მენსტრუალური ტკივილების მოხსნაში შესაძლოა ეს საკვები დაგეხმაროთ — ახალი კვლევა
ქალების დაახლოებით 85% განიცდის მტკივნეულ შებერილობას, კრუნჩხვებსა და მუცლის ტკივილს ყოველთვიური მენსტრუაციის დროს, ხოლო ზოგისთვის ეს პრობლემები შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.
"ვინაიდან მენსტრუალური ტკივილი მოზარდი გოგების სკოლაში არყოფნის მთავარი მიზეზია, მნიშვნელოვანია ისეთი ვარიანტების აღმოჩენა, რომლებიც შეამცირებს ტკივილს", — აღნიშნა ექიმმა სტეფანი ფუბიონმა, მაიოს კლინიკის ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა.
კვლევების ახალი ანალიზის მიხედვით, არსებობს ქცევითი კორექტირება, რომლითაც ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ ტკივილი შეიმცირონ. "კვების რაციონის მოდიფიკაცია შეიძლება იყოს შედარებით მარტივი გამოსავალი, რომელიც მათ არსებით შვებას მოჰგვრის", — დასძინა ფუბიონმა.
კვლევის აბსტრაქტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ოთხშაბათს NAMS-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, იკვლევს კავშირს კვების რაციონსა და დისმენორეას, მტკივნეულ მენსტრუაციას, შორის. წამყვანმა ავტორმა, სერა სანომ, განაცხადა, რომ მისი ამ თემით დაინტერესება გამოიწვია საკუთარმა მენსტრუალურმა ტკივილმა, რომელიც მას მოზარდობიდან აწუხებდა.
"მე აღმოვაჩინე, რომ დიეტა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ანთებით საკვებს, როგორიცაა ცხოველური ხორცი, ზეთი, შაქრები, მარილები და ყავა, ხელს უწყობს ტკივილის გაზრდას ქალებში მენსტრუაციის დროს", — თქვა სანომ.
"ბევრი რამ, რისი ჭამაც ახალგაზრდებს უყვართ, არის ძალიან ანთებითი... ლანჩის ხორცი, შაქრითა და ტრანს ცხიმებით სავსე საკვები. მაგრამ თუ დაიცავთ ანთების საწინააღმდეგო დიეტას, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის დიეტა, და მიირთმევთ ხილს, ბოსტნეულს, ზეითუნის ზეთს — ნაკლები ტკივილი გექნებათ", — აღნიშნა NAMS-ის საბჭოს წევრმა მონიკა ქრისთმასმა.
მეცნიერულმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ჯანსაღი დიეტა, კარგი ძილი და ვარჯიში ეფექტური ზომებია კრუნჩხვების ხანგრძლივობისა და სიმძიმის შესამცირებლად, — დასძინა ქრისთმასმა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქალებმა მიმართონ ჯანდაცვის პროვაიდერს და დარწმუნდნენ, რომ მათი მენსტრუალური ტკივილები რაიმე სხვა სამედიცინო მდგომარეობით არ არის გამოწვეული.
როდესაც თქვენი სხეული ემზადება მენსტრუაციისთვის, ენდომეტრიული უჯრედები, რომლებიც ქმნიან საშვილოსნოში გარსს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად, იწყებს დაშლას. ამ პროცესის დროს, ეს უჯრედები გამოყოფს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს, პროსტაგლანდინებს, რათა საშვილოსნოს შრე შეიკუმშოს და გამოუყენებელი ქსოვილი გამოდევნოს. სხეული ასევე ათავისუფლებს პროსტაგლანდინებს ბუნებრივად მშობიარობის დროს, რათა გაიხსნას საშვილოსნოს ყელი ჩვილის დაბადებისთვის.
რა იწვევს ტკივილს?
პროსტაგლანდინები მოქმედებს როგორც ჰორმონები და იწვევს სისხლძარღვებისა და გლუვი კუნთების შეკუმშვას, რაც განაპირობებს კრუნჩხვასა და ტკივილს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პროსტაგლანდინების დონეები უფრო მაღალია და საშვილოსნოს შეკუმშვა უფრო ძლიერი და ხშირია მენსტრუალური ტკივილის მქონე ქალებში, ვიდრე ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ მცირედი ტკივილი ან საერთოდ არ აქვთ ტკივილი, — აღნიშნა ოჯახის ექიმების ამერიკულმა ასოციაციამ (American Association of Family Physicians).
კვლევებმა აჩვენა, რომ ანთებითი საკვების მიღება ქალებს მხოლოდ დისკომფორტს მატებს. მაღალდამუშავებული და შაქრის შემცველი საკვები და ცხიმიანი, ზეთიანი საკვები, ჩვეულებრივ, ყველაზე დიდი "დამნაშავეა". 2018 წლის კვლევის მიხედვით, კოლეჯის სტუდენტებს, რომლებიც მეტ სასუსნავს მიირთმევდნენ, მეტი ტკივილი აღენიშნებოდათ მენსტრუაციის დროს.
ესპანელი კოლეჯის სტუდენტების კიდევ ერთმა 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც სვამდნენ კოლას და ჭამდნენ ხორცს, უფრო მეტად განიცდიდნენ ტკივილს ციკლის დროს, ვიდრე ქალები, რომლებიც მეტ ბოსტნეულსა და ხილს მიირთმევდნენ. ამავდროულად, 2020 წლის კვლევის თანახმად, ქალებს, რომლებიც დღეში ორ პორციაზე ნაკლებ ხილს იღებდნენ, ახასიათებდათ უფრო მტკივნეული მენსტრუალური ციკლი.
სანოს მიხედვით, პრობლემის ნაწილი ასევე არის დისბალანსი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს შორის. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები — ნაპოვნი საკვებში, როგორებიცაა: ორაგული, ტუნა, სარდინი, ხამანწკები, ნიგოზი, ჩია და სელის თესლი — არის ანთების საწინააღმდეგო. კვლევები მათ უკავშირებს ანთებით გამოწვეული მრავალი ქრონიკული დაავადების რისკის შემცირებას.
ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები, გარდა მათი როლისა რეპროდუქციულ სისტემაში, ინარჩუნებს კანის, თმისა და ძვლების სიჯანსაღეს და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის რეგულირებას. მაგრამ ამ ცხიმოვანი მჟავებიდან ძალიან ბევრმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესები, როდესაც სხეული საბოლოოდ შლის მათ არაქიდონის მჟავად, რომელიც ამცირებს სხეულის ტკივილის ამტანობას.
"ჩემი კვლევის შედეგად აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს, რომლებსაც დიეტაში, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან მიღებულ დიეტაში, ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა აქვთ, ასევე აღენიშნებათ ორგანიზმში არაქიდონის მჟავის მაღალი დონე, რაც ზრდის ანთების პროსტაგლანდინების რაოდენობას და ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას", — თქვა სანომ. "როდესაც თქვენ გაქვთ დიეტა, რომელიც აბალანსებს ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, და ამცირებთ ანთებითი საკვების რაოდენობას, თქვენი მტკივნეული მენსტრუაციის შანსი მცირდება."
2011 და 2012 წლებში ჩატარებულმა ორმა ცალკეულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც იღებდნენ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დანამატებს, ამცირებდნენ მენსტრუალური დისკომფორტის ინტენსივობას იმდენად, რომ ტკივილის შესამსუბუქებლად იბუპროფენის ხშირი მიღება არ სჭირდებოდათ. ამასთანავე, 1996 წელს ჩატარებულმა კვლევამ წარმოაჩინა უაღრესად მნიშვნელოვანი კავშირი ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და მოზარდებში მენსტრუაციის მსუბუქ სიმპტომებს შორის.
სხვა საშუალებები
კვების რაციონის შეცვლა არ არის ერთადერთი გზა მენსტრუალური ტკივილის წინააღმდეგ საბრძოლველად. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე NSAID-ები, ამცირებს პროსტაგლანდინების გამომუშავებას, რის გამოც ისინი კრუნჩხვების მკურნალობის ძირითად საყრდენს წარმოადგენს.
თუმცა, ამ ტკივილგამაყუჩებლებს ასევე აქვთ გვერდითი მოვლენებიც. 2015 წლის Cochrane Library-ის მტკიცებულებების მიმოხილვის მიხედვით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები დაკავშირებულია შებერილობასთან, დიარეასთან, თავბრუსხვევასთან, საჭმლის მონელების დარღვევასთან, თავის ტკივილთან, გულძმარვასთან, მაღალ არტერიულ წნევასთან, ღებინებასა და, იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის ფერმენტების ამაღლებასთან.
ზოგიერთი ჩასახვის საწინააღმდეგო აბი ასევე ამცირებს პროსტაგლანდინების გამომუშავებას საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, რაც შემდეგ ამცირებს სისხლის ნაკადსა და კრუნჩხვებს. 2009 წლის კოკრანის ბიბლიოთეკის მიმოხილვის მიხედვით, 35 მიკროგრამზე ნაკლები დოზები ეფექტურად მოქმედებდა მენსტრუაციის დროს ძლიერ სისხლდენასა და ტკივილებზე.
მაგრამ თუკი ამ მეთოდების გამოყენებით დაინტერესებული არ ხართ, ან გსურთ დამატებითი გზების პოვნა, მაშინ სცადეთ ანთების საწინააღმდეგო დიეტა. სანომ თავისი კვლევა პრაქტიკაში გამოიყენა წითელი ხორცისა და სხვა ანთებითი საკვების, როგორებიცაა შაქარი და ყავა, მოხმარების შემცირებით და განუცხადა CNN-ს, რომ ამან შეამცირა მისი მენსტრუალური ტკივილი.
ქრისთმასის თქმით, ანთების საწინააღმდეგო კვების რაციონის შემუშავებას სხვა დამატებითი სარგებელიც მოსდევს:
"ეს დიეტები ასევე ასოცირდება ნაკლებ მაღალ წნევასთან, ნაკლებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, ნაკლებ დიაბეტთან, ნაკლებ ართრიტთან, ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებასთან, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ. ასე რომ, თუკი ახალგაზრდები უკეთესად გამოიკვებებიან, ივარჯიშებენ და იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ასაკთან ერთად ისინი უკეთესად იქნებიან."
ამიტომ, თუკი მენსტრუაციისას ტკივილები ხშირად გაწუხებთ, შეგიძლიათ, ზემოხსენებული საშუალებებიდან — საკვების რაციონის ცვლილებიდან და NSAID-ების მიღებიდან — ერთ-ერთი აირჩიოთ. მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ მენსტრუალური ტკივილები რაიმე სხვა სამედიცინო მდგომარეობით არ არის გამოწვეული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანსაღი კვების რაციონისა და ცხოვრების წესის მიღება არა მხოლოდ მენსტრუალური ტკივილების შემსუბუქებაში, არამედ ცხოვრების მრავალი ასპექტის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კომენტარები