რამდენ ხანში განადგურდება სიცოცხლე დედამიწაზე? — რას ამბობს მეცნიერება
გავრცელებული მოსაზრებით, ეს 5 მილიარდ წელში მოხდება, როცა ჩვენი მზე ზომაში გაიზრდება და დედამიწას შთანთქავს. თუმცა, როგორც ჩანს, იმაზე ცოტა დრო დაგვრჩა, ვიდრე გვგონია.
ირონიულია, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას რამდენადაც ურჩევნია, საკუთარ სიკვდილზე არ იფიქროს, ამდენადვე იტაცებს აპოკალიფსური თემატიკა. ჰოდა, ამ სტატიაში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.
მზე სამუდამოდ არ იარსებებს
დედამიწის საათმა მანამ დაიწყო ათვლა, ვიდრე პლანეტა იარსებებდა. ჩვენი მსოფლიოს ბედი მთლიანად გადაჯაჭვულია მზესთან, მის ენერგიის წყაროსთან. მზე ახლა ხუთი მილიარდი წლისაა და ის ყოველთვის "ნასესხები დროით" ცოცხლობდა.
ყველა სხვა ვარსკვლავის მსგავსად, მზეც საკუთარ გრავიტაციას ებრძვის. 1,989 x 1030 კგ მასის შიდა ჩახშობა ქმნის წნევას წყალბადის ბირთვების შეკუმშვისა და ჰელიუმად შერწყმის მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ E=mc2, წყალბადის ბირთვული მასის ნაწილი გარდაიქმნება ენერგიად — სინათლედ — რომელიც საბოლოოდ აღწევს მზის ზედაპირზე. იქიდან ის გადაინაცვლებს კოსმოსში და, სხვა პლანეტებთან ერთად, ათბობს დედამიწას. ეს ბრძოლა, რომელშიც მზე წინასწარვე დამარცხებულია, ჩვენი ვარსკვლავის დაბადებიდან იწყება.
თუკი წყალბადი საწვავია, რომელიც მზეს კვებავს, მაშინ რაღაც მომენტში ეს საწვავი ამოიწურება. აქ მთავარია წყალბადი მზის ბირთვში, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც წნევა და ტემპერატურა საკმარისად მაღალია თერმობირთვული სინთეზისთვის. მას შემდეგ, რაც, დაახლოებით, 5 მილიარდ წელში, ბირთვული წყალბადი გაქრება, მზეს პრობლემები შეექმნება. როდესაც ცენტრში ინერტული ჰელიუმის მეტი აღარაფერი დარჩება, გრავიტაციული ზეწოლა ბირთვზე გაიზრდება. ამ მომენტიდან კი მზეს მხოლოდ 100 მილიონი წლის სიცოცხლე დარჩება. ენერგიის ნაკადის შესანარჩუნებლად, მზე შეცვლის საკუთარ თავს, რაც, საბოლოოდ, მის ბირთვს შეამცირებს, ხოლო გარე ფენებს გაზრდის და გადაიქცევა გიგანტურ წითელ ვარსკვლავად. მისი, როგორც წითელი გიგანტის, არსებობის ბოლო ეტაპზე, მზე ზომაში, ალბათ, იმდენად გაიზრდება, რომ დედამიწას შთანთქავს. აი, ასე "შეჭამს" მზე კრონოსივით საკუთარ პლანეტას.
თუმცა, თუკი ფიქრობთ, რომ 5 მილიარდი წელი საკმაოდ დიდი დროა და სანერვიულო არაფერია, გეტყვით, რომ ამ დროის შემდეგ თავად პლანეტა განადგურდება, თუმცა მის ბიოსფეროს გაცილებით ნაკლები დრო დარჩა.
ცხოვრება უკუკავშირია
პრობლემა კვლავ იწყება ვარსკვლავსა და მის გრავიტაციას შორის ომით. მიუხედავად იმისა, რომ წყალბადი "ბედნიერად" იწვის მზის ბირთვში, ცვლილებები მაინც ხდება. ყოველი კილოგრამი წყალბადის მასის შერწყმით, მზის შიდა რეგიონები ხელახლა რეგულირდება, ოდნავ იკუმშება და ასევე ოდნავ ზრდის მის ტემპერატურას. მაგრამ სიჩქარე, რომლითაც ბირთვული შერწყმა გამოიმუშავებს ენერგიას, ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის მიმართ. ბირთვის ტემპერატურის უმნიშვნელო მატებაც კი იწვევს მზის სიკაშკაშის შესამჩნევ ზრდას. ეს ნიშნავს, რომ მზე ნელ-ნელა უფრო კაშკაშა ხდება მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში.
ეს ნელი ზრდა არის ის, რაც გაანადგურებს დედამიწის ბიოსფეროს ბევრად ადრე, სანამ მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა. ეს იმიტომ ხდება, რომ მზის სიკაშკაშესა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურას შორის პირდაპირი კორელაციაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველის გაზრდა გაზრდის მეორესაც.
ტემპერატურის ასეთ მატებას ბიოსფერო შუამავლობს, რასაც ნეგატიურ უკუკავშირს ვუწოდებთ. მაგალითად, თუკი დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს უფრო მეტ ამრეკლავ ღრუბლების საფარს, მაშინ მზის მეტი შუქი დაბრუნდება კოსმოსში, რაც პლანეტას გაგრილებაში დაეხმარება. მაგრამ ნეგატიური უკუკავშირი დიდხანს ვერ იმუშავებს. რამდენადაც მზე უფრო კაშკაშა ხდება, ის გამოიწვევს სწრაფად მზარდ ეფექტებს, რომლებიც, საბოლოოდ, ბიოსფეროს გაანადგურებს. ამ ეფექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ოკეანეების აორთქლებაა. წყლის ორთქლი ბევრად უფრო ძლიერი სათბურის გაზია, ვიდრე CO2. როდესაც მზე საკმარისად კაშკაშა გახდება, რომ ზღვის წყალი მაღალ დონეზე ააორთქლოს, ატმოსფერო წყლის ორთქლით გაივსება და ტენიან, სწრაფად მზარდ სათბურად გადაიქცევა. ეს პოზიტიური უკუკავშირის ერაა. აორთქლება პლანეტას უფრო აცხელებს, რაც, თავის მხრივ, უფრო მეტ აორთქლებას იწვევს და იქმნება ჯაჭვური რეაქცია, რომლის შედეგადაც პლანეტა იმდენად გაცხელდება, რომ მასზე არსებული სიცოცხლე განადგურდება.
ნუ შეგეშინდებათ
და რამდენი დრო დარჩა დედამიწის ბიოსფეროს განადგურებამდე? — დაახლოებით, მილიარდი წელი. ეს გაცილებით მოკლე დროა, ვიდრე 5 მილიარდი წელი, რომლის ბოლოსაც პლანეტას მზე შთანთქავს. თუმცა, ნუ აღელდებით, რადგან ეს დრო საკმარისად ბევრია იმისათვის, რომ კაცობრიობა სხვა პლანეტებსა თუ სისტემებში დასახლდეს. მანამდე კი ცხოვრებისეული მიზნების დასახვასა და შესრულებას ნამდვილად მოასწრებთ.
კომენტარები