ინოვაცია: ხელის პროთეზი, რომელსაც ადამიანის სუნთქვა ამუშავებს
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოიგონეს ხელის პროთეზი, რომელიც იტენება და კონტროლდება მომხმარებლის სუნთქვით [მოწყობილობის ტურბინაში ამოსუნთქვით].
ეს მსუბუქი მოწყობილობა გვთავაზობს ალტერნატივას Bowden-ის კაბელის პროთეზისა, რომლის თაავდაპირველი ვერსიაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შექმნეს. Bowden-ის პროთეზი იყენებს კაბელს, რათა მხრის მოხრით ან გაშლით გამოწვეული მოძრაობა გადასცეს მოწყობილობას.
ეს ახალი მოწყობილობა კი საკუთრივ ახალგაზრდებისთვის ან იმ ადამიანთათვის შექმნეს, რომელთაც გარკვეული ანატომიური თავისებურებების გამო გაუჭირდებათ კაბელზე აგებული პროთეზის მორგება.
ახალი მიდგომა კონცენტრირდება ფასზე, ხარისხზე, კომფორტზე და გამოყენების სიმარტივეზე. კვლევა ჟურნალ Prosthesis-ში გამოქვეყნდა.
ახალი პროთეზის თავისებურებები
ზედა კიდურის მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არსებობს სხვადასხვა სახის პროთეზი. თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე ეს ხელსაწყოები, მართვისა და გამოყენების სიმარტივის მხრივ, არ განვითარებულა.
ზედა კიდურების ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პროთეზი არის კაბელზე მომუშავე სისტემა. თუმცა ამ ხელსაწყოს შეძენა და გამოყენება ძალიან ძვირია — აუცილებელია მისი პროფესიონალური მორგება და მუშაობის ეფექტურობის მუდმივი კონტროლი.
"ჩვენი სუნთქვაზე აგებული ხელსაწყო პროთეზის სრულიად ახალ არჩევანს გვთავაზობს და არცერთ მომხმარებელს არ უზღუდავს მოძრაობებს. ეს არის სხეულის პროთეზის პირველი ახალი დიზანი, სისტემა რომელიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში შეიქმნა", — ამბობს უფროსი მკვლევარი პროფესორი ჯეროენ ბერგმანი.
მომხმარებლები ტენიან Tesla-ს პატარა ტურბინას, რომელიც თითებისთვის ჰაერის ნაკადის მიწოდებით ზუსტად აკონტროლებს მათ მოძრაობას. ხელსაწყოს გასააქტიურებლად საკმარისი ჰაერის მოცულობის ამოსუნთქვა პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ. რაც უფრო დიდი რაოდენობით ამოისუნთქავთ ჰაერს, მით უფრო სწრაფი იქნება თითების მოძრაობა.
ეს მოწყობილობა ყოველგვარი კაბელის გარეშე მოქმედებს და ძალიან კომფორტულია პატარა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. სხვა პროთეზებთან შედარებით მისი გამოყენებისთვის მინიმალური გადამზადებაა საჭირო.
ახალი მოდელი ბევრ ბავშვს დაეხმარება
მკვლევრებმა ამ პროთეზის დიზაინი წამყვან ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდთან, LimbBo-სთან, თანამშრომლობით შექმნეს.
LimbBo-ს წარმომადგენელმა, ჯანე ჰევიტმა თქვა: "არ არსებობს ორი ერთნაირი ზედა კიდურა და რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს ერთი ბავშვისთვის, ვერ იქნება ზუსტად მორგებული მეორეზეც. დღეს კი გვაქვს პროთეზების ფართო არჩევანი, თუმცა ბავშვებს სრულიად სხვა მიდგომა სჭირდებათ. ბევრ მათქანს არ აქვს იდაყვის სახსარი, რაც არსებული პროთეზების გამოყენებას ართულებს, ამიტომ ჩვენ პროფესორ ბერგმანთან თანამშრომლობით ალტერნატივის მოძიებას შევუდექით. და, აი, ისიც — ახალი მოდელი, რომელიც ბევრ ბავშვს დაეხმარება".
კვლევის ავტორმა, ვიკრან ნაგარაჯამ აღნიშნა: "მსოფლიოში 40 მილიონი ინდივიდია, რომელსაც ზედა კიდურების განსხვავებული თავისებურებები აქვთ — მათ უმეტესობას არ აქვს წვდომა პროთეზზე. ამას გარდა, არსებული პროთეზები არც ფინანსურადაა ხელმისაწვდომი და არც მოსახერებელია."
ამიტომ ეს კვლევა ხელმისაწვდომი პროთეზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კომენტარები