ბიზნესდაჯილდოება, თიბისის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, დაიწყო. თიბისი მეშვიდე წელია, მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესებს ფართო საზოგადოებას აცნობს და აჯილდოებს.

დაარსებიდან დღემდე ღონისძიებაში 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა ათობით გამარჯვებული და კიდევ უფრო მეტს მიეცა შთაგონება, რომ თავადაც სცადოს ბიზნესის დაწყება. ესაა ღონისძიება სამეწარმეო სულისკვეთების ამაღლებისთვის და ქართული ბიზნესსოციუმის განვითარებისთვის.

ბიზნესდაჯილდოება 2022 — სიახლეები

თიბისი წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე რამდენიმე სიახლეს გვთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ახალი ნომინაციაა, რომელშიც ბიზნესი გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის დაჯილდოვდება.

"არავისთვისაა საიდუმლო, რომ სამომხმარებლო გამოცდილება და მომხმარებელი არის ბიზნესის ცენტრში. თუ გინდა, იყო გრძელ ვადაში წარმატებული ორგანიზაცია, შექმნა ძლიერი ბიზნესი, მაშინ უკიდურესად აუცილებელია, იყო მომხმარებლებთან ახლოს, გქონდეს მათთან ემოციური ბმა, ზრუნავდე და გიყვარდეს ისინი", — განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა, ბიზნესდაჯილდოების საზეიმო გახსნაზე.

მისივე თქმით, სამომხმარებლო გამოცდილება თიბისის კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია, ამიტომაც ეს ნომინაცია ძალიან მნიშვნელოვანია და დარჩება ყოველთვის, სანამ ბიზნესდაჯილდოება იარსებებს.

ფოტო: თიბისი

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ნომინაციებია:

  • საუკეთესო პროდუქტისთვის
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
  • გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ წელს დამატებით ორი ჯილდო გაიცემა — გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. მათ პარტნიორი ორგანიზაციები UN Women და გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი გასცემენ.

ამასთან, იცვლება შეფასების წესებიც — ნომინაციებში საუკეთესო პროდუქტისა და სამომხმარებლო გამოცდილებისთვის ნომინანტებს ჟიურის წევრების გარდა მომხმარებელიც შეაფასებს.

ბიზნესდაჯილდოების წლევანდელი პარტნიორები არიან: Visa, აწარმოე საქრთველოში, UN Women, გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი, კვლევითი კომპანია ანოვა და სხვები.

სამი კომპანიის ტრიუმფი ბიზნესდაჯილდოებაზე და მის შემდეგ

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

2022 წლის ბიზნესდაჯილდოება საზეიმო ვითარებაში, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიხსნა. თიბისიმ აქ იმ კომპანიებს უმასპინძლა, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდო მიიღეს და რომელთა წარმატება ბიზნესდაჯილდოებამ დიდწილად განსაზღვრა.

ეს კომპანიები არიან Soplidan.ge, ბარბარესთან და ჟუჟუნა.

დაბადების, გადარჩენის და თვითშემეცნების ამბავი Soplidan.ge-სგან

ფოტო: თიბი

"თავიდან ორი ფერმერი გვყავდა, ათი პროდუქტი და არცერთი მომხმარებელი, დღეს კი შვიდი წლის შემდეგ, 12 ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი გვყავს, 400-ზე მეტი ფერმერი გვაწვდის პროდუქტს საქართველოს ყველა რეგიონიდან, 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გვაქვს და ყველა შესაძლო არხში ვართ წარმოდგენილი, იქნება ეს ვები, მობილური აპლიკაციები, ვოლტი, შოურუმი თუ სხვა. ამასთან, წელს ქუთაისში გაეშვება ახალი საწყობი და დავიწყეთ ექსპორტი ევროპის 10 ქვეყანასა და ნიუ იორკში", — ამბობს ნათია ნინიკელაშვილი, Soplidan.ge-ის დამფუძნებელი.

Soplidan.ge პირველი ქართული პლატფორმაა, სადაც ფერმერს მიეცა საშუალება, ონლაინ გაეყიდა პროდუქტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობას — ონლაინ ეყიდა, მარტივად ინოვაციურად და უსაფრთხოდ.

Soplidan.ge-მ ბიზნესდაჯილდოებაში 2019 წლის ბოლოს, ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება გაიმარჯვა. ორ თვეში კი პანდემია დაიწყო და კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა — გაემართლებინა ეს ჯილდო და თავისი სახელი.

24/7-ზე ვმუშაობდით, ფერმერებს ქალაქის მისადგომებთან ვხვდებოდით, 20-შეკვეთიანი დღე 200-შეკვეთიან დღედ იქცა, თუმცა არცერთი მომხმარებელი დაგვიტოვებია პროდუქტის გარეშე. გავიზარდეთ, გაიზარდა ბიზნესიც და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 1000-მდე მომხმარებელმა პირველი გამოცდილება ელექტრონული კომერციაში სწორედ Soplidan.ge-ის დახმარებით შეიძინა.

ნათია ნინიკელაშვილი

ნათია ამბობს, რომ მეწარმეობა უდიდესი გამოცდილებაა, როგორც პროფესიულად, ისე მენტალურად, ხოლო ასეთი ღონისძიებები და კონკურსები მცირე ბიზნესებს თვითრწმენას მატებენ.

"ხშირად გაქვს ეჭვის მომენტები, ფიქრობ, ღირს თუ არა რასაც აკეთებ ან რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე საზოგადოებისთვის. ასეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღება და მერე აღიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უბრუნდები თავდაჯერების იმ წერტილს, როცა იცი, რომ რასაც აკეთებ ნამდვილად ღირებულია".

ბარბარესთან მსოფლიო გასტრონომიის რუკაზე

ფოტო: თიბისი

ბარბარესთან 2015 წელს დაარსდა და როგორც მისი დამფუძნებელი, ანდრია ქურასბედიანი ამბობს, იგი ქართული გასტრონომიის განვითარებას და მის მსოფლიო რუკაზე მოხვედრას ემსახურება.

2015 წლამდე ქურასბედიანების ოჯახი ტრადიციულ სარესტორნო ბიზნესს მართავდა, თუმცა ყოველთვის უნდოდათ ახალი პროდუქტის და კონცეფციის განვითარება, ამიტომ გადაწყვიტეს, შეექმნათ ბარბარესთან.

"ბარბარესთან არის უნიკალური ქართული გასტრონომიული გამოცდილება, რომელიც აცოცხლებს ძველ ქართუულ რეცეპტებს, გადმოაქვს იგი ქართულ ოჯახურ გარემოში და შემოაქვს საერთაშორისო გამოცდილება იმისთვის, რომ იყოს გლობალურად საინტერესო", — ამბობს ანდრია.

ფაქტია, რომ მსოფლიო გასტრონომიის რუკაზე ბარბარესთან საპატიო ადგილასაა წარმოდგენილი. იგი ადგილობრივებს წარსულში ამოგზაურებს და უძველეს, ჯერ არგასინჯულ არომატებთან აზიარებს, უცხოელი სტუმრებს კი წარმოდგენას უქმნის საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე. კომპანიამ 2015 წელს ნამდვილად თქვა ახალი სიტყვა ბაზარზე, ერთი წლის შემდეგ კი ბიზნესდაჯილდოებაში წლის ტურისტული ბიზნესის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ყოველთვის ღირებულია თიბისითან თანამშრომლობა და ის გამარჯვება, რომელიც 2016 წელს მოვიპოვეთ. ჩვენ მაშინ ახალი გახსნილები ვიყავით, ამიტომაც საჯაროდ აღიარება ჩვენი ბიზნესისთვის კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობის, უკომპრომისობის მომტანი იყო. ამან ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა — მოგვცა ძალა, კიდევ უფრო მეტი საინტერესო რამ გაგვეკეთებინა გასული 7 წლის განმავლობაში.

ამბობს ანდრია ქურასბედიანი

ჟუჟუნა — ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი

ფოტო: თიბი

ჟუჟუნა ნახევრად ცქრიალა ღვინოა, რომელიც ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მან მალევე დაიპყრო ბარები, ფესტივალები და მომხმარებლების გულები, თუმცა მაშინ ხელმისაწვდომი მხოლოდ ჩამოსასხმელ ფორმატში იყო.

მერე პანდემია დაიწყო და კომპანიას შეცვლილ გარემოებებზე სწრაფი პასუხის პოვნა მოუწია. დასაწყისში სასმელს საკუთარი ხელით ასხამდნენ ბოთლებში და მომხმარებლებთან პირდაპირ სახლში მიჰქონდათ. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, მათე აბესაძე ამბობს, ეს მათთვის გადარჩენის გზა იყო. ამის გამო თიბისისგან ჯილდო მიიღეს, ხოლო საზოგადოებისგან — მეტი ყურადღება და სიყვარული.

"ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ. ასე აღმოჩნდა ჟუჟუნა ბოთლში, რამაც მარტო თიბისის ყურადღება არ მიიქცია, ჩინეთიდან დაგვიკავშირდნენ და პირველი ოთხი პალეტი გავაგზავნეთ ექსპორტზე", — ჰყვება მათე და ამბობს, რომ შემდეგ ჟუჟუნათი იაპონიაშიც დაინტერესდნენ. ახლა კი წარმოებისა და ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობენ.

"ბიზნესდაჯილოდებაში გამარჯვება ძალიან დიდი მუხტის მომცემი იყო, ამან ბაზარზეც მეტად გამოგვაჩინა, თავად თიბისიშიც კორპორაციულ ბანკირებს თავდაჯერება მისცათ, ჩვენთვის სესხი მოეცათ, რითაც დანადგარები შევიძინეთ და რამაც, რეალურად, გადაგვარჩინა. ბიზნესდაჯილდოება ჩვენთვის უფრო გადარჩენასთან ასოცირდება, ვიდრე უბრალო ჯილდოსთან. ამიტომაც დამწყებ ბიზნესებს ვეტყოდი, არასდროს დაივიწყონ საკუთარი იდეა და ოცნება, არასდროს დაიხიონ უკან და აუცილებლად გაუმართლებთ", — ამბობს მედეა.

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნომინანტებს გამოცდილი და კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მათ შორისაა მედეა ტაბატაძეც, რომელიც მეხუთე წელია, ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრია. იგი წელსაც შეაფასებს ბიზნესებს რგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გასულ წელს მრავალფეროვანი იდეები და საინტერესო კომპანიები შევაფასეთ. მათი გამარჯვება ძალიან ემოციური და გადამდებია. ღონისძიება ძალზედ პოზიტიურია, რადგან ვხედავ, როგორ ღვივდება სამეწარმეო სულისკვეთება და რამდენად საინტერესო იდეები აქვთ რეგიონის ბიზნესებს.

მედეა ტაბატაძე.

2022 წლის ბიზნესდაჯილდოება დაიწყო. წინ მრავალი ბიზნეს ისტორია გველოდება და მრავალი კომპანიის გამარჯვების მომსწრენი გავხდებით, ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს ვებსაიტზე www.businessaward.ge