გენდერი, აბორტი და სექსუალობა პრიმატოლოგის თვალთახედვიდან — ინტერვიუ ფრანს დე ვაალთან
პროფესორი ფრანს დე ვაალი სახელგანთქმული ჰოლანდიელი პრიმატოლოგი და ეთოლოგია. ის უკვე ოთხი ათწლეულია იკვლევს ჩვენი უახლოესი ნათესავების, შიმპანზეების და ბონობოების ქცევას ატლანტაში, იერკსის პრიმატების კვლევით ცენტრში. პროფესორ დე ვაალს გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი აკადემიური ნაშრომი, ხოლო მისი პოპულარული წიგნები 20 ენაზეა თარგმნილი. პროფესორ დე ვაალის ბოლო წიგნი "გენდერი პრიმატოლოგის თვალთახედვიდან" ჩვენი ნათესავების გენდერული იდენტობის, გენდერული როლების და სექსუალობის ეთოლოგიურ ანალიზს წარმოადგენს. ეს წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ამ საკითხებზე მეცნიერული დისკუსია პოლიტიკურად მიკერძოებული ბანაკების "კულტურათა ომმა" ჩაანაცვლა, რომელშიც ბიოლოგია ხშირად უგულებელყოფილი ან მისინტერპრეტირებულია.
ამჟამინდელი მწვავე საკითხით, აბორტზე საუბრით მინდა დავიწყო. თქვენ წერთ, რომ ნიდერლანდებში აბორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში, რა არის მიზეზი? რა კომენტარს გააკეთებდით მიმდინარე დებატებზე?
თავად დებატის შინაარსს არ შევეხები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუ აბორტთან ბრძოლა გსურს, ყველაზე ეფექტიანი მეთოდია ადრეული სქესობრივი განათლება და უფასო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. ნიდერლანდებში აბორტის და მოზარდთა ორსულობის მსოფლიოში ყველაზე დაბალი სიხშირეა. ნიდერლანდებში აშშ-სგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სექსუალობასთან. აშშ-ში ცდილობენ შეაშინონ ბავშვები და უთხრან ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება დაგემართოს სექსის შედეგად. ნიდერლანდებში კი ასწავლიან, რომ სექსი სიყვარულთან არის დაკავშირებული, რომ უნდა მოემზადონ სექსისთვის, როგორ დაიცვან თავი ორსულობისგან და ასე შემდეგ. ამრიგად, განათლება მნიშვნელოვანია და ეს არის პრაგმატული, არამორალისტური მიდგომა, რომელიც ტიპიურია ნიდერლანდებისთვის.
თქვენს წიგნში წერთ, რომ არსებობს ტვინის რეგიონი სახელად bed nucleus of stria terminalis, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებასთან...
ის ტვინის იმ რეგიონებს მიეკუთვნება, რომლებიც სქესობრივი დიმორფიზმით (განსხვავებულობით) ხასიათდება. ორჯერ უფრო დიდია კაცებში ქალებთან შედარებით. დიკ სვააბის ნეირომეცნიერების ინსტიტუტმა ამსტერდამში გამოიკვლია ტვინის ეს რეგიონი ტრანსგენდერ ქალებში და კაცებში post mortem და აღმოჩნდა, რომ ტვინის ამ რეგიონის ზომა მათი გენდერული იდენტობის შესაბამისი იყო, ნატალური სქესის მიუხედავად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გენდერული იდენტობის წმინდა გრაალი აღმოვაჩინეთ. როგორც მეცნიერების მანტრა ამბობს, კორელაცია არ ნიშნავს კაუზაციას. რთულია იმის თქმა, ტვინის ეს რეგიონი გენდერული იდენტობის მიზეზია თუ პირიქით. ამრიგად, დღეს ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით, თუ რა იწვევს ტრანსგენდერობას, თუმცა ვიცით, რომ ნაყოფის სასქესო ორგანოების მდედრობითად და მამრობითად დიფერენცირება ორსულობის პირველ რამდენიმე თვეში ხდება მაშინ, როცა ტვინის სქესის მიხედვით დიფერენცირება ორსულობის მეორე ნახევარში მიმდინარეობს. არსებობს სპეკულაცია, რომ ამ ორ პროცესს შორის წყვეტამ შეიძლება განაპირობოს განსხვავება ორგანიზმისა და ტვინის გენდერს შორის. დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტრანსგენდერობა ადრეულ ასაკში იწყება. აშშ-ში ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ ტრანსგენდერები არიან, იმავე აზრზე რჩებიან 6 წლის შემდეგაც და მხოლოდ 2.5% იცვლის აზრს ამის თაობაზე. იმავეს თქმა შეიძლება სისგენდერებზე, მათ ვისაც ბიოლოგიური სქესის შესაბამისი გენდერი აქვთ, ისინიც ადრეული ასაკიდანვე ამბობენ "მე ბიჭი ვარ" ან "მე გოგო ვარ".
მსგავსი სიტუაციაა სექსუალობის შემთხვევაშიც. მაგალითად, ჰომოსექსუალობა ადრეულ ასაკში ყალიბდება და არ იცვლება. ჩვენ გვინახავს რამდენად წარუმატებელი და სასტიკი იყო კონვერსიული თერაპიები აშშ-ში. ორიენტაცია და გენდერი პიროვნების და მისი ბიოლოგიის განუყოფელი ნაწილია.
გენეტიკურად ჩვენი უახლოესი ნათესავები ბონობოები და შიმპანზეები არიან. თუმცა, ისინი ერთმანეთისგან ბევრი თვალსაზრისით განსხვავდებიან, მათ შორის გენდერის და სექსუალობის...
ჩვენ გვყავს ორი უახლოესი ნათესავი, შიმპანზე და ბონობო. ბონობო ხშირად ავიწყდებათ, რადგან შიმპანზეები უფრო ადრე აღმოაჩინეს, უფრო ცნობილები არიან და ამასთანავე კარგად თანხვდება ზოგიერთი ანთროპოლოგის თეორიას ადამიანების შესახებ. ამ თეორიების თანახმად, ადამიანები ასეთი წარმატებულები ვართ იმიტომ, რომ აგრესიულები და მებრძოლები ვართ. ბონობო ამ სურათში არ თავსდება. ამიტომ, შიმპანზეებთან ერთად, მე ყოველთვის ვახსენებ ბონობოებსაც. ისინი გენეტიკურად ზუსტად ისევე ახლოს არიან ჩვენთან, როგორც შიმპანზეები, მაგრამ გაცილებით უფრო ეროტიული არსებები არიან, მათი სოციალური ცხოვრება უფრო გაჯერებულია სექსით. ადამიანებზეც შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანებიც ეროტიული სახეობა ვართ, ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს აბსოლუტურად მართალია. ბონობოები ასევე მდედრების მიერ დომინირებული სახეობაა. ბონობოებში მდედრები კოლექტიურად ბატონობენ მამრებზე. მდედრი ბონობო მამრზე მცირე ზომისაა, ამიტომ მათ ინდივიდუალურად არ შეუძლიათ მამრებზე დომინირება, მაგრამ კოლექტიურად — კი. ალფა მდედრს ირგვლივ ყოველთვის თან ახლავს სხვა მდედრების ჯგუფი, რომლებიც ერთობლივად მართავენ მთელ ჯგუფს. ამისგან განსხვავებით, შიმპანზეებში მამრები დომინირებენ, ყველა ჯანმრთელი მამრი შიმპანზე დომინირებს მდედრ შიმპანზეზე; შიმპანზეებში უფრო დახვეწილია მამრებს შორის კომუნიკაცია, ისინი თანამშრომლობენ და ერთად იცავენ ტერიტორიებს და ამ დროს ძალიან აგრესიულები და მოძალადეები შეიძლება გახდნენ. შიმპანზეებში აგრესიის ძირითადი მიზეზი არა შიდაჯგუფური, არამედ ჯგუფებს შორის კონფლიქტია. ჩვენი ორი უახლოესი ნათესავიდან ერთი პატრიარქალური საზოგადოებაა, მეორე კი მატრიარქალური, რაც ერთი მხრივ დამაბნეველია, მაგრამ უფრო საინტერესოს ხდის დისკუსიას.
რა ხარისხითაა კაცების აგრესია თანდაყოლილი?
კაცები უფრო აგრესიულები და მოძალადეები არიან ყველა საზოგადოებაში, ეს აშკარაა თუ გავითვალისწინებთ ნებისმიერი ერის ძალადობრივი დანაშაულებისა და მკვლელობის სტატისტიკას. მდედრებიც ძალადობენ, მაგრამ უფრო დაბალი სიხშირით და ინტენსივობით. ეს უნივერსალური მახასიათებელია ადამიანის და სხვა პრიმატების ყველა საზოგადოებაში. თუმცა, აქაც ვარიაბელურობა გვაქვს. არსებობენ საზოგადოებები, სადაც ძალადობის დონე უკიდურესად დაბალია. ისეთი თვისების შემთხვევაშიც კი, რომელიც აშკარად ბიოლოგიურია გვაქვს გარკვეული კულტურული ვარიაბელურობა. ეს შეეხება სხვა პრიმატებსაც. ერთი სახეობის ორი ჯგუფი შეიძლება განსხვავდებოდეს ამ თვალსაზრისით. მაგალითად, შიმპანზეებში ლეტალური აგრესიის შესახებ მონაცემების უმრავლესობა მოდის აღმოსავლეთ აფრიკის შიმპანზეებიდან, დასავლეთ აფრიკელი შიმპანზეები უფრო იშვიათად ძალადობენ. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რატომ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სურათი, რომელიც გვაქვს შიმპანზეებზე, როგორც აგრესიულ სახეობაზე შესაძლოა კულტურულად მიკერძოებული იყოს, რადგან აღმოსავლეთ აფრიკა იყო ადგილი, სადაც ჯეინ გუდოლმა, იაპონელებმა და სხვებმა დაიწყეს საველე სამუშაოები, რომლებმაც შემდეგ დიდი გავლენა იქონია.
თქვენ წერთ, რომ ტერმინი “გენდერის” გამოყენების გაფართოება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ინგლისურში სქესს (sex) ორმაგი დატვირთვა აქვს...
კი, დღეისდღეობით სიტყვა გენდერი ძალიან თავისუფლად გამოიყენება, შეიძლება გაიგო საუბარი ბაყაყის და ჟირაფის გენდერზე, თუმცა ეს არ ყოფილა ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა. გენდერის თავდაპირველი მნიშვნელობა სქესობრივი იდენტობის კულტურული გამოხატულება იყო, გენდერი იყოფა არა როგორც მდედრი და მამრი, არამედ მასკულინური და ფემინური, როგორ გამოხატავ თავს, რაც კულტურულად ვარიაბელურია და უფრო მოქნილი კონცეფციაა, ვიდრე ვთქვათ სქესი, რომელიც მეტწილად ბინარულია.
შეგიძლიათ მოიტანოთ მაგალითი, როცა შიმპანზეს ან ბონობოს გენდერული იდენტობა არ დაემთხვა მის დაბადების სქესს?
ჩვენ გვყავდა მდედრი სახელად დონა, რომელიც დაიბადა როგორც მდედრი, მაგრამ ადრეული ასაკიდანვე სურდა პოპულაციის მამრ წევრებთან ორთაბრძოლები, რაც შიმპანზეებში, როგორც წესი, მამრების აქტივობაა. შემდეგ, როცა მოზარდობას მიაღწია მას განუვითარდა დიდი ზომის, მამრებისთვის დამახასიათებელი ბეჭები და კიდურები, დიდი ზომის თავი და მამრისთვის დამახასიათებელი ბეწვი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიოლოგიური სქესი მდედრია, გარეგნულად ის მამრს ჰგავს და მამრი შიმპანზეებისთვის დამახასიათებელი აქტივობებში მუდმივად ერთვება. მე ასევე შემხვედრია არაერთი მამრი, რომელსაც არ სურს მაჩოობის თამაში, შეიძლება დიდი ზომის იყოს, მაგრამ კონფრონტაციებს თავს არიდებდეს. ამრიგად, ჩვენ გვყავს მამრები, რომლებიც არ ასრულებენ მამრის როლს და მდედრები, რომლებიც არ თამაშობენ მდედრის როლს, მაგალითად დონას არასდროს ჰყოლია შვილები, ამით არასდროს დაინტერესებულა. ამრიგად, გვყავს ინდივიდები, რომლებიც გადახრილები არიან ტიპიური ქცევის პატერნისგან და ვფიქრობ, პრიმატოლოგიაში ამაზე საკმარისად ბევრი არ გვისაუბრია, რადგან ჩვენ გვიყვარს ტიპიურ ქცევაზე საუბარი.
შეგიძლიათ დაგვისახელოთ სქესთა შორის ქცევითი განსხვავებების მაგალითები, რომლებიც უნივერსალურია ბონობოებში, შიმპანზეებში და ადამიანებში?
ერთ-ერთი განსხვავება, რომელიც სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზევეა აშკარა: მდედრებს აინტერესებთ ახალშობილები და თუ მისცემთ სათამაშოდ თოჯინასა და სატვირთო მანქანას შორის არჩევანს, თოჯინას აირჩევს, რომელსაც სათუთად ეპყრობა და თან დაატარებს. მამრები ხშირად ნაწილებად შლიან თოჯინას, რადგან აინტერესებთ შიგნით რა არის. ახალგაზრდა მდედრები უფრო ინტერესდებიან ახალშობილით, თუ ჯგუფში მოვა მდედრი თავისი ახალშობილით, მას გარს შემოარტყამენ სხვა მდედრები, ახალგაზრდა მამრებს კი ახალშობილი ნაკლებად აინტერესებთ. ახალგაზრდა მამრებს მოსწონთ ძიძგილაობა, მთელი დღე ამას აკეთებენ, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს ასევე სიმართლეა ადამიანებშიც. თუ დააკვირდებით, ადრეულ ასაკში ბიჭები უფრო მეტს ძიძგილაობენ ვიდრე გოგოები. ეს ორი განსხვავება, ახალშობილები/თოჯინები და ინტერესი ძიძგილაობის მიმართ უნივერსალურად გვხვდება არა მხოლოდ ადამიანებში, შიმპანზეებში და ბონობოებში, არამედ ყველა პრიმატში. ეს ამზადებს ახალგაზრდა ზრდასრული ცხოვრებისთვის, რადგან ვთქვათ დედობრივ უნარებს ათვისება სჭირდება. ხშირად ფიქრობენ, რომ ეს უნარები თანდაყოლილია, მაგრამ სინამდვილეში შიმპანზეების პოპულაციებში, სადაც ახალშობილი არავის ჰყოლია და ერთ-ერთი მდედრი დაორსულდება, ყველაფერი ცუდად მიმდინარეობს და საჭირო ხდება, რომ ადამიანებმა ასწავლონ როგორ მოუარონ ახალშობილს. ამრიგად, დედობრივ უნარებს დასწავლა სჭირდება და ახალგაზრდა მდედრები მოწადინებულები არიან, რომ ეს უნარები აითვისონ, რადგან დაინტერესებულები არიან ახალშობილებით და თოჯინებით. მამრების შემთხვევაში, ზრდასრულ მამრს უფრო მეტი ჩხუბი მოუწევს, ამიტომ ფიზიკური უნარების განვითარება უფრო მნიშვნელოვანია მათთვის. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისწავლონ, როგორ აკონტროლონ ფიზიკური ძალა. მან უნდა ისწავლოს როგორ მოიგოს, რა გააკეთოს დამარცხებისას, როდის მიაყენოს ან არ მიაყენოს ზიანი სხვას, როგორ შეიკავოს თავი და ასე შემდეგ. მათ ამ ყველაფრის სწავლა სჭირდებათ და ამას აკეთებენ ათასგვარი თამაშების დახმარებით. წარმოიდგინეთ ადამიანის საზოგადოება, სადაც სახლში არის კაცი, რომელმაც არ იცის რომ უფრო ძლიერია ვიდრე ქალი და შვილები, ინდივიდი, რომელსაც არ აქვს წარმოდგენა თავის ფიზიკურ ძალაზე. ეს საშინელი და პოტენციურად სახიფათო სიტუაცია იქნებოდა.
ადამიანები უფრო ბონობოს ვგავართ თუ შიმპანზეს სექსუალობის ეთიკის თვალსაზრისით, ვართ თუ არა მიდრეკილები პოლიგამიისკენ ან მონოგამიისკენ?
ადამიანები ამ მხრივ უნიკალურები არიან, რადგან გვაქვს ბირთვული ოჯახი, რაც ნიშნავს, რომ კაცები ნაშიერზე ზრუნვის პროცესში ჩავრთეთ. მეტიც, თუ წაიკითხავ ანთროპოლოგის, სარა ჰარდის ნაშრომებს, ის ჩვენ "კოოპერაციულ შემჯვარებლებს" გვიწოდებს, რადგან ახალშობილის აღზრდაში მონაწილეობს არა მხოლოდ მამრი, არამედ მთელი საზოგადოება. ამრიგად, ადამიანებს განსხვავებული ოჯახის სტრუქტურა გვაქვს. შიმპანზეების და ბონობების შემთხვევაში შთამომავლობის აღზრდა მდედრზეა, მამრი კი თითქმის არაფერს აკეთებს. ადამიანებში ეს შეიცვალა, ეს ჩვენი სახეობისთვის უნიკალური სიტუაციაა. მამრის მიერ ნაშიერზე ზრუნვა შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივია ჩვენი სახეობისთვის, თუმცა მკაცრ მონოგამიაზე ამას ვერ ვიტყოდი.
კომენტარები