დადასტურდა, რომ მარსის მყინვარები მეტწილად სუფთა წყლისგან შედგება
ფოტო: NASA/JPL)
კაცობრიობა მარსზე კოლონიის დაარსებას გეგმავს, ამიტომ იქაური რესურსების გამოყენება ამ საქმეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ახალი კვლევა იმედის მომცემია, რადგან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელ პლანეტაზე არსებული მყინვარების შედგენილობაში მეტწილად სუფთა წყალი გვხვდება.
მეცნიერები მარსის მტვრით დაფარულ ყინულს ათწლეულების განმავლობაში აკვირდებიან. მათ ორგვარი ჰიპოთეზა ჰქონდათ: პირველი, რომ ეს წარმონაქმნები ძირითადად ქვებისგან შედგებოდა და ყინულს მხოლოდ 30% ეკავა; მეორე ის, რომ იქ ყინული 80%-ზე მეტს აღწევს. განსხვავებული მეთოდებით ამგვარი არეალების შესწავლამ მკაფიო შედეგი არ აჩვენა, ამიტომ ახალი ნაშრომის ავტორებმა ზონდ Reconnaissance-ის სპეციალური რადარი გამოიყენეს, რომელსაც SHARAD ეწოდება.
მისი მეშვეობით მკვლევრებმა გააანალიზეს, რამდენად სწრაფად მოძრაობს რადარის ტალღები მყინვარების მიმდებარედ და როგორია ენერგიის დანაკარგი ამ ადგილებში. ასე იქ არსებული მატერიის გამოვლენაა შესაძლებელი, რადგან ქვებსა და ყინულს სხვადასხვაგვარი მახასიათებლები აქვს.
"აღმოვაჩინეთ, რომ ყველა შესწავლილ არეალში საკმაოდ სუფთა ყინულოვანი დანალექია — სავარაუდოდ, 80% ან მეტი ყინული, რომელიც ქვების ან მტვრის საფარის ქვეშაა მოქცეული. შესაძლოა, ის სამომავლოდ რესურსად გამოვიყენოთ", — აცხადებს კვლევის თანაავტორი, ოდედ აჰარონსონი.
აღსანიშნავია, რომ მყინვარების შედგენილობა მარსის ორივე ნახევარსფეროში ერთნაირია. აქედან ასკვნიან, რომ პირობები, რომლებშიც ყინული წარმოიქმნა და შენარჩუნდა, მთელს პლანეტაზე ვრცელდებოდა. ფიქრობენ, რომ ამაში, შესაძლოა, ატმოსფერული ნალექი მონაწილეობდა, კერძოდ კი თოვლი, რომელმაც მყინვარების ფორმირებას შეუწყო ხელი. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ეს პირდაპირი კონდენსაციის შედეგია, ანუ ყინული ზედაპირზე თრთვილის რაოდენობის მატებამ გააჩინა. სხვაგვარად, მაგალითად ორთქლის ზედაპირქვეშა დიფუზიით, ეს ყინული სუფთა ვერ იქნებოდა.
მეცნიერები მარსზე მეტი მყინვარის შესწავლას აპირებენ, რათა დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ. მათი ნაშრომი გამოცემაში Icarus გამოქვეყნდა.

კომენტარები