ნახეთ: ავსტრალიელმა მეცნიერებმა ახალი ღრმაწყლოვანი სახეობები აღმოაჩინეს
ერთ-ერთი უკანასკნელი ღრმაწყლოვანი ექსპედიციის შედეგად ავსტრალიელმა მეცნიერებმა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროსთან არაერთი ჯერ არნახული სახეობა აღმოაჩინეს!
"ჩვენ ახალი სახეობების აღმოჩენის პერსპექტივით აღფრთოვანებულები ვართ. შესაძლოა, არათუ ახალი სახეობები, არამედ სიცოცხლის ხის ახალი განშტოებებიც კი ვიპოვეთ, რომლებიც დღემდე ამ გამოუკვლევი რეგიონის ტალღების ქვეშ იმალებოდნენ". — განაცხადა Museums Victoria-ს საზღვაო უხერხემლოების უფროსმა კურატორმა ტიმ ო'ჰარამ
რამდენად მართალია ო'ჰარას ვარაუდი, ჯერ არ ვიცით, თუმცა, ფაქტია, წყალქვეშ თითქმის 5500 მეტრის სიღრმეზე ჩაღწევისა და "ნადირობის" შემდეგ მკვლევრები ხელცარიელი არ დაბრუნებულან. მათ მიერ აღმოჩენილი ღრმაწყლოვანი სახეობები შესაძლოა მეცნიერებისათვის მართლაც სიახლე იყოს.
აღმოჩენილი სახეობები
მეცნიერები მოპოვებულ სახეობებს ჯერ კიდევ ახარისხებენ, თუმცა რამდენიმე განსაკუთრებული უცნაურობა მაინც გაასაჯაროვეს. ზოგი მათგანი ჯერ არასდროს გვინახავს, ხოლო ზოგი იმდენად იშვიათია, რომ მკვლევრებს აპლოდისმენტები მაინც ეკუთვნით.
პირველი სახეობა აბსოლუტურად გამჭვირვალე თევზია, რომელსაც წყალქვეჟა ჟელე-მონსტრი შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა სინამდვილეში, სავარაუდოდ, გველთევზას შორეული ნათესავია.
"მათ ძალიან რბილი, მოშვებული, ჟელატინის მსგავსი კანი აქვთ და საოცრად იშვიათები არიან" — განაცხადა Australian Broadcasting Corporation-თან ინტერვიუში Museums Victoria-ს კოლექციების უფროსმა მენეჯერმა დიან ბრეიმ.
შემდეგი სახეობა ძალიან უცნაურ, ზომაში დაპატარავებულ სკაროსს ჰგავს, აქვს ასევე რბილი კანი და მომცრო კუდი. შეიძლება ის ერთი შეხედვით ამაზრზენად მოგვჩვენებოდა, რომ არა ზედმეტად ადამიანური და საყვარელი გამომეტყველება.
შემდეგი აღმოჩენა სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს გააღიმებს. ეს არც მეტი, არც ნაკლები, თევზი-ტრიპოდია. ამ ძალიან უცნაურ სახეობას სამი წვრილი, გრძელი კიდურის მსგავსი წანაზარდი აქვს, რომლის საშუალებითაც ფსკერზე გადაადგილება, დგომა და ნადირობა შეუძლია.
ნადავლში მოხვდა პირველად ათიოდე წლის წინ აღმოჩენილი უიშვიათესი Acanthonus armatus-იც, რომელიც ძალიან ღრმად ბინადრობს (მათ შორის მარიანის ღრმულშიც) და მკვლევრებს მისი ნახვის ბედნიერება, შესაბამისად, იშვიათად აქვთ.
ბოლოს კი თქვენს ყურადღებას bathysaurus mollis იმსახურებს, რომელიც ღრმა წყლის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და იშვიათი მტაცებელია.
რასაკვირველია, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, როცა სიცოცხლის ხეს ახალი სახეობები შეემატება. როგორც ჩანს, ოკეანის ფლორისა და ფაუნის საიდუმლობების შესახებ ძალიან ბევრი რამე ჯერ ისევ არ ვიცით.
კომენტარები