დედამიწას საკუთარი კლიმატის დასტაბილურება შეუძლია, თუმცა არა ისე სწრაფად, რომ გადაგვარჩინოს
მიუხედავად იმისა, რა ზიანს მივაყენებთ ადამიანები პლანეტას, სასიცოცხლოდ აუცილებელ ტემპერატურას ის მაინც შეინარჩუნებს, თუმცა რა ტიპის სიცოცხლე იქნება ამ დროისთვის, ვერ ვიტყვით
ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწას, მიუხედავად ვულკანური აქტივობის, გამყინვარების პერიოდებისა და მზის რადიაციის ცვლილებისა, საკუთარი ტემპერატურის დასტაბილურების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამ პროცესს, საშუალოდ, 100 000 წელზე მეტი სჭირდება.
მკვლევრების აზრით, ეს "მასტაბილიზებელი უკუკავშირი" ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ დედამიწამ გასული 3.7 მილიარდი წლის განმავლობაში სიცოცხლის შენარჩუნება შეძლო. ამას აქამდეც ეჭვობდნენ, თუმცა ახლა გარკვეული მტკიცებულებები გამოიკვეთა.
ამ მტკიცებულებების აღმოსაჩენად, მეცნიერებმა პლანეტის გასული 66 მილიონი წლის პალეოკლიმატური მონაცემები იკვლიეს და შეუსაბამეს მას მათემატიკური მოდელირება, რათა განესაზღვრათ, შეუძლია თუ არა რამდენიმე ფაქტორს დედამიწის საშუალო ტემპერატურის ცვლილებაზე გავლენის მოხდენა.
"ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომლის კლიმატზეც ძალიან ბევრი დრამატული გარეგანი ცვლილება მოქმედებდა, რატომ შენარჩუნდა სიცოცხლე დღემდე? ერთი არგუმენტი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება რაიმე მასტაბილიზებელი მექანიზმი, რათა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ტემპერატურა შევინარჩუნოთ, თუმცა მსგავსი მექანიზმის არსებობა, რომელიც დედამიწის კლიმატს აკონტროლებდა, ჩვენთვის ცნობილი არ არის", — განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) კლიმატის მეცნიერმა კონსტანტინ არნშაიდტმა.
მკვლევართა გუნდის აზრით, მთავარი მექანიზმი სილიკატების გამოფიტვაა. ვინაიდან სილიკატების ქანები დროთა განმავლობაში იფიტება, მინერალების უფრო ღრმა ფენები შედის ატმოსფეროსთან კონტაქტში. სილიკატების ქიმიური რეაქცია გამოათავისუფლებს ნახშირორჟანგს ატმოსფეროში და აკავებს მას კლდესა და ოკეანის ნალექში.
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაღალი რაოდენობა გამოფიტვის ხარისხს ზრდის, რაც შედეგად ატმოსფეროსთან კონტაქტში მყოფი სილიკატების რაოდენობას ზრდის. ეს ნახშირორჟანგის გამოფრქვევის, შესაბამისად დათბობის პროცესს აჩერებს.
ბუნებრივია, ტემპერატურის სტაბილიზაციის დროითი ჩარჩო ემთხვევა სილიკატის გამოფიტვის პერიოდს, რაც 400 000 წლამდე გრძელდება.
მკვლევართა მტკიცებით, გეოლოგიური უკუკავშირის ამ მექანიზმის გარეშე ჩვენი პლანეტის ტემპერატურული რყევა უფრო და უფრო მკვეთრი გახდებოდა. ამის ცოდნა აუცილებელია დედამიწის წარსულისა და მომავლის გასაგებად.
"რაღაც გაგებით, ეს ჰგავს სიტუაციას, როცა გზაზე ავტომობილით სწრაფად მიდიხართ და მუხრუჭს დააჭერთ. თქვენი მანქანა დიდი ხანი ისრიალებს, სანამ გაჩერდება. არსებობს დროის შუალედი, რომელშიც მასტაბილიზებელი უკუკავშირი მოქმედებს და სისტემა თავდაპირველ მდგომარეობას უბრუნდება". — განაცხადა გეოფიზიკოსმა დანიელ როთმანმა.
მიუხედავად ამისა, მექანიზმი არ არის ერთადერთი, რისი საშუალებითაც გადავრჩით. როცა მკვლევრები უფრო ფართო პერიოდს დააკვირდნენ (მილიონ წელზე მეტს), მსგავსი მასტაბილიზებელი მექანიზმი ვერ აღმოაჩინეს, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევითობასაც აქვს წვლილი იმაში, რომ დედამიწაზე სიცოცხლე შენარჩუნდა.
ავტორები ასკვნიან, რომ თუ სილიკატების გამოფიტვის პროცესი საკმარისად სწრფი იქნება და ტემპერატურის ცვალებადობა ძალიან მკვეთრი არ იქნება, შანსი გვაქვს, გადავრჩეთ.
დიდი ალბათობით, მიუხედავად იმისა, რა ზიანს მივაყენებთ ადამიანები პლანეტას, სასიცოცხლოდ აუცილებელ ტემპერატურას ის მაინც შეინარჩუნებს, თუმცა რა ტიპის სიცოცხლე იქნება ამ დროისთვის, ვერ ვიტყვით.
კვლევა ჟურნალ Science Andvances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები