ორფეხა რობოტმა სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
ორეგონის შტატის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრების მიერ შექმნილმა ორფეხა რობოტმა კესიმ ახლახან გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა (რობოტებში). მან 100-მეტრიან ბილიკზე გარბენს მხოლოდ 24.73 წამი მოანდომა, რაც მსგავსი მოწყობილობისთვის მაქსიმალური შედეგია.
კესიმ გარბენი ისე შეასრულა, რომ არ წაქცეულა. ეს დიდი მიღწევაა: 2 მექანიკურ ფეხზე მდგარი რობოტების აწყობა ინჟინრების, რობოტექნიკის სპეციალისტებისა და პროგრამისტების სერიოზულ შრომას მოითხოვს, რადგან რაც ჩვენ ასე მარტივად და ბუნებრივად გამოგვდის, სინამდვილეში საკმაოდ ძნელია.
"დგომით პოზიციაში მოძრაობის დაწყება და გაჩერება ბევრად რთულია, ვიდრე თავად სირბილი, ზუსტად ისე, როგორც თვითმფრინავისთვის — აფრენა და დაშვება", — აცხადებენ მეცნიერები.
მკვლევრებმა სწრაფად სირბილისთვის მოწყობილობის მოსამზადებლად საჭირო 1 წლიანი პერიოდი 1 კვირაში ჩაატიეს, რაც პარალელიზაციის მეთოდის მეშვებით მოახერხეს. ეს საშუალებას იძლევა, რომ სისტემაში რამდენიმე დამოუკიდებელი პროცესი ან გამოთვლა ერთდროულად წარიმართოს.
შედეგად, კესის გადაადგილების სხვადასხვა ხერხი "ასწავლეს" ისე, რომ აჩქარებისას წონასწორობა შეენარჩუნებინა და არ წაქცეულიყო. როგორც ვხედავთ, მან ამას წარმატებით გაართვა თავი. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ეს რობოტი სენსორებით ან კამერებით არაა აღჭურვილი, ანუ "ბრმად" მოძრაობს.
კესი მეცნიერებმა DARPA-ს 1-მილიონიანი გრანტის გამოყენებით 16 თვეში შექმნეს. ის პირველი ორფეხა რობოტია, რომელიც მანქანური სწავლების დახმარებით ღია სივრცის რელიეფზე გადაადგილებას აკონტროლებს და კიბეებზე ადის/ჩადის. გასულ აგვისტოს მან უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე 5-კილომეტრ მანძილზეც კი ირბინა, რამაც მეცნიერებს უკვე სიჩქარის მომატებისკენ უბიძგა.
ისინი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მომავალში რობოტიკაში კიდევ ბევრ საინტერესო მიღწევას ვიხილავთ.
კომენტარები