ანტარქტიკის ყინულის ქვეშ შესაძლოა, მიკროსკოპული სიცოცხლე ყვაოდეს
ახალი კვლევის თანახმად, სამხრეთის ოკეანეში მოტივტივე შელფური მყინვარების ქვეშ შესაძლოა ფიტოპლანქტონები, ანუ მიკროსკოპული ორგანიზმები ბინადრობდნენ. თუ ეს ასეა, ანტარქტიკის რეგიონის ეკოსისტემაზე ჩვენი წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეიცვლება.
საინტერესოა, რომ ასეთი ტიპის პლანქტონებს ზრდისთვის ფოტოსინთეზი ესაჭიროება, თუმცა ამისთვის მზის სინათლე ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სქელი ყინულის მიღმა კი ჩვენი ვარსკვლავის სხივები ვერ აღწევს, ამიტომ იქ მსგავსი სიცოცხლის არსებობისთვის სათანადო პირობები არაა.
ამის მიუხედავად, ბოლო დროს არქტიკის მიმდებარედ ფიტოპლანქტონებს მიაგნეს, რომელთა გაჩენასაც ყინულის გათხელებამ, ლღობამ და მათზე ნაპრალების წარმოქმნამ შეუწყო ხელი. შესაბამისად, მეცნიერებმა კვლევის ახალ ობიექტად ანტარქტიკა შეარჩიეს, რისთვისაც სპეციალური ტივტივები გამოიყენეს, რომლებიც სხვადასხვა ხელსაწყოთია აღჭურვილი.
მოპოვებული ინფორმაცია ხელოვნური თანამგზავრების მიერ შეგროვებულ ინფორმაციასთან და კლიმატის მოდელებთან შეჯერდა, რათა ამ რეგიონში ყინულის ქვეშ მიკროორგანიზმების გავრცელებადობა გამოეთვალათ.
სხვადასხვა ინდიკატორის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ყინულის სეზონურ უკუსვლამდე პლანქტონთა რაოდენობის ზრდა შეინიშნებოდა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ანტარქტიკის ყინულქვეშა არეალის 50 პროცენტზე მეტი შესაძლოა, ფიტოპლანქტონებს შეიცავდეს, რადგან სამხრეთი ოკეანეში არსებული ყინული დანაწევრებულია და ღია წყალში სინათლის შეღწევის საშუალებას იძლევა", — აცხადებენ ავტორები.
მართალია, კვლევაში გარკვეული უზუსტობები გამოვლინდა, თუმცა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ეს გამოსწორდება. მათი თქმით, უკანასკნელი მონაცემები მაინც საკმაოდ მყარ მტკიცებულებას შეიცავს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Marine Science გამოქვეყნდა.
კომენტარები