რატომ გვლოკავენ კატები — რას ამბობს მეცნიერება
კატების უცნაური ქმედებები ადამიანებში ინტერესს ხშირად აღძრავს. მათი ერთ-ერთი ასეთი უჩვეულო ქცევა საკუთარი თავისა და ადამიანების ალოკვაა.
თქვენც შეამჩნევდით, რომ კატები სხეულს მუდმივად ილოკავენ — მეტიც, გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შინაური კატები (მათ დღეში საშუალოდ 14 საათის განმავლობაში სძინავთ), იგივე Felis catus, თავიანთი ბეწვის მოწესრიგებას დღეში ლამის 2.5 საათს უთმობენ.
"კატები თავს ბეწვისათვის სისუფთავისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ილოკავენ", — განაცხადა კრისტინ ვიტალიმ, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქცევის მკვლევარმა — "მათთვის ლოკვა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბეწვის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება".
კატები ბეწვს ენაზე განლაგებული ასობით ბასრი, უკან მიმართული დვრილის დახმარებით იწესრიგებენ. ისინი კერატინისგანაა წარმოქმნილი, იმავე მასალისგან, რომლითაც თმა და კლანჭები. კვლევის თანახმად, კაუჭისებრი ფორმიდან გამომდინარე, ისინი "ასაფხრეწი" შესაკრავის მსგავსად მოქმედებს: კატის ენა ბეწვზე მისრიალებს, კერატინის დვრილები კი ბეწვის ხლართებს ედება.
თავიანთი საფარველის რეგულარული მოვლა კატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ისინი გაჩხირულ მტვერსა თუ სხვა ნაწილაკებს იშორებენ, რათა ბეწვი ერთმანეთში არ აიხლართოს. ეს არამარტო დისკომფორტის წყარო, არამედ, შესაძლოა, კანის გაღიზიანებისა და ინფექციის შეჭრის წინაპირობაც კი გახდეს.
შესაძლოა, ბეწვის მოწესრიგება მათ სტრესის შემსუბუქების მიზნითაც დაიწყონ. ზოგჯერ ეს გადამეტებულ ლოკვაში გადაიზრდება — კატა ამას იმდენად ინტენსიურად აკეთებს, რომ ადგილ-ადგილ ბეწვი ცვივა. ვიტალის თქმით, შესაძლოა, ეს სამედიცინო ან ქცევით პრობლემაზე მიანიშნებდეს.
საგულისხმოა, რომ კატები სხვა კატებსაც ლოკავენ, მაგალითად, დედები — თავიანთ კნუტებს.
"კნუტების ალოკვას მათი გადარჩენისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს", — განაცხადა ვიტალიმ — "ახალშობილებს დამოუკიდებლად მოშარდვა თუ დეფეკაცია არ შეუძლიათ. დედა მათ გენიტალურ არეს ლოკავს, რათა კნუტებს ამისაკენ უბიძგოს".
აღსანიშნავია ისიც, რომ დედა კნუტებს მათი დამშვიდებისა და გასუფთავების მიზნითაც ლოკავს.
მაშ, ჩვენ რაღატომ გვლოკავენ?
კატები თავიანთ ნაცნობებსაც ლოკავენ, იქნებიან ეს სხვა კატები თუ სოციალური პარტნიორები, მათ შორის, ადამიანები და ძაღლები. მათ ამ ქცევას ალოგრუმინგი ეწოდება — სოციალური გრუმინგი, ურთიერთწმენდა. ეს მეგობრული ქმედებაა, რომელიც, მიჩნეულია, რომ მონაწილე ინდივიდებს შორის კავშირს აძლიერებს.
სუნით მონიშვნისაგან განსხვავებით, ალოგრუმინგი კატებისათვის თავიანთი "საკუთრების" დაწესების მეთოდი ნამდვილად არ არის.
"ტერიტორიული ქცევები ადგილის აქტიურ დაცვას ემსახურება", — განაცხადა ვიტალიმ — "მეორე მხრივ, ალოგრუმინგი კავშირის დასამყარებელი ქცევაა. კატა მას მაშინ მიმართავს, როდესაც მოსვენებულია და ახლოს სასურველი სოციალური პარტნიორი ჰყავს. შესაძლოა, ლოკვით მან სოციალური კონტაქტის ინიციატივაც გამოიჩინოს, რადგან ასე ადამიანისგან ყურადღებას ითხოვს".
კომენტარები