მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ცნობიერების საიდუმლო ამოხსნეს — ახალი თეორია
თეორიის მიხედვით, ერთადერთი, რაც ცნობიერების გაგების, ამოცნობის პრობლემას მოაგვარებს, არის მასზე ჩვენი ხედვის, წარმოდგენის შეცვლა. როგორც კი ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ცნობიერება არის ფიზიკური, რელატივისტური ფენომენი, მასთან დაკავშირებული საიდუმლოებები ქარწყლდება.
როგორ შეუძლია 1,4 კილოგრამის ტვინის ქსოვილს ფიქრების, აზრების, გრძნობებისა და მენტალური ხატების შექმნა?
ტვინის უნარი — ჰქონდეს ცნობიერი, ადამიანებს საგონებელში ათასწლეულების მანძილზე აგდებდა. ცნობიერის საიდუმლოება ისაა, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს ინდივიდუალური 'მე' და უნარი, შეიგრძნოს და იფიქროს. მაშინაც კი, როდესაც ანესთეზიის ქვეშ ვართ ან ღრმა ძილში ჩვენ "არ ვცხოვრბოთ უკუნში" — ჩვენ განვიცდით საკუთარ თავსა და სამყაროს. დღემდე ამოუცნობია, როგორ ქმნის ტვინი ცნობიერ გამოცდილებას და ტვინის რომელი მონაკვეთია ამაზე პასუხისმგებელი.
ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი ნირ ლაჰავი აღნიშნავს: "ეს საკმაოდ ამოუცნობი ფენომენია, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენი ცნობიერი გამოცდილება არ შეიძლება ტვინისგან მომდინარეობდეს და, ზოგადად, ვერ იქნება რაიმე ფიზიკური პროცესის შედეგი." როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი ტვინის ცნობიერი გამოცდილება ვერ დაიყვანება ნეირონულ აქტივობამდე.
"მოდით, ამგვარად შეხედეთ საკითხს", — ამბობს მემფის უნივერსიტეტის ფილოსოფოსი ზაკარია ნიმეჰი — "როდესაც მე ბედნიერებას ვგრძნობ, ჩემი ტვინი კომპლექსური ნეირონული აქტივობის გარკვეულ პატერნს ქმნის. ეს ნეირონული პატერნი სრულ კორელაციაშია ბედნიერების ჩემს ცნობიერ გრძნობასთან, თუმცა ეს არ არის ნამდვილი გრძნობა. ეს უბრალოდ ნეირონული პატერნია, რომელიც ბედნიერებას განასახიერებს. ამიტომაა, რომ მეცნიერი, რომელიც ჩემს ტვიინს აკვირდება და ხედავს ამ პატერნს, უნდა მკითხოს, რას ვგრძნობ, რადგან ეს პატერნი არ არის საკუთრივ გრძნობა, ის მხოლოდ მისი რეპრეზენტაციაა". ზუსტად ამის გამო ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ჩვენი გრძნობის თუ ფიქრის ცნობიერი გამოცდილება ტვინის აქტივობამდე დავიყვანოთ. ჩვენ მხოლოდ გარკეული კორელაციების დანახვა შეგვიძლია.
ნეირომეცნიერების ჩამოყალიბებიდან 100 წლის შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს მყარი მტკიცებულებები იმის სათქმელად, რომ ტვინია ჩვენი ცნობიერი უნარების შექმნაზე პასუხისმგებელი. მაშ, როგორააა შესაძლებელი, რომ ვერ ხერხდება ამ ცნობიერი გამოცდილების პოვნა ტვინის რომელიმე უბანში (ზოგადად სხეულში) და ვერ ხდება მისი დაყვანა რაიმე ნეირონულ აქტივობამდე?
ეს ამოუცნობი ფენომენი ცნობილია, როგორც ცნობიერის რთული ამოცანა. ის იმდენად რთულია, რომ რამდენიმე ათწლეულის წინ მასზე მხოლოდ ფილოსოფიის ჭრილში საუბრობდნენ. დღესაც კი, როდესაც გვაქვს საკმაოდ დიდი პროგრესი ცნობიერების ნეირომეცნიერული ბაზისების გაგებაში, არაა დამაკმაყოფილებელი თეორია, რომელიც ახსნიდა, რა არის ცნობიერება და როგორ გადაიჭრება ეს რთული ამოცანა.
ჟურნალში Frontiers in Psychology პროფესორემა ლაჰავმა და ნიმეჰმა გამოაქვეყნეს ახალი თეორია ფიზიკაში, რომელსაც წმინდა ფიზიკური გზით შეეძლია ცნობიერების პრობლემის გადაჭრა. მკვლევრების მიხედვით, როდესაც ჩვენ ვცვლით ტვინზე არსებულ ჩვენს ვარაუდებს და ვთვლით, რომ ის რელატივისტური ფენომენია, ყველა საიდუმლოება ცნობიერების შესახებ ქარწყლდება. ნაშრომში მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს კონცეპტუალური და მათემატიკური ჩარჩო, რათა ცნობიერებას რელატივისტური კუთხიდან შეხედონ. ლაჰავას მიხედვით, "ცნობიერებას ფიზიკოსი უნდა იკვლევდეს ზუსტად იმავე მათემატიკური საშუალებებით, რომლებსაც ის უცნობი რელატივისტური ფენომენის შესწავლისას იყენებს".
დათო, ხატია, რელატივიზმი და ცნობიერების ამოცანა
იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ ხსნის რელატივიზმი ცნობიერების ამოცანას, იფიქრეთ სხვა რელატივისტურ ფენომენზე, მაგალითად, მუდმივ სიჩქარეზე. მოდით, ჯერ ორი დამკვირვებელი ავირჩიოთ, დათო და ხატია. დათო არის მატარებელში, რომელიც მუდმივი სიჩქარით მოძრაობს, ხოლო ხატია კი მას ბაქნიდან აკვირდება. არ არსებობს ერთადერთი ფიზიკური პასუხი კითხვაზე: "რა არის დათოს სიჩქარე?" პასუხი დამოკიდებულია დამკვირვებელზე. დათოს პოზიციიდან ის სტატიკურ მდგომარეობაშია, ხოლო ხატია და დანარჩენი სამყარო უკან მოძრაობს. მაგრამ ხატიას პოზიციიდან, დათო მოძრაობს, ხოლო თავად უძრავადაა. მათ განსხვავებული აზომვები აქვთ და ორივე სწორია, თუმცა განსხვავებული პერსპექტივიდან დანახული.
ზუსტად იგივე სიტუაციაში ვართ, როდესაც ცნობიერს შევისწავლით — თეორიის მიხედვით, ცნობიერი ფართობითი ფენომენია. დათო და ხატია ცნობიერების განსხვავებული ათვლის სისტემებში. დათო ჩათვლის, რომ მას აქვს ცნობიერი გამოცდილება, ხოლო ხატიას კი — მხოლოდ ტვინის აქტივობა, რომელსაც ნამდვილი ცნობიერი გამოცდილების ნიშანი არ ექნება. მეორე მხრივ, ხატია ჩათვლის, რომ ზუსტად ისაა, ვისაც ცნობიერება აქვს, ხოლო დათოს კი მხოლოდ ნეირონული აქტივობა აქვს, ყოველგვარი ცნობიერი გამოცდილების გარეშე.
როგორც სიჩქარის შემთხვევაში, აქაც მათ განსხვავებული აზომვები აქვთ და ორივე სწორია, თუმცა განსხვავებული პერსპექტივიდან დანახული. შედეგად, რელატივისტური ხედვიდან გამომდინარე, პრობლემა ის კი არაა, რომ ჩვენ განსხვავებული ფენომენების გაზომვა განსხვავებული კუთხიდან შეგვიძლია, არამედ ის, რომ ტვინის აქტივობის გაზომვისას ჩვენ ჭეშმარიტი ცნობიერის აღმოჩენა არ შეგვიძლია იმიტომ, რომ არასწორი კოგნიტური ათვლის სისტემიდან ვზომავთ.
ახალი თეორიის მიხედვით, ტვინი არ ქმნის ჩვენს ცნობიერ გამოცდილებას, ყოველ შემთხვევაში, გამოთვლითი გზებით ნამდვილად არა. მიზეზი, რატომაც გვაქვს ცნობიერი გამოცდილება, არის ფიზიკური გაზომვა. მოკლედ რომ ვთქვათ, განსხვავებული ფიზიკური გაზომვები განსხვავებულ ფიზიკურ ათვლის სისტემებში ავლენენ განსხვავებულ ფიზიკურ მახასიათებლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ათვლის სისტემები ერთსა და იმავე ფენომენს ზომავენ.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ დათო ხატიას ტვინს ზომავს ლაბორატორიაში, როდესაც ხატია ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებულ მახასიათებლებს აკვირდებიან, რეალურად ისინი ერთსა და იმავე ფენომენს ზომავენ სხვადასხვა კუთხიდან. მათი განსხვავებული აზომვიდან გამომდინარე, მათ კოგნიტური ათვლის სისტემაში განსხვავებული მახასიათებლები გამოჩნდება.
დათოს, იმისათვის, რომ ლაბორატორიულ პირობებში ტვინის აქტივობას დააკვირდეს, გაზომვისთვის სჭირდება საკუთარი სენსორული ორგანოების, თვალების, გამოყენება. ასეთი ტიპის სენსორული გაზომვით ტვინის აქტივობა იჩენს თავს. შედეგად, დათოს კოგნიტური ათვლის სისტემაში ხატიას აქვს მხოლოდ ნეირონული აქტივობა, რომელიც მის ცნობიერს წარმოადგენს, თუმცა არ არის მისი რეალური, ნამდვილი ცნობიერი.
მეორე მხრივ, როდესაც ხატია ზომავს საკუთარ ნეირონულ აქტივობას, როგორც ბედნიერებას, ის სხვა გაზომვის მეთოდს იყენებს. ის არ მიმართავს სენსორულ ორგანოებს, ის საკუთარ ნეირონულ რეპრეზენტაციას პირდაპირ ტვინის სხვადასხვა მონაკვეთების ერთმანეთთან ინტერაქციით ზომავს. ის ზომავს ნეირონულ გამოვლინებებს (რეპრეზენტაციებს) სხვა ნეირონულ რეპრეზენტაციებთან მიმართებაში.
ეს გაზომვა აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ სენსორული სისტემით ვაკეთებთ და შედეგად ასეთი ტიპის პირდაპირი გაზომვა განსხვავებულ ფიზიკურ მახასიათებლებს ავლენს. ჩვენ ამ მახასიათებელს ცნობიერ გამოცდილებას ვუწოდებთ. შედეგად ხატიას კოგნიტური ათვლის სისტემიდან ის საკუთარ ნეირონულ აქტივობას ცნობიერ გამოცდილებად ზომავს.
მათემატიკური მეთოდებით ფიზიკაში რელატივისტური ფენომენის ახსნით ეს თეორია აჩვენებს, რომ თუ დათოს ნეირონული აქტივობის დინამიკას ხატიას ნეირონული აქტივობის დინამიკაში გადავიყვანთ, მაშინ ორივე იქნება ერთსა და იმავე კოგნიტური ათვლის სისტემაში და ორივეს ერთი და იგივე კოგნიტური გამოცდილება ექნება.
ახლა პროფესორ ლაჰავსა და ნიმეჰს სურთ, გააგრძელონ ზუსტი მინიმალური გაზომვების კვლევა, რომელიც ნებისმიერ კოგნიტურ სისტემას სჭირდება, რათა ცნობიერი წარმოქმნას. ამ თეორიას დიდი გამოყენება ექნება. მისი დახმარებით შევძლებთ იმის გაგებას, რომელი იყო პირველი ცხოველი, რომელსაც ევოლუციის შედეგად ცნობიერება გაუჩდნა? ცნობიერების დარღვევის მქონე რომელი პაციენტები არიან ცნობიერნი? როდის უჩნდება ნაყოფს ცნობიერი? და არსებული ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან, რომელიმეს აქვს თუ არა რამე სახით ცნობიერი.
კომენტარები