ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფერო ყველაზე დეტალურად შეისწავლა
ახალმა დაკვირვებებმა გამოავლინა ღრუბლები, ქიმიური შემადგენლობა და შორეული პლანეტის ფორმირების ისტორიაც კი
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი პოტენციალი. ტელესკოპმა ეგზოპლანეტების ატმოსფერო სრულად შეისწავლა. ჯერ კიდევ აგვისტოში, ასტრონომებმა პლანეტა WASP-39b-ის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.
სხვა დაკვირვებებმა ასევე გამოავლინა გოგირდის დიოქსიდი, რომელიც პირველად დააფიქსირეს ეგზოპლანეტაზე. ასევე გამოვლინდა მტკიცებულება იმისა, თუ როგორ იქმნება ეს ქიმიური ნივთიერება ვარსკვლავური შუქის საშუალებით, რაც ასევე პირველად მოხდა. მკვლევრებმა ეგზოპლანეტის ღრუბლის შესახებაც მოიპოვეს ინფორმაცია და გაარკვიეს თუ როგორ ჩამოყალიბდა ის.
ტესტი: რა იცი ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე
თუ ფიქრობთ, რომ ეს ბევრია, როდესაც საქმე ეხება ეგზოპლანეტას, რომელიც მდებარეობს ჩვენგან 700 სინათლის წლის მანძილზე, მართალი ხართ. ეს მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტის ატმოსფეროს ყველაზე კომპლექსური შესწავლაა, რაც რამდენიმე წლის წინ ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო.
WSP-39b სატურნის აფუებული ვერსიაა, რომელსაც აქვს დაახლოებით იგივე მასა, მაგრამ თავის ვარსკვლავთან უფრო ახლოს ბრუნავს. ეს ვარსკვლავი, თავის მხრივ მზეზე ოდნავ პატარაა. ეგზოპლანეტა ვარსკვალვის გარშემო ბრუნვას სულ რაღაც ოთხ დღეს ანდომებს.
შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების პირველი ფოტოები — რა დავინახეთ
ვარსკვლავთან ასე ახლოს ყოფნის გამო, ასტრონომებს შეუძლიათ შეისწავლონ მისი ატმოსფერო, როდესაც პლანეტა ვარსკვლავის წინაა. ამით ვარსკვლავური შუქის ნაწილი იფილტრება ატმოსფეროში. თავის მხრივ, ჯეიმს ვების ტელესკოპს შეუძლია გამოიყენოს გაფილტრული შუქი ამ შორეულ სამყაროში ჰაერის ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად.
"ეს ადრეული დაკვირვებები კიდევ უფრო გასაოცარ აღმოჩენებს გვპირდება. ჩვენ ტელესკოპი ეგზოპლანეტის შესასწავლად მივმართეთ და მისი მონაცემები თითქმის უნაკლოა — იმაზე უკეთესიც, ვიდრე წარმოგვედგინა", — თქვა მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის დირექტორმა ლორა კრეიდბერგმა.
ჯერ კიდევ აგვისტოში, პლანეტის ნახშირორჟანგზე დაკვირვებებმა გამოავლინა უცნობი მახასიათებლის არსებობა. ახალი მონაცემების წყალობით კი, ასტრონომებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს არის გოგირდის დიოქსიდი. წყლის მოლეკულები, რომლებიც უხვადაა WASP-39b-ის ატმოსფეროში, შეიძლება დაიყოს ვარსკვლავური შუქით და წყალბადის ატომები ურთიერთქმედებენ წყალბადის სულფიდთან. ეს იწვევს გოგირდის დიოქსიდის წარმოქმნას. მთელი ეს პროცესი პირველად დადასტურდა ეგზოპლანეტაზე.
პლანეტის ატმოსფეროს ქიმიურმა შემადგენლობამ პლანეტის წარსულის შესახებაც გვიამბო. ნახშირბადის ჟანგბადთან, კალიუმთან და გოგირდთან პროპორციით, ჯგუფი თვლის, რომ პლანეტა ჩამოყალიბდა პატარა სხეულების აკრეციის შედეგად.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ატმოსფეროში ნახშირბადზე გაცილებით მეტი ჟანგბადია, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პლანეტა თავიდან ვარსკვლავისგან გაცილებით შორს ჩამოყალიბდა და შემდეგ მიგრირდა შიგნით. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ატმოსფეროში არის სულფიდები და სილიკატებისაგან შედგენილი ღრუბლები.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
აღმოჩენები მოხსენებულია ნაშრომების სერიაში, რომლებიც მიღებულია Nature-ში გამოსაქვეყნებლად, ხოლო ზოგიერთი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
კომენტარები