ერევანში საელჩოს გახსნის შესახებ კანადის საგარეოს განცხადებას რუსეთის უკმაყოფილება მოჰყვა
კრემლში მწვავედ შეხვდნენ კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას სომხეთში საელჩოს გახსნაზე, ასევე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსეთთან "დაპირისპირების" შესახებ.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანიე ჯოლიმ სამხრეთ კავკასიაში პირველი, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში ოთხი საელჩოს გახსნის შესახებ ივნისის ბოლოს ისაუბრა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღწერილი იყო ნაბიჯები, რომელიც ოტავას "რუსეთის დესტაბილიზაციის ქმედებებთან დაპირისპირებაში" დაეხმარებათ.
"ეს დიპლომატიური გაფართოება კანადას უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებაში, ევროპელი მოკავშირეების მხარდასაჭერად პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში, ასევე, შემდგომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლასა და სომხეთის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერაში დაეხმარება", — აღნიშნული იყო განცხადებაში.
ამ პრესრელიზში, ასევე, მოყვანილი იყო მინისტრის ციტატა, რომელიც აღნიშნავდა, რომ "უკრაინაში რუსეთის უკანონო, გაუმართლებელმა და საზარელმა შეჭრამ ევროპაში უსაფრთხოება და დიპლომატიური ლანდშაფტი შეცვალა".
"ეს ცვლილებები დაგვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ინსტრუმენტები, რომელიც სომხეთის დემოკრატიის გასაძლიერებლად გვჭირდება, ასევე, ამით შევეხებით ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს უსაფრთხოებისა და დიპლომატიურ გამოწვევებს", — ამბობდა ის.
ერევანში რუსეთის საელჩო ამ განცხადებას მწვავედ გამოეხმაურა და გააკრიტიკა — მათ ეს შეაფასეს, როგორც "აშკარად თავხედური" და "უპატივცემულო" სომხეთის მიმართ, რომელთანაც კანადას "ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება" უნდა.
"შეუძლებელია ადამიანი არ დაინტერესდეს, როგორ იმოქმედებს ასეთი ხაზი სომეხი ხალხის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე", — წერია განცხადებაში.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხსენებული განცხადების გავრცელების შემდეგ, კი მინისტრმა, მელანიე ჯოლიმ Twitter-ზე დაწერა, რომ კანადა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, სლოვაკეთსა და სომხეთში "თავის კვალს აძლიერებს", რადგან "რუსული გავლენა უკუაგდოს".
მალევე მან ეს პოსტი წაშალა და მოგვიანებით სომხეთისა და სხვა ქვეყნების შესახებ, პატივისცემის ნიშნად, ორი სხვადასხვა პოსტი დაწერა. სომხეთზე პოსტში რუსეთის "უკუგდება" ნახსენები არ იყო.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ერევანში კანადის საელჩოს გახსნის გეგმას — არარატ მირზოიანმა ამას "სომხეთ-კანადის ურთიერთობების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთის ახლო პარტნიორია და როგორც ეკონომიკურად, ასევე, სამხედრო თვალსაზრისით მასზე მეტად დამოკიდებულია, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს — მთავრობის წარმომადგენლები სიტუაციასთან დაკავშირებით ან დუმილს ინარჩუნებენ ან ნეიტრალური განცხადებებით შემოიფარგლებიან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები