პრემიერმინისტრის უცნაური სამძიმარი "საწყალ ბიჭებზე" და დუმილის გამართლების მცდელობები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სამდღიანი დუმილის და ლოდინის შემდეგ პრემიერმინისტრი გამოჩნდა, ნანატრი სამძიმარი თქვა, მაგრამ გლოვის დღის გამოცხადების და ერის ნუგეშის ნაცვლად, დრო ისევ ლანძღვაზე და კრიტიკაზე დახარჯა.

რა ხდება

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისი, ანუ პრემიერის შესავალი სიტყვა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და აქედან 10 სამძიმარს და მის გაგრძელებას — ანუ ოპოზიციის დისკრედიტაციას და მეორე ფრონტის გახსნის ბრალდებებს დაეთმო.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, უკრაინაში საერთოდ მტრის წინააღმდეგ მებრძოლ დაღუპულ ქართველ სამხედროებს პრემიერმინისტრმა "საწყალი ბიჭები" უწოდა, ოპოზიციას "ფარისევლები", "გამყიდველები" და პიარს აყოლილები, მთავრობა კი, რაღა თქმა უნდა, შეაქო. პირველ რიგში იმისთვის, რომ თურმე საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს და ომში დაღუპვის შემდეგ გადმოსვენების ხარჯებს უზრუნველყოფს. მეორედ იმისთვის, რომ ისინი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

რა თქმა უნდა, არ უხსენებია ის, რომ მათი ჩამოსვენებისას ერთხელაც არ დაგვიშვია სახელმწიფო დროშები და არც მთავრობის წარმომადგენლები მისულან სამოქალაქო პანაშვიდებზე და ახლაც 3 დღე დუმდნენ.

დაგვიანებული სამძიმარი

"მოგესალმებით, მინდა, განცხადება გავაკეთო რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი.

უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენთვის ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს", — ასე დაიწყო პრემიერმა თავისი სიტყვა და შესვენებაც კი არ გაუკეთებია, ისე გააგრძელა საუბარი მათ როლზე და მთავრობის ქმედებების პოზიტიურად წარმოჩენა სცადა.

ამავე თემაზე:

თავის ქება

"აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო კიდევ ერთხელ, თუ რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით ოჯახებთან შეთანხმებით, მათ წევრებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართულები. მე ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა", — განაცხადა ღარიბაშვილმა, რის შემდეგაც, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს, თუმცა ისიც ახსენა, რომ ეს მათი წარსული გამოცდილების გამო მოხდა, რადგან ადრე საქართველოშიც უბრძოლიათ.

"ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, ოფიცრები, პოლიციელები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, აგვისტოს ომი იქნებოდა 2008 წლის, თუ მანამდე აფხაზეთის ომი და სამაჩაბლოში ომები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია", — თქვა პრემიერმა დღეს.

ამავე თემაზე:

"ამორალური აჟიოტაჟი"

პრემიერის სიტყვის მესამე ხაზი "ომის პარტიის" ლანძღვა გამოდგა. კრიტიკას მთავრობის დუმილის და სამძიმრის არგამოხატვის გამო, მან აჟიოტაჟი უწოდა და თქვა, რომ ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ, "ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე — ადამიანი გარდაიცვალა ომში" პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ.

აქ არ შეჩერებულა და პროვოკაციების მოწყობის გარდა წარსულიც გაუხსენა და ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს ომზე ილაპარაკა. მეტიც, ომში მოხალისეებად წასულ მებრძოლებიც ოპოზიციასთან დააკავშირა.

"მათი ორგანიზებულია ახლაც ამ ადამია... სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ. ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე.

რაზე საუბრობენ საერთოდ. დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად. ე.წ მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს. მიწაზე იყო გართხმული და მეორე — თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან, ყველამ კარგად ნახა ეს კადრები. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას" — თქვა მან.

ამავე თემაზე:

ისევ თავის ქება

პრემიერის სიტყვა მთავრობის ქებით გაგრძელდა, თან იმის ფონზე, როცა თავადვე ამტკიცებდა, რომ ყველაფერს, რაც საჭიროა, პიარის გარეშე აკეთებენ.

"მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის.

მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ. მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და ყოველგვარი პიარის გარეშე", — თქვა მან.

ალბათ, დროშებიც პიარის გარეშე დაეშვა და ისე არ მოხდა, როგორც ყოველთვის — ანუ მთავრობის პრესსამსახურმა არ შეგვატყობინა. ალბათ, აეროპორტში ჩამოსვენებულ ცხედრებს მინისტრებიც ელოდნენ, მაგრამ იქვე კუთხეში, რომ არ გამოჩენილიყვნენ.

ისევ ოპოზიციის ლანძღვა

"ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას. ქართველი კაცი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან სამძიმარი იქნება ეს თუ ნებისმიერი ფორმით, ქმედებით გამოხატვა. რასაც სჩადიან პოლიტიკოსები, ეს არის მხოლოდ ამორალური ფარისევლობა და ხმაა არაფერი", — ასე გააგრძელა პრემიერმა სიტყვა, რის შემდეგაც ე.წ. მეორე ფრონტის საკითხი განავრცო.

ომი

პრემიერმა "კიდევ ერთხელ" უთხრა საზოგადოებას, თითქოს ოპოზიციის ძალიან ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათი "გონივრული პოლიტიკით" აიცილეს და საქართველოში არ გადმოვიდა მეორე ფრონტი. ამას მოყვა საზოგადოების შიშებით და ოპოზიციისგან შექმნილი მტრის ხატით მანიპულირების მორიგი მცდელობა:

"წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში არიან და იქიდან ცდილობენ ომის დაწყებას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე?! საკუთარი ნებით, გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20%, კოდორის ხეობა, ასეულობით სოფელი და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომებს და მათ ამ გაუთვლელ ნაბიჯებს", — თქვა მან.

"წავიდნენ და იომონ"

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მთავარი ვალდებულება არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და თქვა, რომ საკმარისი ომი გამოვიარეთ.

"სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით", — თქვა პრემიერმა და ისევ თავის ქებით გააგრძელა: "ეს არის გონივრული პოლიტიკა, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა ომით და მით უმეტეს, წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით".

აქვე არც "პოპულისტი ფარისევლები" დავიწყებია და ურჩია, რომ წავიდნენ და თავად იომონ ფრონტის წინა ხაზზე კიევში სელფების გადაღების ნაცვლად. თუმცა პრემიერს ის არ უხსენებია, რომ თავად კიევში არც კი ჩასულა ომის დაწყების შემდეგ.

"რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი? ბევრს რომ ლაპარაკობენ, ფეისბუქში რომ არიან აქტიურები და გარკვეული, ვითომ ძალიან დიდი ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ. არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება".

ამავე თემაზე:

დაბოლოს, ხალხი ბრძენია

თავის გამოსვლებში ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ ხშირად ამბობს, რომ ხალხი ბრძენია და უმეტესად მაშინ, როცა ოპოზიციას ლანძღავს. თითქოს ადასტურებინებს თავის სიტყვებს. ახლაც ასე მოხდა.

"ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა, ხალხმა ძალიან კარგად იცის, ხალხი ბრძენია და ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან ყველა ასეთ მცდელობაზე, ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამიტომ ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა. და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ან მის დაცვასთან საერთოდ.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო, საქართველოში, თბილისში, გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ? თქვენ ახლა ვინმეს გგონიათ რომ ამ ადამიანებს უხარიათ დღეს ჩვენთან მშვიდობა რომ არის და ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა?".

"გვადროონ ქვეყნის მართვა"

პრემიერმინისტრმა შეგვახსენა, რომ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და რუსეთის არგაღიზიანების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რის შემდეგაც ოპოზიციას გადატანითი მნიშვნელობით უთხრა, რომ თავი დაანებონ.

"გასაგებია, ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები რაც ხდება უკრაინაში მაგის გამო, მაგრამ შეხედეთ, ნატო-ს წევრი ქვეყნები, სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ამიტომ ჩვენს მაგივრად ისინი ნუ გაირჯებიან. მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველ დღე დილით და საღამოს ჩვენს ხალხს, საზოგადოებას, იმისთვის, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროონ ქვეყნის მართვა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ფორმულამ" 4 ოქტომბრის მონაცემებით Edison Research-ის კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
  2. აშშ-ის ავიაციამ იემენი დაბომბა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  4. ირანის სულიერი ლიდერი: გამარჯვება მოდის ალაჰისგან და ის ახლოსაა
  5. როგორ მოიპარა "ოცნებამ" "ალტ-ინფოს" ნარატივი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ფინანსთა სამინისტრომ მიღებული სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირების კრიტერიუმები დაამტკიცა

2024 წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ცვლილება „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“…