ჰაბლმა სინათლის სიჩქარეზე 7-ჯერ სწრაფი რადიაციის ნაკადი დააფიქსირა — ილუზია?
2017 წელს ასტრონომებმა 2 ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგად გამოყოფილი რადიაციის ნაკადი დააფიქსირეს. GW170817-ის სახელით ცნობილი მოვლენა იმდენად ენერგიული იყო, რომ ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებას მოგვაგონებდა.
მეცნიერებმა მის შესასწავლად ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენება გადაწყვიტეს და ის იმ რეგიონისკენ მიმართეს, სადაც ეს ორი ობიექტი გაერთიანდა, შავი ხვრელი წარმოქმნა და მატერიის მიზიდვა დაიწყო. ამ აირმა და მტვერმა მბრუნავი დისკო გააჩინა, რომლისგანაც სწრაფი ნაკადები გამოიყოფოდა. ისინი ერთმანეთთან გადაიკვეთა და მატერიის გაფართოებადი "გარსი" წალეკა.
ჰაბლის მონაცემები სპეციალისტებმა რადიოტელესკოპებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან შეაჯერეს. ეს მათ იმ ადგილის დაზუსტებაში დაეხმარა, სადაც ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება მოხდა.
ჰაბლის დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რადიაციის ნაკადი კოსმოსში სინათლის სიჩქარეზე 7-ჯერ სწრაფად გადაადგილდებოდა. რადიოტელესკოპთა მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი მოგვიანებით შემცირდა და სინათლის სიჩქარეზე 4-ჯერ სწრაფი იყო.
ყველამ ვიცით, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა არაფერს შეუძლია. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საქმე ერთგვარ ილუზიასთან ჰქონდათ.
"რადგან ნაკადი დედამიწას თითქმის სინათლის სიჩქარით უახლოვდება, სინათლეს, რომელიც მოგვიანებით გამოიყოფა, ჩვენამდე უფრო ნაკლები მანძილი აქვს გასავლელი. არსობრივად, ნაკადი საკუთარ სინათლეს მისდევს. რეალურად, ნაკადის მიერ სინათლის გამოყოფიდან იმაზე დიდი დროა გასული, ვიდრე დამკვირვებელს ჰგონია. ამის გამო, ობიექტის ნავარაუდები სისწრაფე გადაჭარბებულია", — ვკითხულობთ NASA-ს ვებგვერდზე.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ასტრონომებმა გამოითვალეს, რომ სინამდვილეში, ნაკადი გამოთავისუფლებისას სინათლის სიჩქარის დაახლოებით 99.97%-ით გადაადგილდებოდა.
კომენტარები