როგორ გააფრთხილა Google-მა კალიფორნიელები მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ
შეიძლება, ერთ დღეს თქვენმა მობილურმა გაგაღვიძოთ შეტყობინებით "ახლა შეგაქანებს".
სან-ფრანცისკოს ყურის მიმდებარედ 25 ოქტომბრის დილით ანდროიდის სისტემის მობილურებმა ზუზუნი დაიწყო: ცოტა ხანში მობილურის მფლობელები 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იგრძნობდა. გაფრთხილება Android-ის მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო, ზოგ შემთხვევაში წამებით ადრე, ვიდრე მიწა იძვრებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ სისტემის მობილურებმა მსგავსი გაფრთხილება მიიღეს, თუმცა ვინაიდან ყურის მიმდებარე ტერიტორია ძალიან მჭიდროდ არის დასახლებული, ეს ფუნქცია ადამიანების დიდმა რაოდენობამ შენიშნა. ტრადიციულად, მიწისძვრა გაუფრთხილებლად, დაუცველ ადამიანებს აზარალებს ხოლმე, ამ ტიპის ტექნოლოგია კი სწორედ უმნიშვნელოვანესი წუთებისა და წამების მოსაგებადაა შექმნილი. იმისათვის, რათა ადამიანმა ელემენტარული სიფრთხილის ნორმების გათვალისწინება შეძლოს.
"ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მიწისძვრის წინასწარი შეტყობინების მთელი სისტემა. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რაზეც ადრე ვერც კი ვიფიქრებდით", — განაცხადა ShakeAlert-ის ოპერაციების ჯგუფის წევრმა, რობერტ დე გრუტმა.
ტექნოლოგიას არ შეუძლია მიწისძვრების წინასწარმეტყველება — ეს არც არავის შეუძლია და აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) აზრით, ეს არც განჭვრეტად მომავალშია შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიას შეუძლია მიწისძვრა ადამიანებზე ადრე აღმოაჩინოს. ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ერთ დღეს ამ შეტყობინებების გაგზავნა ბევრად სწრაფად იქნება შესაძლებელი, რათა ადამიანებს საფრთხისათვის თავის დასაღწევად მეტი დრო დარჩეთ.
25 ოქტომბერს Android-ს ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ ShakeAlert-მა მიაწოდა, რომელიც აღიქვამს მიწისძვრის კერებს დასავლეთ სანაპიროზე და გადასცემს სიახლეს სახელმწიფო სააგენტოებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს. Google-მა გადადგა ნაბიჯი ამ ინფორმაციის სწრაფად გასაჯაროებისკენ და ძვირფასი წამების მოგებისკენ. თავდაპირველად კომპანიამ ჩაუშვა გაფრთხილება თავის სისტემაში, შემდეგ კი გააგზავნა ის შეტყობინებების სახით იმ მოწყობილობებში, რომლებიც იმ მომენტში დასავლეთ სანაპიროზე იყვნენ. გაფრთხილების მისაღებად არანაირი აპლიკაციის გადმოწერა არაა საჭირო.
სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: როცა მიწისძვრა ხდება, ის აგზავნის სეისმურ ტალღებს, რომელთა აღქმაც მხოლოდ USGS-ის 1300 სენსორს შეუძლია. როცა სენსორთაგან 4 ერთად იღებს სიგნალს, ისინი აგზავნიან გაფრთხილებას მონაცემთა ანალიზის ცენტრში. თუ ეს მონაცემები შეესაბამება შესაბამის კრიტერიუმებს, ShakeAlert სისტემა წყვეტს, თუ რამდენად ძლიერია რხევები. თუ მოსალოდნელმა მიწისძვრამ შეიძლება ზიანი გამოიწვიოს, ShakeAlert უგზავნის მონაცემებს მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, მათ შორის Google-ს, რომელიც მოგვიანებით გამაფრთხილებელ სიგნალს უშვებს.
სისტემას თავისი ხარვეზები, რასაკვირველია, აქვს. სეისმური ტალღები სწრაფად მოძრაობს, რაც უფრო ახლოს არის მიწისძვრის ეპიცენტრთან ადამიანი, მით ნაკლებია შანსი იმისა, რომ ის რყევის დაწყებამდე მიიღებს გაფრთხილებას. USGS სენსორები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მათ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაგზავნას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ასევე, რთულია ზუსტად განვსაზღვროთ მიწისძვრის სიმძლავრე: შეტყობინების მიხედვით, ის 4.8 მაგნიტუდის უნდა ყოფილიყო, თუმცა, საბოლოოდ 5.1 შეადგინა.
Google-მა პერსონალური მობილურებიც მიწისძვრის მინიატურულ სენსორებად აქცია. ყველა სმარტფონს აქვს აქსელერომეტრი, რომელსაც მიწისძვრის სიგნალის აღქმა შეუძლია. თუ ამ სიგნალს აღიქვამს, მობილური აგზავნის შეტყობინებას სერვერზე, ტერიტორიის მითითებით. ამის შემდეგ სერვერი აგროვებს მობილურებიდან შეგროვებულ ინფორმაციას, თუ სად ხდება მიწისძვრა ზუსტად და აგზავნის შესაბამის შეტყობინებებს.
მობილური მიწისძვრის სიგნალს მხოლოდ მაშინ აღიქვამს, როცა უძრავ მდგომარეობაში, დამტენზეა შეერთებული და დაბლოკილია. ეს სისტემას თავიდან აარიდებს ცრუ განგაშს. ამჟამად მუშაობა სიგნალის გადაცემის აჩქარებაზე მიმდინარეობს.
ტელეფონების სენსორებით აღჭურვა ძვირადღირებული სენსორების დამონტაჟებაზე ბევრად იაფი და სწრაფი გზაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უფრო საიმედოა.
საბოლოოდ, ყველა ამ სენსორს, მიწისქვეშას თუ იმას, რომელსაც ჯიბით ვატარებთ, შეუძლია კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მნიშვნელოვანი დრო მოგვაგებინოს, რადგან, როგორც წესი, რყევის დაწყების შემდეგ მოქმედება დაგვიანებულია.
კომენტარები