აზერბაიჯანი ამბობს, რომ "ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები" დააკავა
ორშაბათს, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინეს და გაანეიტრალეს უკანონო შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც შექმნილი და კონტროლირებადი იყო ირანის სპეცსამსახურების მიერ.
უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯგუფის წევრებს ჰქონდათ ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლითაც ისინი მესამე ქვეყნების გავლით თეირანში გაემგზავრნენ, შემდეგ კი სამხედრო თვითმფრინავებით სირიაში გადაიყვანეს.
"ისინი ჩართულები იყვნენ სამხედრო წვრთნებში სირიის ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას და საბრძოლო ტაქტიკას ასწავლიდნენ, თითოეულ ადამიანს, ვინც წვრთნებში მონაწილეობდა სხვადასხვა რაოდენობის თანხა გადაეცა", — წერდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მათი განცხადებით, 19 დაკავებულის გარდა, კიდევ 4, თოჰიდ იბრაჰიმბეილი, როვშან ასადოვი, ორხან მამედოვი და ელშად ჰაჯიევი — საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. მათი მტკიცებით, 4-ვე ამჟამად ირანში იმალება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა აიყვანა წარსულში ნასამართლები აზერბაიჯანელები, რომლებიც თავს რელიგიური ოპოზიციური ჯგუფის, "მუსლიმთა ერთიანობის" წევრებად მოიაზრებდნენ.
"ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ჩვენი მოძრაობის სახელის გამოყენების და უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ეს ადამიანები ჩვენი წევრები არიან", — უთხრა RFE/RL-ს რელიგიურმა ჯგუფმა.
გაზრდილი დაძაბულობა
დაკავებები ირანსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებული დაძაბულობის დროს მოხდა.
17 ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები ჩაატარა.
ოთხშაბათს, აზერბაიჯანის სპეცრაზმმა ასევე დაიწყო სამხედრო წვრთნები, გენერალ-ლეიტენანტ ჰიკმატ-მირზაევის ხელმძღვანელობით, ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე ირანთან.
ხუთშაბათს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაჰირ ხასანოვი თან ახლდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამეთაურო ჯგუფის მეთაურს აზერბაიჯანში, სადაც სამხრეთში სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნა დაათვალიერეს.
"სამწუხაროა, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ტყუვდება რელიგიის ნიღბით", — განაცხადა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა აგილ აბასმა, ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის კომენტირებისას. ასევე, დასძინა, რომ, ირანის ერთადერთი მნიშვნელობა აზერბაიჯანისთვის არის ქვეყნისთვის აფტაფას (სანიტარული დოქები, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება დეფეკაციის შემდეგ გასაწმენდად), სალოცავი მძივებისა და წამლების მიწოდება.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა და ჩაცხრა. " "რატომ ახლა და რატომ ჩვენს საზღვარზე?" — ეს კითხვა დასვა გასულ წელს თურქეთის საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, როცა აზერბაიჯანის საზღვართან გამართულ ირანის სამხედრო წვრთნებზე საუბრობდა.
"ამ კითხვებს არა მე, არამედ აზერბაიჯანული საზოგადოება სვამს. ასევე ჩნდება კითხვა, რატომ ტარდებოდა ამ რეგიონში ოკუპაციის დროს [როდესაც ის მთიანი ყარაბაღის კონტროლის ქვეშ იყო] წვრთნა?"
ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც სომხეთმა და ირანმა კავშირების გაღრმავება დაიწყეს.
სამშაბათს, სომხეთმა და ირანმა რამდენიმე მიმართულებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მათ შორის, სომხეთიდან ირანისთვის გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ. ოქტომბრის ბოლოს, ირანულმა წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ სომხეთი დაინტერესებული იყო ირანიდან სამხედრო დრონების შეძენით, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ირანი ასევე ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის "ზანგეზურის დერეფანზე" აზერბაიჯანის მოთხოვნებს — შეთავაზებული დერეფანი, რომელიც სომხეთის სინიუქის რაიონის გავლით სახმელეთო აზერბაიჯანს ნახიცევანთან დააკავშირებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები