მეცნიერებმა წყლის გიგანტური დუმფარების ახალი სახეობა აღმოაჩინეს — იგი მსოფლიოში უდიდესია
მცენარე "მსოფლიოს ბოტანიკური საოცრებებიდან ერთ-ერთია"
Kew Gardens-ის ექსპერტების ცნობით, მათ წყლის გიგანტური დუმფარების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რაც მე-19 საუკუნის შემდეგ აღარ მომხდარა. ნაშრომი, რომელიც მეცნიერების სამწლიან შრომას აღწერს, ჟურნალში Frontiers in Plant Science გამოქვეყნდა ორშაბათს.
სანამ აღმოაჩენდნენ, ახალი სახეობის ნიმუშებმა ბოტანიკურ ბაღში 177, ბოლივიის ეროვნულ ჰერბარიუმში კი 34 წელი გაატარა. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ მცენარეები Victoria amazonica-ს სახეობას ეკუთვნოდა, რომელიც გიგანტური დუმფარების ორი სახესხვაობიდან ერთ-ერთია და სახელი დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად შეარქვეს.
Kew-ის ექსპერტებისა და ლათინურ ამერიკული ქვეყნის მეცნიერთა ერთობლივი მუშაობის შედეგად დადასტურდა, რომ სინჯები წყლის გიგანტური შროშანების მესამე სახესხვაობას ეკუთვნის, რომელსაც Victoria boliviana შეარქვეს მცენარის ბუნებრივი ეკოსისტემის გამო და მეცნიერთა გუნდის ბოლივიელი პარტნიორების პატივსაცემად.
მცენარის ფოთლები დაახლოებით სამი მეტრი სიგანისაა, თავად სახეობა კი მსოფლიოში უდიდესია. გიგანტური დუმფარები ღამით იფურჩქნება და თეთრიდან ვარდისფერში გადადის.
აღსანიშნავია, რომ Kew ერთადერთი ადგილია, სადაც ვიქტორიას გვარის სამივე სახეობას — V. amazonica-ს, V. cruziana-სა და V. boliviana-ს — ერთმანეთის გვერდიგვერდ იხილავთ.
როგორც კარლოს მაგდალენამ, მებაღეობის სპეციალისტმა განაცხადა, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენაზე მუშაობს, ზემოხსენებული მცენარე "მსოფლიოს ბოტანიკური საოცრებებიდან ერთ-ერთია".
"წელიწადში 2 ათასამდე ახალ სახეობას პოულობენ. უცნაური ის მგონია, რომ ესოდენ განთქმული ზომის მცენარე 2022 წელს აღმოაჩინეს. ეს საკმაოდ უჩვეულოა და თვალნათლივ გვიჩვენებს, კიდევ რამდენი რამ შეიძლება არ ვიცოდეთ. ნამდვილად გვიჩვენებს იმას, თუ საბოლოოდ რამდენად ცოტა რამ ვიცით ჩვენი ბუნებრივი სამყაროს შესახებ", — დასძინა მან.
კომენტარები