აზერბაიჯანულმა ძალებმა სომხეთის საზღვართან მდებარე სიუნიქის, გეღარქუნიქისა და ვაიოცძორის პროვინცებში, სულ მცირე, 23 ლოკაცია დაბომბეს.

აზერბაიჯანის ცნობით, 77 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ, სომხეთი კი აცხადებს, რომ მათი მსხვერპლი 135-ს აღწევს. სომხეთმა ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია — რამდენიმე სამოქალაქო პირი კი ორივე მხარეს დაიჭრა.

სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტა 15 სექტემბერს, გამთენიისას გამოაცხადა. აზერბაიჯანს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა საომარი მოქმედებები შეწყდა.

რა მოხდა?

13 სექტემბერს, დაახლოებით, 01:00 საათზე აზერბაიჯანმა სომხეთი დაშკასანში, კალბაჯარსა და ლაჩინში "მასშტაბური პროვოკაციების" მოწყობაში დაადანაშაულა. ეს უკანასკნელი ორი ოლქი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომი შემდეგ მოექცა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომეხმა სამხედროებმა ამ ტერიტორიაზე ნაღმები განათავსეს, რათა აზერბაიჯანული ძალების გადაადგილებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ხელი შეეშალათ. უწყება ამტკიცებდა იმასაც, რომ სომხეთის ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს "ინტენსიური ცეცხლი" გაუხსნეს.

13 სექტემბრის დილით აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო და მომდევნო დღეებში, სულ მცირე, 23 ლოკაციას დაესხა თავს — მათი მტკიცებით, ეს პასუხი იყო სომხეთის "პროვოკაციებზე".

სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაციის განხორციელება უარყო და სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას დააკისრა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა აზერბაიჯანის შეტევას კალბაჯარსა და ლაჩინში აზერბაიჯანის პოზიციების დაბომბვით უპასუხა.

ორდღიანი კონფლიქტის განმავლობაში, აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურებსა და საცხოვრებელ შენობებს, ასევე, სამხედრო ობიექტებს. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ეს მათთვის ლეგიტიმური სამიზნეები იყო და სომხეთიც მსგავსი ნაგებობების სამიზნეებად გამოყენებაში დაადანაშაულა.

14 სექტემბრის საღამოს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის მზად იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ეღიარებინა, თუ აზერბაიჯანში სომხეთშიც იმავეს გააკეთებდა და "შეთანხმებამდე მივიდოდა". მისმა სიტყვებმა სომხეთსა და მთიან ყარაბაღში აღშფოთება გამოიწვია — ათასობით ადამიანი ერევნის, გიუმრისა და სტეფანაკერტის ქუჩებში გამოვიდა. სომხეთის ხელმძღვანელობამ მალევე განაცხადა, რომ არავითარი კონკრეტული შეთანხმება განხილვის პროცესში არ იყო. მათი თქმით, მთიანი ყარაბაღი სომხეთისთვის "ტერიტორიული საკითხი" არასდროს ყოფილა, არამედ ეს არის "უფლებების საკითხი", მათ შორის, ხალხის თვითგამორკვევის უფლების.

ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც "საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით" მიაღწიეს, სომხეთმა შუაღამის შემდეგ გამოაცხადა. უცნობია, რომელი გარე აქტორები იყვნენ ჩართულები, თუმცა შეთანხმება აქამდე ძალაში რჩება.

კონფლიქტის ფესვები

13-14 სექტემბრის სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე არ იყო კონცენტრირებული. წინა კონფლიქტებისგან განსხვავებით, შეტაკებები მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მოხდა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ორი უდიდესი ომი აწარმოეს — მთავარი საკითხი სომხეთის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება და აზერბაიჯანის ნაციონალიზმის ფონზე მათი უსაფრთხოება იყო.

1988-1994 წლების სისხლიანი ომის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე, რამდენიმე აზერბაიჯანული ოლქი სომხეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. ამ რაიონებში აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა იძულებული იყო, რომ გაქცეულიყო. მთიანმა ყარაბაღმა, ანუ როგორც ადგილობრივები მოიხსენებენ, არცახმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მოსაზღვრე აზერბაიჯანული ოლქები მისი სუვერენული ტერიტორიის შემადგენლობაში მოითხოვა.

1994 წლის შემდეგ, საერთაშორისო შუამავლებით წარმოებულმა მოლაპარაკებებმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ორი ხალხის დაახლოება ვერ მოახერხა და კონფლიქტი, შიგადაშიგ, მწვავდებოდა. სტატუს-კვოსთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ბრაზი სულ უფრო იზრდებოდა.

დაძაბულობამ პიკს 2020 წელს მიაღწია — სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის გამო 6 კვირის განმავლობაში იბრძოდნენ, ორივე მხარემ, დაახლოებით, 3 000 სამხედრო დაკარგა. ამის შემდეგ, მიმდებარედ ყველა აზერბაიჯანული რაიონი, ისევე როგორც მთიან ყარაბაღის ნაწილები, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ხოლო ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები განალაგეს. აზერბაიჯანის იძულებით გადაადგილებულ პირებს პირობა მისცეს, რომ მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებში მალე დაბრუნდებოდნენ.

ცვლილებების მიუხედავად, მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორიების თვითგამორკვევისა და პოლიტიკური სტატუსის საკითხი გადაუჭრელი რჩებოდა. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში კიდევ ერთხელ შევიდა და მცირე მასშტაბების ძალადობები გაგრძელდა.

აზერბაიჯანი მისი სამხედრო წარმატებით შეგულიანდა, იმედები კონფლიქტის მოგვარების უხეშ ძალაზე დაამყარა — სომხეთის საზოგადოებაში კი მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისა და თავად სახელმწიფოს გადარჩენის შიში გაიზარდა.

საერთაშორისო ალიანსები

აზერბაიჯანი თავის საგარეო პოლიტიკაში რუსეთსა და დასავლეთს შორის ყოველთვის ბეწვის ხიდზე გადიოდა და ტრადიციულად, ძლიერ ეკონომიკურ, სამხედრო და კულტურულ კავშირებს ინარჩუნებდა თურქეთთან. ეს ავტორიტარული სახელმწიფოა, ძალიან ცუდი დემოკრატიითა და მედიის თავისუფლებით.

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრია — ეს NATO-ს მსგავსი სამხედრო ალიანსია, რომელშიც სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი შედიან. სომხეთი ასევე არის რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი. სომხეთის შედარებით დემოკრატიული წარსულისა და ამჟამად დასავლეთისკენ მიდრეკილი პოლიტიკური ელიტისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მიუხედავად, ტრადიციულად, სომხეთის საგარეო პოლიტიკა პრაგმატული ინტერესების გამო რუსეთისკენაა ორიენტირებული.

1988-1994 წლების ომის შემდეგ სამშვიდობო პროცესის წარმართვაში დასავლეთის წარუმატებლობამ სივრცე გაუხსნა რუსეთს, რომ ორ ქვეყანას შორის არბიტრის როლი შეესრულებინა. 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შუამავალი რუსეთია, ხოლო მთიან ყარაბაღში ერთადერთი უცხოური სამშვიდობო ძალაც რუსულია.

2022 წლის სექტემბრის ომის დროს სომხეთმა სამხედრო დახმარებისთვის CSTO-ს მიმართა. CSTO-მ მხოლოდ ფაქტების მაძიებელი მისიის გაგზავნის პირობა გასცა, რამაც აჩვენა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთს ჩართვის სურვილი შემცირებული აქვს და მთლიანი თავდაცვითი პაქტის სიცოცხლისუნარიანობა ეჭვქვეშ დააყენა.

საერთაშორისო გამოხმაურებები

საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოწოდებები მთელი მსოფლიოსგან გაჟღერდა, თუმცა სომხეთ-აზერბაიჯანის მრავალწლიანი კონფლიქტის განმავლობაში პირველად, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ მიუთითა, რომ პასუხისმგებელი აზერბაიჯანი იყო.

აშშ-მ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს პირდაპირ მოუწოდა, რომ პატივი ეცა 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის. კავკასიის საკითხებში აშშ-ის უფროსი მრჩეველი, ფილიპ რიკერი და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, როვიო კლაარი ბაქოში გაემგზავრნენ. საფრანგეთმა აზერბაიჯანს "სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ" მოუწოდა და ესკალაციის საკითხი 14-15 სექტემბერს გაეროს უშიშროების სხდომაზე წამოაყენა.

ადამიანის უფლებადამცველმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, Freedom House-მა აზერბაიჯანს უჩვეულოდ მკაცრად მოუწოდა, რომ "სომხეთის ტერიტორიაზე სასიკვდილო თავდასხმები დაუყოვნებლივ შეეწყვიტა და ევროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის შუამდგომლობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის მიმართ ერთგულება გამოეხატა".

თურქეთმა ძალადობაში სომხეთი დაადანაშაულა — საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა "სომხეთის მიერ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას".

ესკალაციაზე ნელი რეაგირება ჰქონდა რუსეთს, რომელმაც დაძაბულობის დეესკალაციის ზოგად მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსმა თანათავმჯდომარემ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, იგორ ხოვაიევმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების "ნორმალიზებაზე" გააკეთა აქცენტი. ის ბაქოსა და ერევანს ამ თვეში ეწვევა, რათა "სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტის ტექსტზე" იმუშაონ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.