გააძლიერე — დონაციის ახალი პლატფორმა საფარისგან
საფარმა დონაციის პლატფორმა შექმნა, რომელიც გაძლევთ საშუალებას, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს შესაბამისი დახმარება გაუწიოთ. ამ სტატიაში გიამბობთ — რას გულისხმობს ინიციატივა, რა მიზნები აქვს და როგორ შეგიძლიათ წვლილის შეტანა.
საფარში ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებიც მათ დასახმარებლად მიმართავენ, სხვადასხვა საჭიროება აქვთ. ორგანიზაცია მათ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ სერვისს სთავაზობს, თუმცა ეს ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელებისთვის საკმარისი არ არის.
ორგანიზაციის ბენეფიციარები, ძირითადად, დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლ ქალები და ბავშვები არიან, თუმცა ბოლო ერთი წელია საფარი რელიგიური პანსიონების, მათ შორის ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელებთანაც მუშაობს.
"ბავშვები, რომლებიც დაწესებულებას ტოვებენ, ფაქტობრივად, ოჯახის წევრებისა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის გარეშე რჩებიან. ამ ხალხს ფინანსური გაძლიერება, განათლების ხელშეწყობა სჭირდებათ, ამ ყველაფრისთვის კი ფულადი სახსრებია საჭირო. გარდა ამისა, არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგოები, რომლებსაც ასევე სჭირდებათ ფინანსური კუთხით გაძლიერება", — ამბობს ორგანიზაციის სოციალური მუშაკი, ელენე როჭიკაშვილი.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, გაჩნდა იდეა შექმნილიყო სივრცე, სადაც ბენეფიციარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევასა და გაძლიერებაში მონაწილეობას საზოგადოებაც შეძლებდა.
საფარში დონაციის გზით ადამიანების დახმარების გამოცდილება აქამდეც ჰქონიათ, თუმცა პლატფორმის შექმნამდე ეს ფრაგმენტული იყო, ახლა კი პროცესი ორგანიზებული, სისტემური და გამჭვირვალე იქნება. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია გვრიტიშვილი გვიყვება, რომ პანდემიისას, როცა ბევრი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა, ქვემო ქართლის მაცხოვრებლებისთვის შემოწირულებების შეგროვება დაიწყეს.
"საფარის ანგარიშზე რიცხავდა უბრალოდ ხალხი და ოჯახებს მივაწოდეთ საკვები და ჰიგიენის ნივთები. იგივე გავაკეთეთ კახეთშიც და ასევე, დავეხმარეთ ტრანსგენდერ ქალებს, საქართველოს მასშტაბით, არა მხოლოდ თბილისში, ჰიგიენის ნივთები და საკვები მივაწოდეთ. რადგან ეს არც ისე გამჭვირვალე პროცესი იყო, ამის მერე გადავწყვიტეთ, რომ აგვეწყო დონაციის პლატფორმა და ხალხისთვისაც მიგვეცა შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს მიეღოთ მონაწილეობა ჩვენი ბენეფიციარების დახმარებასა და გაძლიერებაში", — ამბობს ის.
ყოფილა შემთხვევებიც, როცა მოქალაქეებმა ბენეფიციარების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში, ხელობის შესწავლის, დასაქმებაში დახმარების, ხოლო სხვადასხვა გამომცემლობამ სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემის სურვილი გამოთქვეს. ასევე, უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ჩაუტარეს, დაუფინანსეს სამედიცინო პროცედურები, მედიკამენტები და ა.შ.
საზოგადოების ჩართულობა
ელენე განმარტავს, რომ ბენეფიციარებს ხშირად არ აქვთ წვდომა სამედიცინო სერვისებზე, საცხოვრისზე, არსებობს განათლების მიღებისა და დასაქმების პრობლემაც. დონაციის საშუალებით კი მსურველებს შეუძლიათ, მათ გაძლიერებაში ამ კუთხითაც მიიღონ მონაწილეობა.
"შეგროვილი თანხით დავეხმარებით იმ ადამიანებს, შეისწავლონ კონკრეტული პროფესია და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი გახდნენ. ასევე, ამ თანხით შესაძლებელი იქნება იმ ინვენტარის ყიდვა, რომელიც მუშაობაში შეუწყობთ ხელს. მაგალითად, თუ კერვა შეისწავლა ადამიანმა, შეიძლება არ ჰქონდეს საკერავი მანქანა და ა.შ", — აღნიშნავს ის.
პლატფორმა #გააძლიერე მთლიანად ამას ეფუძნება — ადამიანებს, რომლებიც სხვების გაძლიერებაში თავიანთ მნიშვნელობას გაიაზრებენ.
საფარზე უკვე გამოქვეყნდა იაკობის ისტორია. ის ზესტაფონში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, თუმცა უსახსრობის გამო ბავშვობის გატარება ბავშვთა სახლებში მოუწია, სადაც სისტემატურად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
15 წლიდან ოჯახთან დაბრუნდა, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მუშაობს დროებით სამუშოებზე და არ აქვს სტაბილური შემოსავალი, მაგრამ აქვს მიზანი და საყვარელი საქმე — კერვა, ქსოვა და ქარგვა.
"იაკობის გაძლიერებით შენ დაეხმარები არა მხოლოდ მას, არამედ პანსიონის სხვა ბენეფიციარებსაც, რათა მათაც შეძლონ, მიიღონ ის ღირსეული საცხოვრებელი გარემო, რასაც ყველა ადამიანი იმსახურებს", — წერს ორგანიზაცია ფეისბუქგვერდზე.
როგორ შეძლებთ დონაციას
პლატფორმა საფარის ვებგვერდზეა ჩაშენებული. შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის თანხის გაღება, როგორც ერთჯერადად, ასევე, ყოველთვიურად, ავტომატური გადარიცხვის სახით. გადარიცხვა როგორც ქართული, ისე არაქართული ბარათებით, ფეიფალით, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მეშვეობითა იქნება შესაძლებელი.
დონაციის სამი არჩევანია:
- პირველი ბენეფიციართა გაძლიერებას გულისხმობს — შემოწირული თანხა საფარის იმ ბენეფიციარის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული, რომლის ისტორიაც ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
- მეორე და არანაკლებ ფასეული მოხალისეობაა — დახმარება მრავალი ფორმითაა შესაძლებელი. შეგიძლიათ საკუთარი უნარისა და ცოდნის გაზიარებით სხვების გაძლიერებაში მიიღოთ მონაწილეობა.
- ხოლო მესამე — საფარის ორგანიზაციულ გაძლიერებას გულისხმობს. ორგანიზაცია ჩარიცხულ თანხას საჭიროებისამებრ კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენებს და ამითაც ბენეფიციართა გაძლიერებაში შეიტანთ წვლილს.
ნათია ამბობს, რომ რომ თანხების ხარჯვის პროცესი გამჭვირვალე იქნება და თითოეულ შემომწირველს საშუალება ექნება მას თვალი ადევნოს. შედეგის ნახვასაც ამ ვებგვერდზევე შეძლებთ. გარდა ამისა, დონაციის პლატფორმის შესახებ აქტიურ რეჟიმში შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია საფარის მხარდამჭერთა ფეისბუქჯგუფშიც.
ორგანიზაციას წინა გამოცდილების მსგავსად, საზოგადოების მაღალი ჩართულობის იმედი აქვს.
კომენტარები