სამთავრობო მედიასაშუალება China Daily-ის მიხედვით, ჩინეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Hyperloop სტილის მაგნიტური ლევიტაციით მოძრავი მატარებელი წარმატებით დატესტა.

მკვლევრებმა მატარებელი ჩრდილოეთ ჩინეთში, შანსის პროვინციაში, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის "ტრასაზე" გამოსცადეს. მათი ცნობით, ვაკუუმურ მილში მატარებლის სიჩქარემ დაახლოებით 130 კმ/სთ-ს მიაღწია.

ეს მხოლოდ დასაწყისია. გუნდის მიზანი სრული 60 კმ სიგრძის სატესტო ტრასის აშენებაა, რომელშიც მატარებელმა 1000 კმ/სთ-ს უნდა მიაღწიოს!

ტესტმა, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს აბსოლუტურად ახალი სახის სწრაფმავალი მატარებლების სისტემას, დაახლოებით ისეთს, როგორსაც Hyperloop, ილონ მასკის მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს შემოთავაზებული იდეა წარმოადგენს.

ექსპერიმენტს მიღმა მდგარ ინჟინრებზე დაყრდნობით, ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა ვაკუუმურ მილში მოძრავი მაგლევი წარმატებით გამოიცადა.

მაგნიტური ლევიტაციით მოძრავ მატარებელს ძალიან ცოტა ქვეყანაში ვხვდებით, თუმცა დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. მეტიც, ამ კვირაში იაპონურმა მატარებელმა საკუთარი რეკორდი მოხსნა და ჯერ მიუღწეველ სისწრაფეს, 603 კმ/სთ-ს მიაღწია — ვაკუუმური მატარებლის კონცეპტი კი ჯერ კიდევ შორსაა სრული რეალიზებისგან.

საზოგადოებისთვის ყველაზე კარგად ცნობილი ვაკუუმის მილში მოძრავი მატარებლის იდეა, როგორც უკვე ვახსენეთ, ილონ მასკის Hyperloop-ია, რომელიც ასევე საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს. მიუხედავად ოპტიმიზმისა და ადრეული ტესტირებებისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს სრულმასშტაბიანი Hyperloop სისტემის მშენებლობა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გამოყენებაში ჩაშვებაზე.

2022 წლის დასაწყისში მასკმა განაცხადა, რომ The Boring Company Hyperloop მიწისქვეშა სისტემის მშენებლობას რამდენიმე წელიწადში დაასრულებს, თუმცა დროის დაახლოებით რა მონაკვეთი იგულისხმა, სამწუხაროდ, არ ვიცით. მიუხედავად ამისა, ჩინეთის უკანასკნელი წარმატების ფონზე, როგორც ჩანს, მილიარდერი ამ რბოლაში მარცხდება.

შესაძლოა, არც ისე შორსაა დრო, როცა 1000 კმ/სთ არანორმალურ სიჩქარედ აღარ მოგვეჩვენება.