შვეიცარიაში მდებარე ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ახლახან სიცოცხლის წარმოშობისა და გავრცელების კვლევითი ცენტრი შეემატა, რომლის მიზანიც დედამიწასა და კოსმოსზე ამჟამინდელი თუ სამომავლო დაკვირვებების ანალიზია. გახსნით ცერემონიაზე იქ მომუშავე ასტროფიზიკოსმა, საშა კუანსმა განაცხადა, რომ მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის კვალს შესაძლოა, სულ რაღაც 25 წელში მივაგნოთ.

დღესდღეობით ასტრონომთა მიერ აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რიცხვი 5 000-ს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომის გალაქტიკაში 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია, რომლის გარშემოც სულ მცირე ერთი პლანეტა მაინც მოძრაობს. შესაბამისად, ციური სხეულების უზარმაზარ რაოდენობას ვიღებთ. თანაც, მათი ნაწილი დედამიწას ჰგავს და საკუთარი მნათობის ირგვლივ სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში გადაადგილდება, ანუ იქ, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობისთვის სათანადო პირობებია.

"ჩვენ არ ვიცით, აქვს თუ არა მსგავს კლდოვან პლანეტებს ატმოსფერო, უცნობია ამ უკანასკნელის შემადგენლობაც. საჭიროა, ისინი შევისწავლოთ, რისთვისაც ისეთი მიდგომა გვჭირდება, რომელიც მათი გადაღების საშუალებას მოგვცემს", — ამბობს მეცნიერი.

ფოტო: ESA/Hubble, N. Bartmann

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში უმძლავრესი ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ აღბეჭდილი აირის გიგანტი ეგზოპლანეტის, HIP 65426 b-ის სურათი გავრცელდა. მან, ასევე, შორეული ობიექტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა, სხვა ციურ სხეულზე კი წყლის ორთქლის, ნისლისა და ღრუბლების კვალს მიაგნო.

ამის მიუხედავად, კუანსის თქმით, მის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი, რადგან ვებს დედამიწის მაგვარი, მცირე ზომის ეგზოპლანეტების "დანახვა" გაუჭირდება (ის ამისთვის არცაა შექმნილი). მაგალითისთვის, HIP 65426 b შემჩნევა შედარებით მარტივია, რადგან ის ვარსკვლავისგან შორს მოძრაობს, მაგრამ უფრო ახლო, სიცოცხლისთვის თავსებად ორბიტებზე არსებულ ობიექტებს მნათობის სიკაშკაშე ფარავს.

საბედნიეროდ, ტექნოლოგიები დღითიდღე უმჯობესდება. თავად კუანსი, კოლეგებთან ერთად, METIS-ად წოდებული უმძლავრესი სპექტროგრაფის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ჩილეში მშენებარე უდიდეს ოპტიკურ ტელესკოპზე Extremely Large Telescope დამონტაჟდება. ის სწორედ დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებზე იქნება კონცენტრირებული და მათი გამოსახულებების მოპოვებას შეეცდება.

იმედის მომცემია ევროპული კოსმოსური სააგენტოს მისია LIFE-იც, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. ეს კოსმოსური ტელესკოპი ეგზოპლანეტების ატმოსფეროში ისეთი მოლეკულების კვალს დააკვირდება, რომელთა წარმოშობაც შესაძლოა, ცოცხალ ორგანიზმებს უკავშირდებოდეს. ახალი ცენტრი მას საფუძველს ჩაუყრის, რადგან სიცოცხლის "საშენ მასალაზე" და მისი გაჩენის ხელშემწყობ პირობებზე მეტ ინფორმაციას მოიპოვებს.

კუანსის განცხადებით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენისთვის 25-წლიანი პერიოდი ამბიციურია, თუმცა არარეალისტური სულაც არაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.