რუსეთმა Su-57 გამანადგურებლის ახალი ვერსია გამოცადა
რუსეთი ამ საფრენი აპარატის წარმოებას 2000-იანი წლებიდან უშედეგოდ ცდილობს
ახალი ამბების რუსული სამთავრობო სააგენტო Tass-ის ინფორმაციით, რუსეთმა მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელ Su-57-ის ახალი ვერსია გამოცადა.
Su-57 მრავალფუნქციური საფრენი აპარატია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ. გამანადგურებელი აღჭურვილია სტელს (stealth) ტექნოლოგიებით, რომლის დამსახურებითაც რადარებს მისი შემჩნევა უჭირთ. მოხსენების მიხედვით, Su-57-ს შეიარაღების ფართო სპექტრის გამოყენება შეუძლია, აქვს განვითარებული რადარი, ინფრაწითელი ძიების ტექნოლოგია და მოახლოებული რაკეტის შესახებ გაფრთხილების ულტრაიისფერი სხივებით მოქმედი სისტემა.
ტრადიციულად, გამანადგურებლის ახალი ვერსიის შექმნაზე, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კორპორაცია Rostec-ის Sukhoi Design Bureau-მ იმუშავა. 56 წუთიანი სატესტო ფრენა გრომოვის ინსტიტუტის ტერიტორიაზე შესრულდა. სამთავრობო სააგენტოს ცნობით, ასევე დაიტესტა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც პილოტს ფრენისას დაეხმარება.
რუსეთისა და Su-57-ის ტოქსიკური ურთიერთობა
რუსეთის ფედერაციის მცდელობები, რომ შეექმნა სრულყოფილი Su-57 2000-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა საფრენი აპარატის ძრავებს მუდმივად კომპრესორის პრობლემები ჰქონდა. ამის გამო ინჟინრებს მოუწიათ გამოეყენებინათ მოძველებული Saturn AL-41F1 ტიპის ძრავები, რომლებსაც Su-35-ის წარმოებაში იყენებენ.
მიუხედავად ამისა, 2010 წლის სატესტო ფრენებისას გამანადგურებლის კორპუსზე ბზარები გაჩნდა, რამაც პროექტი ციდან ისევ სამუშაო მაგიდაზე დააბრუნა. წლების განმავლობაში გამოცდილმა ინჟინრებმა ახალი კომპონენტები და გაუმჯობესებული დიზაინი შეიმუშავეს, საბოლოოდ კი... 2019 წლის სატესტო ფრენისას Su-57 ჩამოვარდა... ავიაგამანადგურებელი, რომლის სერიული წარმოებაც 2017 წლისთვის იგეგმებოდა, 2021 წელს შეიქმნა. 2022 წლის სექტემბრისთვის 2 ახალი Su-57-ის წარმოება მოხერხდა და წლის ბოლომდე კიდევ 2-ის შექმნაა დაგეგმილი.
გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელზეც ამ სტატიაში მოგითხრობთ, Su-57M ერქმევა და გაუმჯობესებული ძრავა ექნება. Business Insider-ის ცნობით, პროექტის კოდური სახელი "მეგაპოლისი" იყო. ამავე ცნობების მიხედვით, Su-57M-ში წინამორბედების AL-41F-1 ძრავს ახალი "izdeliye 30" ჩაანაცვლებს.
რამდენი ასეთი საფრენი აპარატის წარმოება შეუძლია რუსეთს?
რუსეთის საჰაერო ძალებს სურს Su-57-ების დიდი საჰაერო ფლოტი შექმნას, რათა კონკურენცია გაუწიოს აშშ-ის F-15-ს, F-16-სა და F/A-18-ს. ამისათვის, იგეგმება 2024 წლამდე 22, ხოლო კიდევ 4 წლის განმავლობაში 76 გამანადგურებლის შექმნა.
მიუხედავად გეგმებისა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ამ ამბიციურ გეგმას ეჭვქვეშ აყენებს. სანქციებმა, რომლებიც დასავლურმა ქვეყნებმა დაუწესეს აგრესორს, ქვეყნის აეროკოსმოსურ ინდუსტრიას ძლიერი დარტყმა მიაყენა. Su-57-ის წარმოებისათვის, რომელიც ნაწილობრივ AI-ს ეყრდნობა, განვითარებული მიკროჩიპების დიდი რაოდენობაა საჭირო, ეს კი ფუფუნებაა, რომელსაც პუტინი მოკლებულია.
Tass-ის ცნობები სულაც რომ მართალი იყოს (რაც იშვიათად ხდება), Su-57M-ის წარმატებით გამოცდა პანიკის საფუძველი არ შეიძლება იყოს. ამ ტიპის სამხედრო ტექნოლოგიების სერიულ წარმოებას უდიდესი რესურსი სჭირდება, რომელიც სანქციების დამსახურებით რუსეთს აღარ აქვს. AI ტექნოლოგიებით აღჭურვილ ავიაგამანადგურებელზე უარის თქმა არის ალტერნატივა, რომელიც აგრესორ სახელმწიფოს ამ ეტაპზე დარჩა.
კომენტარები