ადამიანის წინაპარი ჰომინინები, სავარაუდოდ, 2 ფეხზე ჯერ კიდევ 7 მილიონი წლის წინ დადიოდნენ
ადამიანის ევოლუციის ისტორიაში 2 ფეხზე სიარულის დაწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, ამიტომ მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, ზუსტად როდის მოხდა ეს. ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენი წინაპარი ჰომინინები გადასაადგილებლად 2 კიდურს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დაახლოებით 7 მილიონი წლის წინ იყენებდნენ.
სპეციალისტებმა მსგავსი დასკვნა ბარძაყისა და მკლავის ძვლების შესწავლის შედეგად გამოიტანეს, რომელიც Sahelanthropus tchadensis-ის სახეობას ეკუთვნის. ეს ჰომინინები ადამიანთა უძველესი წინაპრები არიან. გამოკვლეული ნამარხი მეცნიერებმა აფრიკაში მდებარე ჩადის რესპუბლიკაში 2001 წელს აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ, დიდი ალბათობით, ზემოხსენებული სახეობის წარმომადგენლები ხეებზე 4-ივე კიდურის მეშვეობით ცოცავდნენ, რადგან ბიპედალიზმზე ეტაპობრივად გადავიდნენ.
მეცნიერებმა ჩადში ნაპოვნი ნიმუშები ადამიანის, შიმპანზესა და გორილას იმავე ძვლებს შეადარეს, რისი მიხედვითაც გააანალიზეს, როგორ გადაადგილდებოდა Sahelanthropus tchadensis. ავტორებმა საერთო ჯამში ყურადღება ჩონჩხის 20-მდე მახასიათებელს მიაქციეს, მათ შორის ძვლების ფორმასა და შიდა სტრუქტურას.
შედეგად, ბიპედალიზმის ნიშნების გარდა, გამოვლინდა ისიც, რომ ჩვენი წინაპრები ხეებზე ცოცვისას ტოტებს მყარად ეჭიდებოდნენ და შიმპანზეებისგან თუ გორილებისგან განსხვავებით, თითებისკენ არ იხრებოდნენ.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი ნიმუშები დაახლოებით იმ პერიოდიდანაა შემორჩენილი, როცა ადამიანები შიმპანზეებსა და ბონობოებს გენეტიკურად გამოეყვნენ, ამიტომ იმდროინდელი ნამარხების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება მეცნიერების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები