ქალები ეკლესიაში მაღალ პოზიციებს იკავებდნენ? — ამაზე 1400 წლის წინანდელი საფლავი მიუთითებს
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის საფლავი, რომელიც ეკუთვნის პერიოდს, როცა ინგლისში წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები ერთმანეთს ერწყმოდა და, როგორც ჩანს, ქალები ეკლესიაში მაღალ პოზიციებს იკავებდნენ.
არტეფაქტები ინგლისში, ნორთჰემპტონის მახლობლად აღმოაჩინეს. საფლავი დაახლოებით 1400 წლის წინანდელია და, არქეოლოგების აზრით, ეს ამ პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა.
საფლავს 11 აპრილს, პატარა სოფელ ჰარპოლში მიმდინარე 8-კვირიანი გათხრების ბოლოსწინა დღეს მიაკვლიეს, როცა არექოლოგმა ლევენტე-ბენსე ბალაშმა ტალახში ორი კბილი დაინახა, რაც ამ ადგილას სამარხის შესაძლო არსებობაზე მიუთითებდა.
"ამის შემდეგ, ოქროს ორი ნივთი გამოჩნდა და შემომანათა. ამ არტეფაქტებს დღის სინათლე 1300 წელია არ უნახავთ და ამ დროის შემდეგ იყო პირველი, ვინც ისინი იხილა, ენით აღუწერელი გრძნობაა", — განაცხადა ბალაშმა The Guardian-თან ინტერვიუში
არქეოლოგები ოქროს ნივთებს მიწაში ყოველდღე ნამდვილად არ პოულობენ. ბალაშმა, რომელიც ლონდონის არქეოლოგიის მუზეუმის გუნდის ლიდერია, CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ეს გასულ 17 წელიწადში პირველი შემთხვევაა, როცა ძვირფასი ლითონისგან შექნილი არტეფაქტები აღმოაჩინეს.
აღმოჩენილი ყელსაბამი 30-ნაწილიანია, შედგება რომაული მონეტებისგან, მინისგან ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან და, შესაძლოა, ბრიტანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სამკაულიც კია.
თავის ქალა თითქმის სრულადაა დაშლილი, მხოლოდ კბილის ფრაგმენტებია შემორჩენილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის ყელსაბამებს ქალების სამარხებში ვხვდებით, სავარაუდოდ, ის მაღალი სოციალური პოზიციის მდიდარ ქალს ეკუთვნოდა.
ქალის საფლავში აღმოაჩინეს დიდი ვერცხლის ჯვარი, ორი დეკორატიული ქოთანი და სპილენძის ჭურჭელიც. ჯვარი სრულად იყო დაშლილი, თუმცა მისი ფორმის აღდგენა არქეოლოგებმა რენტგენული გამოსხივების საშუალებით შეძლეს. ჯვარი გაფორმებული ვერცხლის უცნაური სახეებით, რომლებმაც, საბედნიეროდ, დროს გაუძლეს.
სამარხში აღმოჩენილი ობიექტების მიხედვით, ქალი დაახლოებით 630-670 წლებში ცხოვრობდა, როცა ბრიტანეთის ტერიტორიაზე წარმართული და ქრისტიანული წარმოდგენები ჯერ ისევ ეჭიდებოდნენ ერთმანეთს.
ექსპერტების თქმით, ადამიანების მრავალ ნივთთან ერთად დასაფლავება წარმართულ ტრადიციებს ახასიათებს, თუმცა ქრისტიანულ იკონოგრაფიასთან მისი კავშირიც, ერთი შეხედვით, აშკარაა. სამარხის ობიექტების მდიდრულობისა და მათზე გამოსახული სიმბოლოების მიხედვით, სავარაუდოდ, მათი მფლობელი მდიდარი ქრისტიანი ლიდერი, სააბატოს მმართველი ან პრინცესა უნდა ყოფილიყო.
არქეოლოგები თანხმდებიან, რომ ქალი თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი ქალი ბრიტანეთში, რომელსაც მაღალი სასულიერო იერარქის პოზიცია ეკავა.
ინგლისში მაღალი სტატუსის ქალების ათამდე სხვა საფლავია აღმოჩენილი, რომლებშიც მსგავს ყელსაბამებს ვხვდებით, თუმცა ეს უკანასკნელი მათ შორის უძველესია.
ლონდონის არქეოლოგიური მუზეუმის მკვლევრის, ლინ ბლექმორის თქმით, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ ფეხი მყარად მოიკიდა, ძვირფას ნივთებს საფლავებში ნაკლებად ვხვდებით, რადგან ეკლესია ამ ჩვეულებას არ მიესალმებოდა.
"ჰარპოლის განძი არტეფაქტების რაოდენობით არა, თუმცა მასში აღმოჩენილი სამკაულების მდიდრულობით ნამდვილად ლიდერია... სამარხში ვხვდებით უდიდესი რაოდენობის ოქროსა რელიგიურ სიმბოლოებს", — განაცხადა ბლექმორმა.
კომენტარები