმპანზეებისა, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთ ტანზანიის ისას ხეობაში.
შიმპანზეების ჰაბიტატი, "სავანა-მოზაიკა", მშრალი, ღია მიწა რამდენიმე ხითა და ხშირი ტყეების მონაკვეთებით, ძალიან ჰგავს ჩვენი უძველესი ადამიანი წინაპრების ჰაბიტატს. ეს ტერიტორია მეცნიერებმა იმისთვის შეარჩიეს, რომ გამოეკვლიათ, შეეძლო თუ არა ამგვარ ლანდშაფტს ჰომინიდებში ბიპედალიზმის წახალისება.
ასევე იხილეთ: შიმპანზეები იმაზე მეტად გვგვანან, ვიდრე გვგონია — ნახეთ, როგორ უმკურნალა დედა შიმპანზემ შვილის ჭრილობას
ავტორების თქმით, მათი აღმოჩენები "ეწინააღმდეგება ფართოდ მიღებულ თეორიებს", რომლების მიხედვითაც, ჰომინიდებს ორ ფეხზე სიარულისკენ ღია გარემომ უბიძგა. ამის ნაცვლად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათ ბიპედალიზმი, შესაძლოა, ხეებზე გადასაადგილებლად განუვითარდათ.
მკვლევრებმა, 15-თვიანი კვლევის განმავლობაში, დააფიქსირეს პოზიციური ქცევის 13 700-ზე მეტი მყისიერი დაკვირვება 13 ზრდასრული შიმპანზისგან (6 მდედრი და 7 მამრი), მათ შორის, თითქმის, 2 850 დაკვირვება ცალკეულ მოძრაობაზე (მაგ: ასვლა, სიარული, ჩამოკიდება და ა.შ.).
კვლევამ აჩვენა, რომ ისას შიმპანზეები იმდენ დროს ატარებენ ხეებზე, რამდენსაც ტყეებში მცხოვრები სხვა შიმპანზეები. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად ღია ჰაბიტატისა, მათ ხეებზე ყოფნა ურჩევნიათ. მკვლევრების გასაკვირად, ბიპედალიზმის შემთხვევების 85%-ზე მეტი დაფიქსირდა ხეებზე და არა მიწაზე.
"ჩვენი კვლევა გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ტყეების შემცირება და უფრო ღია სავანას ჰაბიტატი გვიან მიოცენ-პლიოცენურ ეპოქაში, დაახლოებით, 5 მილიონი წლის წინ, ფაქტობრივად, არ არის კატალიზატორი ბიპედალიზმის ევოლუციისთვის. ამის ნაცვლად, მისი ევოლუციისთვის არსებითად, ალბათ, ხეები შეგვიძლია მივიჩნიოთ — საკვების მწარმოებელი ხეების ძიება ამ თვისების სავარაუდო მამოძრავებელია", — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, ალექს პიელმა.
მკვლევრების თქმით, ბიპედალიზმის ევოლუციის თეორიების უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ ჰომინიდები ხეებიდან ჩამოვიდნენ და მიწაზე ორ ფეხზე გადაადგილება დაიწყეს. მათი მონაცემები კი ამ დაშვებას მხარს არ უჭერს. თუმცა მათი კვლევა ყველა კითხვას არ პასუხობს. რთული ევოლუციური თავსატეხის ამოხსნის გზაზე შემდეგი ნაბიჯი იმის გარკვევაა, თუ რატომ ატარებენ შიმპანზეები ამდენ დროს ხეებზე.
კომენტარები