ოქროს მონეტა ადასტურებს, რომ რომის "გამოგონილი" იმპერატორი ნამდვილად არსებობდა
უძველესი ოქროს მონეტა ადასტურებს, რომ მესამე საუკუნის რომის იმპერატორი, რომელიც ისტორიაში გამოგონილ პერსონაჟად ითვლებდა, ნამდვილად არსებობდა.
მონეტა, რომელიც სპონსიანის სახელს და პორტრეტს ატარებს 300 წლის წინ აღმოაჩინეს ტრანსილვანიაში. ტრანსილვანია ოდესღაც რომის იმპერიის ნაწილი იყო. თუმცა, ითვლებოდა, რომ მონეტა ყალბი იყო და ის მუზეუმში ინახებოდა.
ახლა კი მეცნიერები ამბობენ, რომ მიკროსკოპის ქვეშ შესწავლილი ნაკაწრები ადასტურებს, რომ ის 2000 წლის წინ მიმოქცევაში იყო. ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ პირსონმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, BBC News-ს განუცხადა, რომ ის გაოგნებულია აღმოჩენით.
"ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არის იმპერატორი! ის გამოგონილ პერსონაჟად ითლებოდა და ისტორიკსებმა ისტორიიდან ჩამოწერეს. თუმცა, ჩვენ ახლა მიგვაჩნია, რომ ის ნამდვილად არსებობდა და ისტორიაშიც ჰქონდა თავისი როლი", — თქვა პირსონმა.
მონეტა, რომელიც ისტორიას ცვლის 1713 წელს აღმოჩინეს. თავიდან ითვლებოდა, რომ ეს იყო ნამდვილი რომაული მონეტა, თუმცა შემდეგ გაჩნდა ეჭვები. ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ მონეტა ყალბი იყო.
მონეტის ავთენტურობამ საბოლოო დარტყმა 1863 წელს მიიღო, როდესაც ჰენრი კოენმა, მონეტების იმდროინდელმა წამყვანმა ექსპერტმა მონეტა შეისწავლა. მან დაასკვნა, რომ მონეტა ყალბი იყო და მეტიც, ის "სასაცილოდ იყო გაყალბებული". ჰენრი კოენის ავტორიტეტმა გაჭრა და მას სხვა ექსპერტებიც დაჰყვნენ. შესაბამისად, მონეტა თავის იმპერატრთან ერთად "გაყალბებლად" ჩაითვალა.
თუმცა, პროფესორმა პირსონმა მონეტის ფოტო ნახა და სხვა აზრი გაუჩნდა. მან შენიშნა ნაკაწრები, რომელიც მონეტის მიმოქცევაში ყოფნაზე მიუთითებდა. ის დაუკავშირდა გლაზგოს უნივერსიტეტის მუზეუმს, სადაც მონეტა ინახებოდა და იკითხა შეეძლო თუ არა მონეტის შესწავლა.
ასეთი სულ ოთხი მონეტა აღმოჩნდა. პირსონმა და მისმა კოლეგებმა ოთხივე მონეტა მძლავრი მიკროსკოპის ქვეშ გამოიკვლიეს. მათ ჟურნალ PLOS 1-ში გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ადასტურებენ, რომ მონეტები ავთენტურია და ისინი ოდესღაც მიმოქცევაში იყო. ქიმიურმა ანალიზმა ისიც გამოავლინა, რომ მონეტები მიწაში ასობით წლის განმავლობაში იყო ჩამარხული.
მკვლევრებმა ახლა უნდა უპასუხონ კითხვას, ვინ იყო სპონსიანი?
მკვლევრები თვლიან, რომ ის იყო სამხედრო მეთაური, რომელიც რომის იმპერიის შორეული პროვინციის დაკიის იმპერატორად დაინიშნა. არქეოლოგიური კვლევების მიხედვით, დაკია მოწყდა რომის იმპერიის დანარჩენ ნაწილს დაახლოებით 260 წელს. იქ იყო პანდემია, სამოქალაქო ომი და იმპერია იშლებოდა.
მტრებით გარშემორტყმულმა და რომიდან მოწყვეტილმა სპონსიანმა, სავარაუდოდ, აიღო მმართველობა თავის თავზე. ის ქაოსისა და სამოქალაქო ომის პერიოდში იცავდა დაკიის სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობას წესრიგის აღდგენამდე და პროვინციის ევაკუაციამდე 271-დან 275 წლამდე.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის მოსახლეობის დაცვაზე იყო პასუხისმებელი. თუმცა, მას საქმეს ის ურთულებდა, რომ მოწყვეტილი იყო რომის იმპერიას. შესაბამისად, მან სავარაუდოდ ყველაფერი საკუთარ თავზე აირო და თავი რეგიონის იმპერატორად გამოაცხადა. ამიტომაც, მან საკუთარი მონეტების მოჭრა გადაწყვიტა", — ამბობენ მკვლევრები.
ეს თეორია ხსნის, თუ რატომ განსხვავდება კონკრეტული ოთხი მონეტა რომის სხვა მონეტებისგან.
"მათ შეიძლება ისიც არ იცოდნენ თუ ვინ იყო რომის ნამდვილი იმპერატორი, რადგან ამ დროს სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. შესაბამისად, დაკიაში სჭირდებოდათ უმაღლესი სამხედრო მეთაური რომის რეალური ძალაუფლების არარსებობის პირობებში. როგორც ჩანს, მან მეთაურობა და იმპერატორობა საკუთარ თავზე აიღო", — ამბობს პროფესორი პირსონი.
ბრუკენტალის ეროვნული მუზეუმის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრუ კონსტანტინე ჩიტუსას თქმით აღმოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა ტრანსილვანიისა და რუმინეთის ისტორიისთვის.
"კონკრეტულად ტრანსილვანიისა და რუმინეთის ისტორიისთვის, ასევე ზოგადად ევროპის ისტორიისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია. თუ შედეგები საბოლოოდ დადასტურდება ჩვენი ისტორია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურას შეიძენს", — თქვა მან.
კომენტარები