ევროპა მოსალოდნელ ენერგოკრიზისს მომზადებული ხვდება
უჩვეულოდ თბილი შემოდგომისა და გაძლიერებული იმპორტის დამსახურებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები თანდათან ძველ ნიშნულს უბრუნდება.
ევროპამ, ბევრისთვის გასაკვირად, ფართოდ განხილული და ბევრის მიერ მომავალ კატასტროფად შეფასებული ენერგოკრიზისისათვის მზადების პროცესი წარმატებით დაიწყო. Bloomberg-სა და New York Times-ის მიხედვით, ევროკავშირს ახლა იმაზე მეტი ბუნებრივი აირის მარაგი აქვს, ვიდრე სჭირდება.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის გაზის საცავების 93.6% სავსეა, საიდანაც ყველაზე კარგი მდგომარეობა გერმანიაშია, რომელმაც 97.5%-ის შევსება მოახერხა. Financial Times-ის მიხედვით კი ბუნებრივი აირის ფასები ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე მივიდა, რაც აგვისტოს ფასის მესამედს შეადგენს.
სიტუაცია აქტიური მოქმედებების დამსახურებაა, რომელსაც ბუნებრივი აირის იმპორტის კუთხით ევროპამ რუსეთის მხრიდან მიწოდების შეჩერებისთანავე მიმართა. კარგი ამბავია ისიც, რომ შემოდგომაზე თბილი ამინდების სიმრავლემ მოთხოვნის ზრდა შეამცირა. თუ ზამთარიც თბილი იქნება, ევროპა მოსალოდნელ კრიზისს მარტივად გადალახავს.
ჩვეულებრივ, ევროკავშირის ენერგიის მოთხოვნის 1/5 დან 1/3-მდე, ბუნებრივ აირზე მოდის, ხოლო Eurostat-ის 2020 წლის მონაცემებით, რუსეთიდან ამ ენერგორესურსის 40%-ზე მეტი შემოდიოდა, მაგრამ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ეს რიცხვი საგრძნობლად შეამცირა. აგრესორის მხრიდან მუქარების გამო, ქვეყნებმა მარტში რუსული ენერგიის ჩამნაცვლებელი ალტერნატივების ძიება გადაწყვიტეს, რასაც რუსეთმა ექსპორტის კიდევ უფრო შემცირებით უპასუხა.
ამის შემდეგ, ნორდსტრიმის გაზსადენი გამოვიდა მწყობრიდან, გარემოში გამოუშვა მეთანის რეკორდული რაოდენობა და შეწყდა გათხევადებული ბუნებრივი აირის რუსეთიდან გერმანიისკენ ტრანსპორტირება. გაზსადენის დაზიანებამ საბოტაჟის ეჭვები გააჩინა, ევროპულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ აფეთქება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ახლოს სპეციალურად მოხდა. ევროპამ რუსეთი დაადანაშაულა, რუსეთმა კი თითი კოლექტიური "დასავლეთისკენ" გაიშვირა.
სტანდარტული მიწოდების ჩასანაცვლებლად ევროკავშირი განახლებადი წყაროებისა და ქვანახშირის გამოყენებასაც კი გეგმავს, თუმცა ფასების ძალიან მაღალმა ზრდამ ბუნებრივი აირის ისეთი ექსპორტიორების ყურადღება მიიპყრო, როგორებიც აშშ, კატარი და სხვა ქვეყნები არიან, რომელთაც ევროპაში გემებით დიდი როდენობა გაგზავნეს.
თბილ ამინდთან ერთად, ევროკავშირის მომარაგების აგრესიულმა სტრატეგიამ, როგორც ჩანს, გაამართლა, რადგან ენერგორესურსების დეფიციტის საფრთხე ამ დროისათვის აღმოფხვრილია. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ მარაგები შორეულ პერსპექტივაში საკმარისი იქნება. ცივი ამინდის შემთხვევაში გერმანიის ბოლომდე სავსე მარაგებიც კი მხოლოდ 2 თვისთვისაა საკმარისი.
"რეალური გამოცდა მაშინ დაიწყება, როცა პირველი სიცივე მოვა და მარაგები დაცლას დაიწყებს", — განუცხადა New York Times-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონათან სტერნმა.
ევროპას ბუნებრივი აირის შემოტანა მთელი ზამთრის განმავლობაში მოუწევს, რათა ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან იყოს დაზღვეული, როგორიც ცუდი ამინდით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვაა, ფასის ვარდნა კი ამ პროცესს პრობლემას უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ფასები ჯერ ისევ ისტორიულად მაღალია და ევროკომისია ფასის ჭერის დაწესებასაც კი განიხილავს.
წიაღისეული საწვავის მიწოდების მსგავსი არასტაბილურობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროპაში განახლებადი ენერგიის განვითარების აუცილებლობას. კლიმატის ცვლილებებთან ერთად, კონფლიქტებით სავსე სამყაროში ბუნებრივი აირი სანდო ენერგეტიკულ წყაროს აღარ წარმოადგენს.
კომენტარები