მეცნიერები მზის მძლავრ შტორმებს პროგნოზირებენ — არსებობს სატელიტების დაზიანების საფრთხე
მეცნიერების ცნობით, მზეზე შტორმების სეზონი იწყება, ამან კი შესაძლოა, დედამიწის სატელიტურ ინფრასტრუქტურას საფრთხე შეუქმნას.
"არ აქვს მნიშვნელობა, რა გამოცადეთ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. რაც არ უნდა გესწავლათ ამ დროში, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მაინც არ გამოგვადგება", — განაცხადა ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) კოსმოსური ამინდის ექსპერტმა ცუ-ვეი ფანგმა უტაიში, რიგით 36-ე SmallSat კონფერენციაზე.
ჯგუფური განხილვისას მეცნიერმა საზოგადოებას მიუგო, რომ თებერვალში მომხდარი შტორმი, რომელმაც Starlink-ის არაერთი ახლად გაშვებული სატელიტი გაანადგურა, მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ასევე იხილეთ: SpaceX-ის თქმით, გეომაგნიტურმა შტორმმა სტარლინკის 40 სატელიტი დააზიანა
შესაძლოა, მომავალი შტორმებისათვის სატელიტთა ტექნიკოსები მომზადებული არ იყვნენ. უარესია დამატებით ის, რომ უახლესი ციკლი, როგორც ჩანს, იმაზე გაცილებით მძლავრია, ვიდრე აქამდე პროგნოზირებდნენ.
"წლის დასაწყისს რომ შევხედოთ, სრული სიგიჟეა. თითქმის ყოველკვირეულად ვხედავდით მზის ამოფრქვევებს. უკვე იმაზე გაცილებით შორს ვართ, ვიდრე ვწინასწარმეტყველებდით", — მოგვიგო ფანგმა.
მიუხედავად ამისა, ამგვარ შტორმებსა და სატელიტებზე მათ გავლენას ერთი დადებითი მხარეც აქვს — NOAA და სხვა ორგანიზაციები ერთობლივად შეისწავლიან მომატებული გეომაგნიტური აქტივობის გავლენას და უკეთ განჭვრეტენ, რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ამან.
ერთობლივი მუშაობა და შედეგად მოპოვებული მონაცემები გამოსადეგი იქნება, ვინაიდან, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, შტორმის ახალი ციკლი 11-წლიანი შედარებით დუნე პერიოდს მოჰყვა, ამ დროის განმავლობაში კი კოსმოსში იმაზე მეტი სატელიტი გაუშვეს, ვიდრე ოდესმე.
ასევე იხილეთ: "მზის შტორმმა", შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა გამოიწვიოს
მართალია, ამგვარი პროგნოზი საკმაოდ უსიამოვნოდ ჟღერს, თუმცა სატელიტებზე მომუშავე პირები მზის შტორმებთან გასამკლავებლად ინსტრუქციებს მალე მიიღებენ.
კომენტარები