SpaceX-ის თქმით, გეომაგნიტურმა შტორმმა სტარლინკის 40 სატელიტი დააზიანა
გასულ კვირას SpaceX-მა ორბიტაზე სტარლინკის 40-ზე მეტი ახალი სატელიტი გაუშვა, თუმცა როგორც ირკვევა, გაშვების შემდგომ დღეებში მომხდარი გეომაგნიტური შტორმის გამო სატელიტები დაზიანდა.
Space X-ის Falcon 9-მ 49 ახალი სატელიტი ორბიტაზე ხუთშაბათს, 3 თებერვალს გაუშვა. ფრენა ფლორიდაში, კენედის კოსმოსური ცენტრის Pad 39A გამშვებიდან განხორციელდა. ერთი დღის შემდეგ დედამიწის თავზე მომხდარი გეომაგნიტური შტორმის გამო ატმოსფეროს სიმკვრივე მცირედით შეიცვალა, სატელიტებზე მიზიდულობა გაიზარდა და უმეტესობა მათგანმა ორბიტაზე სწორად გასვლა ვერ შეძლო.
"პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ დაბალ სიმაღლეზე გაზრდილი წინააღმდეგობის გამო სატელიტები ორბიტაზე უსაფრთხოდ ვერ გავიდნენ, ამიტომ 40 სატელიტი ისევ შემოვა ან უკვე შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში" — განაცხადა SpaceX-მა გუშინ.
გეომაგნიტური შტორმი მაშინ ხდება, როდესაც ინტენსიური მზის ქარები დედამიწას უახლოვდება და მაგნიტოსფეროში პლაზმასა და ელექტრულ ნაკადებს წარმოქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანეებისა და კოსმოსის შემსწავლელი ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი Space Weather Prediction Center ავრცელებს.
გეომაგნიტური შტორმები დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილს ათბობს და ატმოსფერულ სიმკვრივეს იმდენად ცვლის, რომ დაბალ ორბიტაზე მყოფ ობიექტებს, როგორიცაა SpaceX-ის სტარლინკის სატელიტები, აზიანებს.
ამჟამინდელი გეომაგნიტური შტორმი მზეზე 30 იანვარს მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. ტალღების დედამიწამდე მოსვლას 2 თებერვალს ვარაუდობდნენ.
შტორმით გამოწვეული პრობლემების გამო SpaceX-ის 49 სატელიტი ორბიტის ყველაზე ქვედა წერტილში აღმოჩნდა, რაც დედამიწიდან მხოლოდ 210 კილომეტრის სიმაღლეზეა. SpaceX სტარლინკებს დაბალ ორბიტაზე სპეციალურად ანთავსებს, რათა გაუმართაობის შემთხვევაში მათი უტილიზაცია სწრაფად შეძლონ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ განლაგებით სატელიტები გეომაგნიტური შტორმებისადმი მოწყვლადები არიან.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები