მეცნიერთა პროგნოზით, მყინვარების სწრაფი დნობა ტონობით უცნობ ბაქტერიას გამოათავისუფლებს
დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არსებული მყინვარები საგანგაშო სისწრაფით ლღვება. მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ასეთი ადგილები შეისწავლეს. ისინი ვარაუდობენ, რომ, თუ ყინულის დნობა მომდევნო 80 წელიწადშიც ისევ ამ ტემპით გაგრძელდება, ბუნებაში უამრავი ბაქტერია გამოთავისუფლდება.
მყინვარები მხოლოდ წყალს, მინერალებსა და აირებს არ შეიცავს, არამედ მათში ორგანულ მატერიასაც ვხვდებით, რომელიც იქ ძალიან დიდი ხანია, ინახება. ასეთი მიკრობების გამოყენება ახალი ანტიბიოტიკების შესაქმნელად შეგვიძლია, თუმცა დიდი რაოდენობით ბაქტერიების კატალოგიზება გაგვიჭირდება, თანაც რა გავლენას იქონიებენ ისინი ეკოსისტემაზე, კითხვისნიშნის ქვეშაა.
სპეციალისტებმა ჯამში 10 მყინვარის წყალი გამოიკვლიეს, მათ შორის გრენლანდიაზე, ალპებში, კანადის არქტიკასა და შპიცბერგენზე. სითხის ყოველ მილიმეტრში ავტორებმა საშუალოდ ათობით ათას მიკრობს მიაგნეს. ისინი პროგნოზირებენ, რომ ამ გზით გამოთავისუფლებული ბაქტერიების რაოდენობა მომდევნო რამდენიმე დეკადაში იმდენად გაიზრდება, რომ ასობით ათას ტონას გაუტოლდება.
ეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მდინარეებში, ტბებსა თუ ოკეანეებში 650 000 ტონა ნახშირბადის ჩადინების ეკვივალენტურია. ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი, გარკვეულწილად, ადამიანთა ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და ემისიების შესამცირებლად უნდა გადავდგათ.
უძველესი და პოტენციურად უცნობი მიკრობები წყლის ეკოსისტემებთან შევლენ ურთიერთქმედებაში და შესაძლოა, ჩვენ მიერ გამოყენებად სასმელ წყალშიც მოხვდნენ. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რამდენად საფრთხის შემცველი იქნება ეს, რადგან მეცნიერებმა მხოლოდ ბაქტერიების ბიომასა გამოთვალეს და კონკრეტული სახეობები ან მათი მდგომარეობა არ გამოუვლენიათ.
"რისკი, სავარაუდოდ, ძალიან უმნიშვნელოა, თუმცა ფაქიზ შეფასებას საჭიროებს", — ამბობენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები