კიბორჩხალების ახალი სახეობა, რომელიც მეცნიერებმა ავსტრალიაში აღმოაჩინეს, ღრუბელებითაა დაფარული, რაც ამ კიბოსნაირს პატარა ფუმფულა სათამაშოს ამსგავსებს.

კიბორჩხალა, რომელსაც მეცნიერებმა Lamarckdromia beagle უწოდეს, პირველად დასავლეთ ავსტრალიის ქალაქ დანიასთან ახლოს, სანაპიროზე, ოჯახმა შენიშნა. მათ კიბორჩხალა დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმის კიბოსნაირებისა და ჭიების კოლექციის კურატორს, ენდრიუ ჰოუზის გაუგზავნეს. ამ უკანასკნელმა კი ნიმუში ღრუბლოვან კიბორჩხალების ოჯახს მიაკუთვნა.

"ღრუბლოვანი კიბორჩხალები ხშირად თმიანები არიან, თუმცა მათი ზედაპირი უფრო თექას ან ხავერდს მოგვაგონებს, ვიდრე ამ სრულად გაბურძგნულ საფარს", — განუცხადა ჰოუზიმ Live Science-ს.

ღრუბლოვანი კიბორჩხალების (Dromiidae) ოჯახის სახეობები თავიანთ ბასრ წინა ორ ბრჭყალს ღრუბელების და ასციდიების შესაგროვებლად იყენებენ, მათ სხეულზე დასამაგრებლად კი სპეციალურ ზურგის ფეხებს იყენებენ. დროთა განმავლობაში ეს ნადავლი მათ სხეულზე გროვდება და მჭიდრო საფარს აყალიბებს, რაც ცხოველს მტაცებლების, მათ შორის რვაფეხებისა და სხვა ოჯახის კიბორჩხალების თავიდან აცილებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ღრუბლები ასევე გამოყოფენ მომწამლავ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც, ჰოუზის თქმით, კიბორჩხალას ნაკლებად მაცდურ საკბილოდ წარმოჩენს.

ღრუბლებით დაფარული ნიმუშის მიღების შემდეგ, ჰოუზი კოლინ მაქლეის — ზღვის ბიოლოგსა და ახალი ზელანდიის კენტერბერის უნივერსიტეტის ყოფილ ასოცირებულ პროფესორს დაუკავშირდა, რომელიც ღრუბლოვან კიბორჩხალებს ათწლეულების განმავლობაში იკვლევდა. მაქლეიმ დაადასტურა, რომ კიბორჩხალა აქამდე უცნობ სახეობას წარმაოდგენდა.

ამის შემდეგ გუნდმა კიბოსნაირი დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმის კოლექციიდან Lamarckdromia-ის გვარის სხვა სახეობებს შეადარა. ამ დროს მათ კიდევ ოთხი L. beagle სახეობის ნიმუში აღმოაჩინეს, რომლებიც 1925-1983 წლებში სხვადასხვა სანაპირო ტერიტორიებზე იპოვეს, მაგრამ ცალკე სახეობას არ იყვნენ მიკუთვნებულნი. ჰოუზის თქმით, ეს ნიმუშები ერთად გვთავაზობს, რომ L. beagle, სავარაუდოდ, დასავლეთ ავსტრალიის მეჩხერ წყლებში, ჰოუფთაუნსა და ნატურალისტის კონცხს შორის ბინადრობს.

კიბორჩხალის ამ სახეობას HMS Beagle გემის სახელი ეწოდება. აღსანიშნავია, რომ ამ გემით 1836 წელს ბრიტანელი ნატურალისტი ჩარლზ დარვინი, თავისი მეორე კვლევითი ექსპედიციის ფარგლებში, ავსტრალიაში ჩავიდა. "მიიჩნევა, რომ ამ მოგზაურობამ დიდი გავლენა მოახდინა დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორიის ჩამოყალიბებაზე", — განაცხადა ჰოუზიმ.

მკვლევრებმა კიბორჩხალის ახალი სახეობა 28 აპრილს ჟურნალ Zootaxa-ში აღწერეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.