მეცნიერთა გუნდმა მცირე ზომის რობოტების "არმია" თაგვებში პნევმონიის სამკურნალოდ გამოიყენა, რის შედეგადაც მღრღნელების ფილტვები პათოგენებისგან წარმატებით გაათავისუფლა. ეს ექსპერიმენტი იმედს გვაძლევს, რომ მომავალში მსგავსი მეთოდი ადამიანებშიც გაამართლებს.

მიკრორობოტები სპეციალისტებმა წყალმცენარეების უჯრედებისგან შექმნეს და ანტიბიოტიკური ნანონაწილაკებით დაფარეს. პირველი კომპონენტი მათ ფილტვებში გადაადგილების საშუალებას აძლევს, რაც საკმაოდ ეფექტიანია. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ყველა ცდისპირი თაგვი გამოჯანმრთელდა, სხვები კი სამ დღეში დაიხოცნენ.

"თაგვების მონაცემების მიხედვით, მიკრორობოტებს პოტენციურად შეუძლია, ბაქტერიული პათოგენების გასანადგურებლად ანტიბიოტიკთა შეღწევადობა გააუმჯობესოს და უფრო მეტი პაციენტის სიცოცხლე იხსნას", — აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორი, ვიქტორ ნიზე.

მიკრორობოტზე მწვანედ წყალმცენარეა გამოსახული, ანტიბიოტიკურ ნანონაწილაკებს კი მოყავისფრო შეფერილობა აქვს.

ფოტო: Fangyu Zhang and Zhengxing Li

ნანონაწილაკები პოლიმერის პატარა სფეროებისგანაა დამზადებული, რომლებსაც ნეიტროფილების მემბრანები ფარავს. ეს უკანასკნელი ბაქტერიებისა და იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილ, ანთების გამომწვევ მოლეკულებს აუვნებლებს. წყალმცენარეებიცა და ნანონაწილაკებიც ორგანიზმში ბუნებრივად იშლება, მანამდე კი ანტიბიოტიკები საჭირო ადგილებამდე მიაქვს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ახალი მეთოდი ბევრად ეფექტიანია, ვიდრე ანტიბიოტიკების ვენიდან შეყვანა, რითაც იმავე შედეგის მისაღწევად მედიკამენტის 3 000-ჯერ მეტი დოზა იქნებოდა საჭირო.

მეცნიერების თქმით, მიკრორობოტები შეგვიძლია სუნთქვით აპარატზე შეერთებული პაციენტების სამკურნალოდ გამოვიყენოთ, თუმცა მანამდე ცდაში უფრო დიდი ზომის ცხოველების ჩართვა იგეგმება, ვიდრე თაგვია.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Materials გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.