Apple-მა iPhone 14-ის წარმოების ზრდის გეგმაზე უარი თქვა — გაიგეთ, რატომ
Apple-ის ახალი iPhone 14 არ აღმოჩნდა ისეთი პოპულარული და მოთხოვნადი, როგორც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიაში ეგონათ. ამიტომ Apple-მა წარმოების ზრდის გეგმაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე ისაა, რომ Apple-ის ანალიტიკოსები iPhone 14-ზე მოთხოვნის ზრდას მოელოდნენ, ამიტომ თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, რომ შარშანდელთან შედარებით (2021 წლის მეორე ნახევარში კომპანიამ 90 მილიონი ერთეული გამოუშვა) წელს ერთეულების რაოდენობა წლის მეორე ნახევარში 6 მილიონით უნდა გაზრდილიყო, თუმცა, წინასწარი სტატისტიკის მიხედვით, კომპანიამ ამ ზრდაზე უარი თქვა.
ხაზგასასმელია, რომ ახალმა iPhone 14-მა ექსპერტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ის ტექნიკური მახასიათებლებით პრაქტიკულად არ განსხვავდება წინამორბედი iPhone 13-ისგან, რაზეც შეკვეთების დაბალი მაჩვენებელიც მიუთითებს. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით 14 Pro-სა და Pro Max-ზე, რომლებზეც მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ კი რეგულარულ მოდელსაც გადაუსწრო. როგორც ჩანს, გაუმჯობესებული ეკრანის, კამერების, პროცესორისა და "მოძრავი კუნძულის" სანაცვლოდ მომხმარებელი შედარებით უფრო მაღალი საფასურის გადასახდელადაც არის მზად. ამ მოდელების გაყიდვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია რამდნეიმე კვირაში გვექნება, როდესაც ოქტომბერში ისინი გაყიდვაში ჩაეშვება.
ექსპერტების მიხედვით, ტექნიკურ ხარვეზებზე მეტად დაბალი მოთხოვნა მსოფლიოში მაღალმა ინფლაციამ და სამომხმარებლო ხარჯების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. ამას დაემატა რუსეთისა და უკრაინის მასშტაბით Apple-ის პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვის საკითხიც, რასაც ასევე აქვს ნეგატიური გავლენა გაყიდვებზე.
ამის ფონზე Apple საკუთარ წარმოებას ინდოეთში ზრდის — ამ კვირაში კომპანიამ ინდოეთში iPhone 14-ის წარმოება დაიწყო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უახლეს iPhone-ს მისი გამოშვებიდან რამდენიმე კვირაში ადგილობარივად აწარმოებენ.
JP Morgan-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, Apple 2025 წლისთვის საკუთარი წარმოების 25%-ის ინდოეთში გადატანა სურს. თავდაპირელად ინდური ქარხნები მხოლოდ iPhone 14-სა და 14 Plus-ს გამოუშვებენ და კომპანიის მთლიანი წარმოების 5%-ს დაფარავენ (ყოველწლიურად 1 მილიონ ერთეულს).
კომენტარები