2020 წელს რეპერ B.o.B-ს სურდა, კოსმოსში საკუთარი სატელიტი გაეშვა და საბოლოოდ გაერკვია, დედამიწა სფეროს ფორმისაა თუ ბრტყელია. როგორც ბრტყელი დედამიწის კონსპირაციული თეორიის მომხრემ, ჯორჯიელმა რეპერმა ფსონიც დადო და GoFundMe კამპანიაც წამოიწყო, რომელსაც 1 მილიონი დოლარი უნდა შეეგროვებინა. თუმცა, რეპერისდა სამწუხაროდ, კამპანიის საშუალებით, მხოლოდ 2 000 დოლარი შეგროვდა.

თუკი B.o.B-ის მსგავსად, თქვენც ეჭვი გეპარებათ დედამიწის სფერულობაში, ან იცნობთ ბრტყელი დედამიწის კონსპირაციული თეორიის მომხრეებს, გეტყვით, რომ დედამიწის სფერულობის დასამტკიცებლად, კოსმოსში სატელიტის გაშვებაზე უფრო იაფი გზებიც არსებობს. ამ სტატიაში 7 ასეთ გზას შემოგთავაზებთ.

1. წადით ნავსადგურში

ფოტო: Jim Schubert/Shutterstock

როდესაც გემი ჰორიზონტისკენ მიცურავს, იგი არა მხოლოდ უფრო და უფრო პატარავდება ჩვენი თვალისთვის, არამედ ჯერ მისი კორპუსი ინთქმება ზღვაში, ხოლო შემდგომ — ანძა. პირიქით, როდესაც გემი უკან ბრუნდება, ჯერ ანძას ვხედავთ, შემდეგ კი — კორპუსს.

გემსა და ჰორიზონტზე ეს დაკვირვება იმდენად ცალსახა თვითმტკიცებულებაა, რომ 1881 წელს გამოცემულ ტექსტში, "სკეპტიკური ასტრონომია", რომელიც დედამიწის ბრტყელი ფორმის დამტკიცებას ცდილობს, მის უარსაყოფად მთელი თავია მიძღვნილი. ეს თავი ეყრდნობა ვარაუდს, რომ გემის თანმიმდევრული გაქრობა უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა. თუმცა ეს მტკიცება საღ აზრს არ ეფუძნება, რადგან ჩვენს მხედველობაში ისეთი არაფერია, რაც ობიექტის ქვედა ნაწილს ზედა ნაწილზე მალე გააქრობდა ხედვის არეალიდან.

თუკი მაინც ეჭვი გეპარებათ, ნავსადგურში ყოფნისას ტელესკოპი ან ბინოკლი წაიყოლეთ.

2. შეხედეთ ვარსკვლავებს

ფოტო: Starry Night Software

სხვადასხვა განედიდან სხვადასხვა თანავარსკვლავედი ჩანს. ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე ამას ჩვ.წ. 350 წელს მიხვდა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, ალბათ, დიდი დიპერი და სამხრეთის ჯვარია. დიდი დიპერი, შვიდი ვარსკვლავისგან შემდგარი თანავარსკვლავედი, რომელიც გარეგნულად ჩამჩას ჰგავს, ყოველთვის ჩანს ჩრდილოეთით, 41 გრადუსის ან უფრო მაღალ განედებზე. სამხრეთით, 25 გრადუსზე დაბლა, მას საერთოდ ვერ დაინახავთ, ხოლო ჩრდილოეთ ავსტრალიაში, ამ განედის ჩრდილოეთით, დიდი დიპერი ძლივს ჩანს ჰორიზონტს ზემოთ. ამავდროულად, სამხრეთ ნახევარსფეროდან შეგვიძლია, დავინახოთ სამხრეთის ჯვარი, ოთხვარსკვლავიანი თანავარსკვლავედი.

ეს განსხვავებული ხედები ლოგიკაში ჯდება, თუკი დედამიწას გლობუსად წარმოიდგენთ. ასე რომ, იმისდა მიხედვით, სამხრეთით ხართ თუ ჩრდილოეთით, კოსმოსის განსხვავებულ ნაწილებს ხედავთ.

3. დააკვირდით დაბნელებას

ფოტო: EDUARDO AUSTREGESILO/Shutterstock

არისტოტელემ ასევე განამტკიცა თავისი რწმენა მრგვალი დედამიწის შესახებ იმ დაკვირვებით, რომ მთვარის დაბნელების დროს დედამიწის ჩრდილი გამრუდებულია. და ვინაიდან ეს მრუდე ფორმა მთვარის ყველა დაბნელების დროს გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ბრუნავს, არისტოტელე მიხვდა, რომ დედამიწა სფეროა.

ამ მხრივ, მზის დაბნელება ასევე ამყარებს აზრს, რომ დედამიწა, სხვა პლანეტები და მთვარეები სფერული ობიექტებია. დედამიწა რომ დისკის ფორმის ყოფილიყო, რისიც ბევრ ბრტყელი დედამიწის კონსპირაციული თეორიის მომხრეს სჯერა, მზის სრული დაბნელება, რომელიც 2017 წლის აგვისტოში ჩრდ. ამერიკაში მოხდა, ძალიან რთული ასახსნელი იქნება.

4. აცოცდი ხეზე

ფოტო: Dmitry Galaganov/Shutterstock

ესეც ერთ-ერთი თვითმტკიცებულებაა: უფრო შორს დაინახავ, თუკი უფრო მაღლა ახვალ. დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, იმავე მანძილს დაინახავდით, იმისდა მიუხედავად, რამდენად მაღლა ახვიდოდით.

კარგად დაფიქრდით: თქვენს თვალს შეუძლია, დაინახოს ნათელი ობიექტი, როგორიცაა ანდრომედეს გალაქტიკა, 2,6 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ამდენად, ნიუ იორკიდან მაიამის განათებების დანახვა, ბავშვურ თამაშად უნდა მოგეჩვენოთ, რადგან მათ შორის, დაახლოებით, 1 760 კმ-ია. მაგრამ ასე არ ხდება, ხომ? ამის მიზეზი ისაა, რომ დედამიწის გამრუდება ზღუდავს ჩვენს მხედველობის არეალს, დაახლოებით, 5 კმ-მდე, თუკი მაღალ ხეზე, შენობაზე ან მთაზე არ აძვრებით.

5. იმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო

ფოტო: Gts/Shutterstock

ეს ერთ მილიონ დოლარზე ნაკლები დაგიჯდებათ. დღესდღეობით, ყველას შეუძლია მსოფლიოს შემოვლა; არსებობს ტურისტული ფირმები, როგორიცაა AirTreks, რომლებიც სპეციალიზებულია ასეთ მარშრუტებში.

თუკი საკმარისად გაგიმართლებთ, დედამიწის გამრუდების დანახვას შეუიარაღებელი თვალითაც შეძლებთ. 2008 წელს ჟურნალ Applied Optics-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დედამიწის გამრუდებული ფორმა შესამჩნევად ხილული ხდება, დაახლოებით, 10,6 კმ-ის სიმაღლეზე, სანამ დამკვირვებელს აქვს, სულ მცირე, 60-გრადუსიანი ხედვის არეალი (რისი ქონაც, შეიძლება, რთული იყოს სამგზავრო თვითმფრინავის ფანჯრიდან). გამრუდება უფრო შესამჩნევი ხდება, დაახლოებით, 15 კმ-ის ზემოთ. ხოლო 18 კმ-ის სიმაღლეზე ფრენისას ზებგერითი კონკორდის თვითმფრინავის მგზავრები ხშირად ამჩნევენ გამრუდებულ ჰორიზონტს.

6. იშოვეთ მეტეოზონდი

ფოტო: University of Leicester

2017 წლის იანვარში ლესტერის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე კამერა მიამაგრეს მეტეოზონდს და ცისკენ გაუშვეს. მეტეოზონდი ზედაპირიდან 23,6 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, რაც პლანეტის გამრუდების დასათვალიერებლად საჭირო დონეზე მეტიც კია. მეტეოზონდზე არსებულმა ხელსაწყომ გამოგზავნა კადრები, რომლებიც ჰორიზონტის მრუდს გვიჩვენებს.

7. შეადარეთ ჩრდილები

ფოტო: Zurijeta/Shutterstock

პირველი ადამიანი, ვინც დედამიწის გარშემოწერილობა შეაფასა, იყო ბერძენი მათემატიკოსი, სახელად ერატოსთენე, რომელიც დაიბადა ძვ.წ. 276 წელს. იგი ზაფხულის ნაბუნიობის დროს დააკვირდა ჩრდილებს დღევანდელ ასვანსა (ეგვიპტე) და უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალექსანდრიაში. შუადღისას, როდესაც მზე პირდაპირ დაჰყურებდა ასვანს, ჩრდილები არ ჩანდა. თუმცა ალექსანდრიაში მიწაში ჩარჭობილ ჯოხს ჩრდილი ჰქონდა. ერატოსთენე მიხვდა, რომ თუკი ჩრდილის კუთხე და ქალაქებს შორის მანძილი ეცოდინებოდა, მას შეეძლო დედამიწის გარშემოწერილობის გამოთვლა.

დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, ჩრდილებს შორის განსხვავება არ იქნებოდა, რადგან მზის პოზიცია ყველგან ერთნაირი იქნებოდა. მხოლოდ გლობუსის ფორმის პლანეტით შეგვიძლია ავხსნათ, თუ რატომ უნდა განსხვავდებოდეს მზის პოზიცია ორ ქალაქში, რომლებიც ერთმანეთისგან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ასე რომ, თუკი ბრტყელი დედამიწის კონსპირაციული თეორიის მომხრეს შეხვდებით, შეგიძლიათ, "მადლი მოისხათ" და ეს სტატია გაუზიაროთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.