სომხური მედიები: ფაშინიანის მოთხოვნა ვირტუალური პრესკონფერენციების შესახებ "არადემოკრატიულია"
ორ სხვადასხვა განცხადებაში სომხეთის 50-მდე მედია ორგანიზაციამ პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ონლაინ პრესკონფერენციების ჩატარება დაგმო და ფორმატს "არადემოკრატიული" უწოდა.
პარასკევს საღამოს გამოცემამ, Armenian Times-მა, რომლის დიდი წილის მფლობელი ფაშინიანის სიდედრია, მთავრობიდან "საკუთარ წყაროზე" დაყრდნობით დაწერა, რომ ფაშინიანი პრესკონფერენციას დააანონსებდა — პრემიერმინისტრისთვის კითხვებს სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი წაიკითხავდა.
შაბათს ეს ინფორმაცია პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა დაადასტურა და პრესკონფერენცია 27 ივნისს 20:00 საათზე ჩაინიშნა.
Armenian Times-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ოპოზიციური ახალი ამბების მედიასაშუალებების რედაქტორებმა, გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც პრესკონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადეს და კითხვების გაგზავნაზე უარი თქვეს. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ბოიკოტს სამი ათეული რედაქტორი შეუერთდა.
"წინა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი "ონლაინ კონტაქტები" წინასწარ გაწერილი სცენარით ხდება. ღონისძიებაზე მხოლოდ სამთავრობო მედიების, ტელეგრამ არხებისა და ბლოგერების კითხვები ჟღერდება. ისინი ორგანიზატორებს, სავარაუდოდ, წინასწარ უთანხმდებიან, ხოლო სხვა მედიების კითხვები ან უგულებელყოფილია, ან დამახინჯებული", — წერია განცხადებაში.
მეორე განცხადება არაპარტიულმა მედიებმა, მათ შორის, Azatutyun-მა, რადიო თავისუფლების სომხურმა ბიურომ და Civilnet-მა გაავრცელეს და ფორმატი დაგმეს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მმართველის მიერ მედიასთან ურთიერთობის ეს ფორმა დისკრიმინაციული, არაეფექტურია და დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სომხური ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მთავარმა რედაქტორმა და განცხადების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჰაკობ კარაპეტიანმა OC Media-ს ამ გადაწყვეტილების მიზეზები დაუსახელა. მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პრემიერმინისტრისთვის გაგზავნილი კითხვები გადაკეთების და დამახინჯების რისკის ქვეშ დგას.
"ამიტომ ჩვენ, ოფისში გადავწყვიტეთ, რომ კითხვები საერთოდ არ გაგვეგზავნა და გაგვევრცელებინა განცხადება, სადაც ამ ფორმატის პრესკონფერენციებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იქნებოდა გამოხატული", — აღნიშნა მან.
მოგვიანებით განცხადებასთან შეერთება მედია ორგანიზაციებმაც გადაწყვიტეს.
"პრეიერმინისტრი მთავარ მიღწევებად ქვეყნის დემოკრატიზაციასა და მისი მთავრობის გამჭვირვალობას მიიჩნევს. გვსურდა გაფრთხილება ან სიგნალი გაგვეგზავნა მათთვის, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყნის დემოკრატიზაციას მხარს არ უჭერს", — უთხრა კარაპეტიანმა OC Media-ს.
მას ასევე აღნიშნა, რომ ასეთი "რეგრესიული ნაბიჯებით" სომხეთის იმ დღეებში ბრუნდება, როცა "ქვეყნის ლიდერების პრესკონფერენციებს წლები არ ატარებდნენ" ან მხოლოდ მათთვის "ძვირფასს" მედია საშუალებებს იწვევდნენ.
ფაშინიანი ონლაინ პრესკონფერენციებს 2021 წლიდან ატარებს — ის მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებს. თუმცა მედია ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პრემიერმინისტრისთვის გაგზავნილი მათი კითხვები ხშირად რედაქტირებული ან დამახინჯებულია.
კონფერენციის დაწყებამდე ფაშინიანის მომხრე რამდენიმე პოლიტიკოსმა განცხადებების ხელმომწერი მედიები გააკრიტიკა. პრემიერმინისტრის აპარატის უფროსის მოადგილემ, ტარონ ჩახოიანმა ოპოზიციური მედია საშუალებები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ "რევანშიზმის მაძიებელთა" ინტერესებს ემსახურებიან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები