სკოლებში სწავლება AR ტექნოლოგიითა და ვიზუალიზაციებით — რას აპირებს ქართული სტარტაპი VISU
ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, მსოფლიოს მასშტაბით, განათლების პროცესში გამოყენებული მეთოდებიც იცვლება თუ იხვეწება. თუმცა, იმავე სისწრაფით ნამდვილად ვერა, რა სისწრაფითაც სკოლის მოსწავლეების გარემომცველი გარემო — გაჯეტები, თამაშები, ონლაინ სივრცე. ეს განსაკუთრებით აქტუალური საქართველოშია. ბავშვებს ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიასთან აქვთ შეხება, სკოლებში კი ცარცის დაფები, მერხები და წიგნები ხვდებათ.
რა თქმა უნდა, განათლების სისტემის გარდაქმნასა და თანამედროვე ბავშვების საჭიროებებზე მორგებას დიდი რესურსი უნდა. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ისევ ჰიპოთეტურად ვივარაუდოთ, როგორი იქნება სასკოლო გარემო რამდენიმე წლის შემდეგ. ჩართავენ თუ არა განათლების ექსპერტები სასწავლო პროცესში გეიმინგის ელემენტებს. შეძლებენ თუ არა ბავშვები მეტად ეფექტიანი შემეცნების პროცესისთვის სიმულატორებით სარგებლობას ან გაკვეთილების მიმდინარეობისას, მეტად თვალსაჩინო რეპრეზენტაციებისთვის, გამოიყენებენ თუ არა მასწავლებლები ვირტუალური თუ გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიას.
შეიძლება ამ ყველაფერზე ფიქრმა რომელიმე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმთან გაგავლებინოთ პარალელი, თუმცა ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს ეს არ მოუწევთ. სტარტაპ VISU-ს დახმარებით, ამ კუთხით მათ გარკვეული გამოცდილება უკვე აქვთ.
VISU 2019 წელს, თბილისში, ჰაკათონ Garage 48-ზე შეიქმნა და მისი გამარჯვებულიც გახდა. VISU — ეს არის ქართული სტარტაპი, რომელიც სასწავლო პროგრამებზე მორგებულ ვიზუალურ გადაწყვეტილებებს ქმნის, ამ ყველაფრით კი მისი შემქმნელები სწავლის პროცესში AR ტექნოლოგიის ინტეგრირებისა და სწავლების ეფექტიანობის გაზრდას ცდილობენ.
"ჩვენ გვინდა ტექნოლოგიები, მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს მეტად დავაახლოვოთ, რომ შექმნან მეტი ღირებულება და იყოს უფრო ჰარმონიული თანამშრომლობა სწავლების პროცესში", — ამბობს თაზო არუნაშვილი, სტარტაპის თანადამფუძნებელი.
თაზო ინდუსტრიული დიზაინერია, ამჟამად ბაქსვუდის სკოლაში დიზაინს ასწავლის და ინოვაციური პროგრამების მენეჯერია. გარდა ამისა, სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ისტორიისა და ტრენდების მიმართულებით ლექციებს კითხულობს. VISU-ს თანადამფუძნებელი — სოფი ჩუტკერაშვილი კი ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტია, ასევე, ვებდეველოპერი და UI/UX დიზაინერი. "ჩვენი ინტერესების, გამოცდილების და თანამედროვე ტექნოლოგიის AR-ის გაერთიანება მოვისურვეთ და შევქმენით VISU", — ამბობს თაზო.
პირველი ნაბიჯები და გამოწვევები
VISU-ს შექმნის დღიდან უამრავ ჰაკათონში მიუღია მონაწილეობა. ყველაფერი კი 2019 წელს, ჰაკათონ Garage 48-ში საპრიზო ადგილის დაკავებით დაიწყო. ამის შემდეგ სტარტაპმა Pesa Virtual Academy-ს აქსელერაცია გაიარა (2020-ში), შემდეგ კი პროტოტიპირების ეტაპზე გადავიდა.
ბაქსვუდის სკოლაში, ქიმიის და სტერეომეტრიის გაკვეთილებზე ჩატარებული რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ, VISU-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო Estonia as a gateway to global business-ში, სადაც საპრიზო ადგილი და ფინანსური ჯილდო დაიმსახურა. 2021-ში VISU კიდევ ერთ ჰაკათონში — Digi Edu Hack მონაწილეობდა, რაც ასევე საპრიზო ადგილის დაკავებით დასრულდა.
"მაშინაც და ახლაც, საზოგადოების ცნობიერება ამ მხრივ ჯერ კიდევ დაბალია", — ამბობს სოფი ჩუტკერაშვილი და დასძენს — "თუმცა, ვფიქრობ, ამ ტექნოლოგიების მიმართაც ადამიანები ჩვეულ დამოკიდებულებას გამოიმუშავებენ, როგორც მაგალითად, პროექტორის მიმართ გვაქვს. პროექტორს როდესაც ვრთავთ არ გვიკვირს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამას ადამიანები მიჩვეულები არიან. ბაზარზე საჭიროება საკმაოდ დიდია, რადგან რომ დავუბრუნდეთ ძირეულ პრობლემას — მოსწავლეებს აქვთ წარმოსახვის სირთულეები. წარმოსახვის სირთულეში არ იგულისხმება მხატვრული წარმოსახვა ან ოცნება და კრეატივი, ამაში ვგულისხმობთ ახსნილი მასალის წარმოსახვასა და გონებაში ვიზუალურად გააზრებას. მაგალითად: სასწავლო დაწესებულებებში მაკეტების ნაკლებობა, ასევე ბევრ მოსწავლეს უჭირს დაინახოს, წარმოიდგინოს ის, რომ მართკუთხა სამკუთხედის კათეტის დატრიალებით მიიღება კონუსი ან კუბის დატრიალებით ცილინდრი. უჭირთ ატომის სტრუქტურის ნათლად დანახვა... რატომღაც, როდესაც საქმე განათლებას ეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს ადამიანები უკან იტოვებენ, როდესაც ახალგაზრდები და უფრო მოზარდები სიამოვნებით იყენებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად თანამედროვე ტექნოლოგიების მოთხოვნილება ბავშვებს და მოსწავლეებს უნდა დავუკმაყოფილოთ სწორი გზებით".
როდესაც უცხოურ ანალოგებზე ვეკითხებით თაზო ესტონეთში ვიზიტს იხსენებს. მაშინ VISU ანგელოზ ინვესტორებთან პრეზენტაციის ჩასატარებლად ჩავიდა და ამ მიმართულებით, რამდენიმე სამუშაო სივრცის ნახვაც მოახერხა.
"ესტონეთში ვნახეთ, რომ ბავშვებს ჰქონდათ ვიზუალთან და ამ ტექნოლოგიებთან წვდომის დიდი სურვილი. ეს მიდგომა უცხოეთშიც ინერგება, თუმცა აქტიური დანერგვა ნელ-ნელა ხდება, რადგან სკოლები ინოვაციის ადრეული ამთვისებლები არ არიან და ასევე, მასწავლებლებსაც სჭირდებათ გადამზადება ამ ტექნოლოგიებში გასარკვევად. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებსაც. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ VISU არაა AR აპლიკაცია. ესაა სასწავლო პროგრამებზე მორგებული ვიზუალური გადაწყვეტილებები, რომელიც იყენებს ამ ტექნოლოგიას. რაც შეეხება უცხოურ ანალოგებს ამ ტექნოლოგიაში, უფრო პირადი გამოყენებისაა და გასართობი ფუნქცია აქვს ან ძირითადად 3D მოდელების ბაზაა, რომელიც საგნების თემებზე და საჭიროებებზე მორგებული ნაკლებადაა".
VISU-ს გამოყენება ანალოგებთან შედარებით მარტივია, რადგან პროდუქტის ჩაწერა სმარტფონებზეა შესაძლებელი, შემდეგ კი გამზადებული ვიზუალური სასწავლო მასალის VR/AR სათვალეების დახმარებით დანახვაც.
მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ახლა დახვეწის ეტაპზეა, მთავარ გამოწვევად მაინც მასწავლებლები რჩებიან, რომლებიც ჯერ მზად არ არიან ეს ტექნოლოგიური დამხმარე აითვისონ. თუმცა, როგორც თაზო ამბობს, ბაქსვუდის სკოლაში გამოჩნდა რამდენიმე ნოვატორი და ამბიციური მასწავლებელი, რომელმაც VISU-ს ექსპერიმენტებში მიიღო მონაწილეობა.
დამხმარე და არა ჩამანაცვლებელი
ცნობილია, რომ სხვადასხვა რთული კონსტრუქტის ვიზუალიზაცია მის გაგებასა და აღქმას ამარტივებს. სწორედ ესაა მიზანი, როცა სწავლების პროცესში, თვალსაჩინოებისთვის, სხვადასხვა დამხმარე ვიზუალს იყენებენ. მაგალითად, გეოგრაფიული ერთეულებისა და მათი ურთიერთმიმართების აღქმა და გაგება გაცილებით რთული იქნებოდა ჩვენთვის, რუკებს რომ არ ვიყენებდეთ, ისევე როგორც რთული იქნებოდა გეომეტრიული ობიექტების გაგება, მათი დახაზვა რომ არ შეგვეძლოს. არსებობს გაცილებით კომპლექსური საკითხები, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო საგნებში. ფიზიკის კანონების გასაგებად ხშირად მხოლოდ ვიზუალი არ კმარა, მოძრავი ვიზუალი უკეთესი იქნებოდა. ქიმიის გაკვეთილზე ექსპერიმენტების ჩატარების პარალელურად კი ამ ექსპერიმენტის ტოლფასი პროცესების მოლეკულურ დონეზე ვიზუალიზაცია კიდევ უფრო გაგვიმარტივებდა ამა თუ იმ პროცესის გაგებას. სწორედ ამის მიღწევა უნდა სტარტაპს.
"VISU ზრდის სწავლების ეფექტიანობას ვიზუალიზაციის დახმარებით. იგი დამხმარე ხელსაწყოა და არა ჩამნაცვლებელი, შესაბამისად ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის და სხვა მასწავლებელს, ვისაც ვიზუალური ახსნა სჭირდება გამოიყენებს საგნის დეტალურად ასახსნელად, ხოლო დაეხმარება იმ მოსწავლეებს, ვისაც უჭირს ადვილად წარმოდგენა ან მეტად უნდა იყოს ხალისით ჩართული ნაცნობ ტექნოლოგიებში და საგანში ერთდროულად. VISU ასევე ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის", — ამბობს თაზო არუნაშვილი.
"ვიზუალიზაციის პრობლემის მოგვარება სწავლის ხარისხს გაზრდის და ბავშვების კონცენტრაციას შეუწყობს ხელს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს საკმაოდ მომგებიანია სკოლისთვის, საზოგადოებისთვის და საერთო ჯამში, სახელმწიფოსთვის. ყველამ ვიცით, რომ განათლებაში ჩადებული რესურსი ყველაზე მყარი და ძლიერი ცვლილებების მომტანია", — ამბობს თაზო არუნაშვილი.
ჯერჯერობით, VISU-ს დახმარებით სწავლის გამოცდილება მხოლოდ ბაქსვუდის სკოლაში აქვთ, თუმცა გუნდი სხვა სკოლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ექსპერიმენტები სხვაგანაც ჩატარდეს. თაზოს თქმით, სტარტაპის მიდგომა კომუნიკაციასა და მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინებას მოიცავს, იმისათვის, რომ ხარვეზები პროდუქტზე მუშაობის ეტაპზევე გამოირიცხოს.
ამ ეტაპზე, VISU-ში უკვე იციან, რომ მოსწავლეებს უფრო ფერადი და ეფექტური ვიზუალები მოსწონთ, ასევე მეტი დეტალიზაცია. ისინი ტექნოლოგიას ადვილად უღებენ ალღოს, რადგან მათთვის ნაცნობია ეს ყველაფერი. მომავალში გუნდი ვიზუალიზაციებისთვის მეტი დეტალის დამატებას გეგმავს, ხოლო მეორე მხრივ, პროგრამის ინტერფეისის გამარტივებას, იმისათვის, რომ მასწავლებლებმა ის უფრო იოლად გამოიყენონ.
კომენტარები