იმ იმედით, რომ ერთ დღესაც მცენარეებში ცნობიერების არსებობის საკითხს ზუსტი პასუხი გაეცემა, მურსიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, პაკო კალვომ, "მცენარის ნეირობიოლოგიის" უკეთ გამოკვლევა გადაწყვიტა. მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New Scientist ავრცელებს.

მცენარეებს ჭკვიან არსებებად ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რადგან ისინი "საუბრობენ", რეაგირებენ და თვითგადარჩენისათვის სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ. მიუხედავად ამისა, ეს ქმედებები მარტივად შეიძლება, ევოლუციური ადაპტაციით აიხსნას და პასიური რეაქცია უფრო ეწოდოს, ვიდრე ნამდვილი ცნობიერებით მიღებული გადაწყვეტილება.

"ვიცით, რომ მცენარეები თავიანთ გარემოს, საკუთარ თავსა და ერთმანეთს ცნობენ", — განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ელიზაბეთ ვან ვოლკენბურგმა — "არ ვიცით, არიან თუ არა ისინი ცნობიერები".

თემა დამატებით საკამათოა იმიტომაც, რომ მეცნიერებაში ცნობიერების განმარტებისთვისაც კი არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა, მის შესწავლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ასევე იხილეთ: მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ცნობიერების საიდუმლო ამოხსნეს — ახალი თეორია

მიუხედავად ამისა, პაკო კალვომ და მისმა კოლეგებმა ლაკმუსის ერთგვარი ტესტი შექმნეს იმის შესაფასებლად, არსებობს თუ არა მცენარის ქცევაში ე.წ. აგენტობის შეგრძნება ანდა მინიმუმ შემეცნების უნარი მაინც. ამ დროს უნდა გაირკვეს, არის თუ არა ქცევა მოქნილი, წინასწარი და გააჩნია თუ არა მას მიზანი.

კალვოს ვარაუდით, მან ისეთ კერძო შემთხვევას მიაკვლია, რომელშიც მცენარე ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს — როდესაც ლობიო ზემოთ მიცოცავს, საარსებოდ კარგ ადგილს ეძებს; მოძრაობს და ფართო არეალს "ასკანერებს", რათა გადაწყვიტოს, სად მოეწყოს; მაშინ, როცა იგი ახალ საყრდენს ჩაეჭიდება, მის შინაგან ელექტრულ სიგნალებში უეცარი მატება შეინიშნება.

ეს იმ ფაქტორების კომბინაციაა, რომელიც, კალვოს რწმენით, ელემენტარული კოგნიტიური ფუნქციის მანიშნებელი შეიძლება იყოს; მეტიც, იმის მტკიცებულებაც კი, რომ მცენარეებს, შესაძლოა, სუბიექტური გამოცდილებებიც ჰქონდეთ.

"შესაძლოა, ეს იმაზეც კი მიანიშნებდეს, რომ ლობიომ "იცის", სარი იქაა", — განაცხადა კალვომ, თუმცა ისიც დაამატა, რომ გუნდი საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს და ზედმეტი დასკვნები არ გამოიტანოს.

თავისთავად, მეცნიერის მოსაზრებას ეჭვქვეშ ბევრი აყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა დარგის მეცნიერები უკვე კარგა ხანია ცდილობენ, მცენარეებში, ცხოველებსა თუ მანქანებში ცნობიერების არსებობა გაიგონ, დაადასტურონ ანდა უარყონ.

ცხადია, ნაშრომი მაინც საინტერესოა — მცენარეთა ინტელექტის თემა ჩვენს გაოცებას განაგრძობს, ამიტომაც, ვინ იცის, იქნებ კალვოს მოსაზრებაში სიმართლის ნატამალი მართლაც ერიოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.