ჩინეთში შექმნილი კომპიუტერი მაკაკის ტვინის სტრუქტურას იმეორებს — "დარვინის მაიმუნი"
ფოტო: Handout
South China Morning Post-ის ინფორმაციით, ჩინელმა ინჟინრებმა ტვინის მსგავსი პირველი კომპიუტერი შექმნეს, რომელიც 2 მილიარდზე მეტ ხელოვნურ ნეირონს შეიცავს. მას "დარვინის მაიმუნი" ეწოდება და მისი ნეირონების რაოდენობა მაკაკისას ჰგავს. დეველოპერების განცხადებით, ის ადამიანის ტვინის შთაგონებით შემუშავებულ ხელოვნურ ინტელექტთან (AI) გვაახლოებს.
აღნიშნული სისტემა Darwin 3-ის სახელით ცნობილი 960 ნეირომორფული ჩიპისგან შედგება, რომლებიც 100 მილიარდზე მეტ სინაფსს, ანუ ხელოვნური ნეირონების კავშირს, ქმნის. მეცნიერების თქმით, "დარვინის მაიმუნმა" სხვადასხვა დავალება წარმატებით შეასრულა. მაგალითად, მან გენერაციული უნარები გამოავლინა და ლოგიკური თუ მათემატიკური ამოცანების ამოხსნას გაართვა თავი. ამისთვის ჩინური კომპანია DeepSeek-ის ტვინის მსგავსი AI მოდელი გამოიყენეს. უნდა ითქვას, რომ ამგვარი კომპიუტერებით სხვადასხვა ცხოველის ტვინის სიმულირებაცაა შესაძლებელი, რაც მათ უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.
ნეირომორფული კომპიუტერები სწორედ ტვინის სტრუქტურის (ნეირონული ქსელების) მიხედვით შექმნილ ასეთ ტექნოლოგიას გულისხმობს. ისინი ამ ორგანოს მიერ ინფორმაციის გადამუშავების უნიკალურ შესაძლებლობებს იმეორებს, თუმცა მათში ხელოვნური ნეირონები და სინაფსები გამოიყენება. ეს საშუალებას იძლევა, რომ სისტემამ რეალურის მაგვარი კოგნიტიური ფუნქციები, მეხსიერების, გადაწყვეტილების მიღების, სწავლისა თუ სხვა უნარები შეიძინოს. ტრადიციულ ქსელებზე უკეთ ამას ე.წ. სპაიკური ნეირონული ქსელები ახერხებს, რომლებიც მონაცემების რეპრეზენტაციისა თუ გადაცემისთვის წყვეტილ სიგნალებს (სპაიკებს) ეყრდნობა და არა მუდმივს.
გასული წლის აპრილში ამერიკულმა კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ 1.15 მილიარდი ნეირონის მქონე ნეირომორფული კომპიუტერული სისტემა Hala Point შექმნა. ის აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა მის მიერ დაფინანსებულ სანდიის სახელმწიფო ლაბორატორიებში შეიტანა. რაც შეეხება Darwin 3-ს, ის ჯეძიანის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კვლევით ინსტიტუტ Zhejiang Lab-თან თანამშრომლობით 2023 წელს შექმნეს.
თითოეული ჩიპი 2.35 მილიონზე მეტ სპაიკურ ნეირონსა და ასობით მილიონ სინაფსს მოიცავს. ის ტვინის შთაგონებით შემუშავებულ სპეციალურ კომპიუტერულ ინსტრუქციებსა და ნეირომორფულ ონლაინ დასწავლით მექანიზმებს აერთიანებს. ჩვეულებრივ ოპერაციულ პირობებში იგი დაახლოებით 200 ვატს მოიხმარს.
იმავე გუნდმა 2020 წელს "დარვინის თაგვი" წარადგინა, რომელშიც 120 მილიონი ხელოვნური ნეირონი იყო. "დარვინის მაიმუნი" მასზე დახვეწილია და სხვადასხვა ტექნოლოგიურ ინოვაციას ეფუძნება, მათ შორის ნეირონული ქსელების გაუმჯობესებულ შიდა კავშირებსა და ინტეგრაციას, ტვინის მაგვარი ოპერაციული სისტემების ახალ თაობას და სხვა.

კომენტარები