ჩვენი ტვინები კვანტური კომპიუტერივით მუშაობს? — ახალი კვლევა
ახალი აღმოჩენა დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რატომ ჯობნის ჩვენი ტვინი სუპერკომპიუტერებს გარკვეულ ასპექტებში.
ტვინის სიმძლავრე
მაშინ, როცა მეცნიერები უფრო დიდი და მძლავრი კვანტური კომპიუტერების შექმნას ცდილობენ, შესაძლოა, ერთი მძლავრი კომპიუტერი უკვე არსებობდეს ჩვენს თავებში.
ახალ კვლევაში, რომელიც ამ თვეს გამოქვეყნდა Journal of Physics Communications-ში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფი ვარაუდობს, რომ ჩვენი ტვინი შეიძლება რეალურად იყენებდეს კვანტურ გამოთვლებს.
თუკი ეს დადასტურდება — რისთვისაც ფართო მასშტაბის კვლევა-ძიება იქნება საჭირო — აღმოჩენა დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რატომ ჯობნის ჩვენი ტვინი სუპერკომპიუტერებს გარკვეულ ასპექტებში.
კვანტური ცერებრუმი
მათი დასკვნა ეყრდნობა კვანტური ჩახლართულობის იდეას. ეს ფენომენი აღწერს ნაწილაკებს, რომლებიც ცვლის ერთმანეთის კვანტურ მდგომარეობას, მაშინაც კი, როცა ისინი დიდი მანძილითაა დაშორებული.
"ჩვენ გადავაკეთეთ ექსპერიმენტებისთვის შემუშავებული იდეა კვანტური გრავიტაციის არსებობის დასამტკიცებლად. ამ იდეის საშუალებით თქვენ იღებთ ცნობილ კვანტურ სისტემებს, რომლებიც ურთიერთქმედებენ უცნობ სისტემებთან", — აღნიშნა კრისტიან კერსკენსმა, კვლევის თანაავტორმა და წამყვანმა ფიზიკოსმა ტრინიტის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების ინსტიტუტიდან. "თუკი ცნობილი სისტემები იხლართება, მაშინ უცნობიც კვანტური სისტემა უნდა იყოს. ეს გვერდს უვლის საზომი ხელსაწყოების მოძიების სირთულეს იმის შესახებ, რაზეც არაფერი ვიცით."
ამ ექსპერიმენტის შემთხვევაში, ჩვენს ტვინში წყლის პროტონული სპინები ასრულებდა "ცნობილი სისტემის" როლს. შემდეგ კერსკენსმა და მისმა გუნდმა გამოიყენეს MRI გამოსახულების სპეციალური ფორმა, რათა დაედგინათ, იყო თუ არა რომელიმე პროტონის სპინი კვანტურად ჩახლართული.
საინტერესოა, რომ მეცნიერებმა საბოლოოდ გამოავლინეს ტვინის სპეციფიკური ელექტრული სიგნალი, რომელიც ცნობილია როგორც გულის მოქმედების პოტენციალი, და, მათი თქმით, ჩვეულებრივ, არ ვლინდება MRI–ით.
მეცნიერთა ვარაუდით, ის, რამაც მათ საშუალება მისცა, აღმოეჩინათ ეს პოტენციალი, არის კვანტური ჩახლართულობა თავის ტვინში პროტონების სპინებში.
"თუკი ჩახლართულობა აქ ერთადერთი შესაძლო ახსნაა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ტვინის პროცესები უნდა ურთიერთქმედებდეს ბირთვულ სპინებთან და შუამავლობდეს ბირთვულ სპინებს შორის ჩახლართვას", — თქვა კერსკენსმა. "შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტვინის ეს ფუნქციები კვანტური უნდა იყოს."
ჩახლართული აზრები
მთლიანობაში, ეს დამაინტრიგებელი წინადადებაა, მაგრამ კიდევ ბევრი რამის დამტკიცებაა საჭირო. თუმცა, ერთი რამ ცხადია: კვლევა ეყრდნობა შედარებით უახლეს მიღწევებს კვანტური გრავიტაციის სფეროში. და, როგორც კვლევაში მონაწილე მეცნიერები აღიარებენ, მათი ძალისხმევა, ძირითადად, კვანტური ფიზიკის პერსპექტივით იყო განხორციელებული.
მოკლედ, მათი თეორიის დამტკიცება, ადამიანის ტვინის სირთულის გათვალისწინებით, მოითხოვს მნიშვნელოვან მულტიდისციპლინურ ძალისხმევას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ამაღელვებელი შესაძლებლობაა.
კომენტარები